გიორგი შატბერაშვილი - „იბერის ლექსი“

  08:24:25     05-09-2012

ცნობილი ქართველი პოეტი და მწერალი გიორგი ივანეს ძე შატბერაშვილი დაიბადა 1910 წლის 14 აპრილს, თბილისში. 1928 წელს ჩააბარა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, მაგრამ ისტორიამ უფრო გაიტაცა და უნივერსიტეტი 1932 წელს ისტორიკოსის დიპლომით დაამთავრა.

ლექსებს სკოლის ასაკიდან წერდა. მისი პირველი ლექსი დაიბეჭდა 1925 წელს გაზეთ „მოწაფის ხმაში". იმავე წელს მისი ლექსები წაუკითხავს დიდ მიხეილ ჯავახიშვილს, ახალგაზრდა პოეტი გულისფანცქალით ელოდა „განაჩენს“. შემდგომში, გიორგი შატბერაშვილმა ეს ამბავი აღწერა მშვენიერ წერილში „ჩემი პირველი მსაჯული”.

გიორგი შატბერაშვილის ლექსების პირველი კრებული გამოქვეყნდა 1932 წელს.

მისი პიესით, „დუშმანი", დაინტერესდა დიდი რეჟისორი სანდრო ახმეტელი. 1934 წელს მან ხსენებული პიესა რეჟისორ შალვა აღსაბაძეს დაადგმევინა თბილისის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის სცენაზე. 1933 წელს, პოეტმა, დაწერა ლექსი 'წერილი ახალგაზრდობას", 'დუშმანთან" ერთად გახდა ავტორის დაპატიმრებისა და შემდეგ კი შუა აზიაში, ალმა-ატაში გადასახლების მიზეზი. გაათავისუფლეს 1936 წლის მაისში. ჩამორთმეული ჰქონდა თბილისში ცხოვრებისა და ნაწარმოებების გამოქვეყნების უფლება.

პოეტი ცხოვრობდა კავთისხევში, თვალადში (შატბერაშვილების უბანში). ქვემოჭალაში, კავთისხევსა და კასპში, ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას, რუსულ ენას, ისტორიას.

სასჯელის მოხდის შემდეგ, 1944 წელს, მისცეს უფლება თბილისში დაბრუნებისა.

მისი რამდენიმე პიესა დაიდგა

1945-1949 წლებში მარჯანიშვილის თეატრში დაიდგა გიორგი შატბერაშვილის პიესები „ფიქრის გორა“, „რკინის პერანგი“, „ძველი სახლი“, „უცნობი ქალი“. 1949 წელს გამოვიდა მისი მოთხრობების წიგნი „უკვდავი ფესვი“. 1953 წელს მწერალი რეაბილიტირებულ იქნა.

შემდგომში გამოვიდა გიორგი შატბერაშვილის წიგნები: „მოთხრობები“ (1954), 'აიმ მთაზედა", 'სამაია" (1956), წერილებისა და ნარკვევების კრებული 'ნაფიქრი" (1959), 'მკვდრის მზე " (1960), 'ჩემს ძველ სახლში" (1960), პიესები (1963); საბავშვო წიგნები: 'კარგი ბიჭი" (1949 წ.), 'მტკვრის სათავისკენ" (1951), 'სათაფლია" (1958), 'ხილთა ქება" (1961), პოემა 'ზაფხულის ღამის ქრონიკები" (1963), 'ჭაშნიკი" (1964), 'პოეზია, პროზა" (1962). 1970 - 1975 წლებში გამომცემლობა 'საბჭოთა საქართველომ" გამოსცა გიორგი შატბერაშვილის თხზულებათა ოთხტომეული.

გიორგი შატბერაშვილის მოღვაწეობა მრავალმხრივი გახლდათ, იყო ფოლკლორისტი, ენათმეცნიერი. წლების მანძილზე მუშაობდა ქართული ჟურნალ-გაზეთების („დროშა", „ცისკარი“ ) რედაქციებში. გარდაცვალებამდე ჟურნალ 'მნათობის" რედაქციაში პროზის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. სხვადასხვა დროს გახლდათ მწერალთა კავშირის კონსულტანტი, ახალგაზრდა მწერლებთან მომუშავე კომისიის ხელმძღვანელი, პროზაიკოსთა სექციის თავმჯდომარე, არჩეული იყო საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის წევრად.

გიორგი შატბერაშვილი გარდაიცვალა 1965 წლის 20 აპრილს. ერთი კვირა არ იყო გასული, რაც 14 აპრილს, 55 წელი შეუსრულდა...

დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
გავიხსენოთ გიორგი შატბერაშვილის რამდენიმე ლექსი.

იბერის ლექსი

ოდეს მამაცი იბერი,
ცისა და ქვეყნის ასაკის,
ლაღი და თვალებცისფერი,
მცხეთის მახლობლად დავსახლდი;
წელს ხმალი მება ხალიბის,
ხელში გუთანი მეჭირა,
ქვის ტახტზე ვიწექ ყარიბი,
ვარსკვლავების ქვეშ მეძინა.
ნათელ თუ წყვდიად ღამეში
უღრანში ვჩეხდი ახოებს,
ხარი მყავდა და კამეჩი,
ვეძებდი საბალახოებს.
მივდექ, დასისხლულ თითებით
მცხეთას ავაგე ტაძარი,
გაღმამთას ჯვარი შევაბი,
არმაზს ვაფრქვიე ნაცარი...
ოდითგან თრობის მომგონი
და მოყვარული სინათლის,
ურჩი არაბის, მონგოლის,
პარტახში ვაზებს ვწინდავდი.
ვახარე შავფხა თავთუხი,
კაჟით მოვხატე კევრები,
რთვლობას ვაჟურად დავდუღდი,
ტკბილით დავავსე ქვევრები...
და აი, რასაც ვნატრობდი:
ღვინო და პური მახობლის,
მოდით, მსურველო დათრობის,
სიყვარულის და ლაღობის.
მოდით, ჰქუხს ქვევრი თავღია,
თაღარში ბორგავს მაჭარი,
ვაჰ, თუ მოვტყუვდი, ჭმახია
ნამცვრევი და ნაჭაჭარი!
მოგაწვდით, არ დაგაძალებთ,
გულს ნაპერწკალი აღინთეთ,
თუ გეწამებათ, აცალეთ -
დავაჟკაცდეს და დაღვინდეს!
თუ თქვენმა გულმა შეირგო
ნაჟური ჩემი ვაზების,
უმალ ალავერდს გადმოვალ
საალავერდო თასებით!

1946

მცხეთის გზაზე

ისევ მაისი, მცხეთის გზა...
გვისწრებენ მატარებლები.
გზის პირას ინაბებიან
ყვავილები და პეპლები.

ნეტავ მათ რაღა აშინებთ,
მათ ერთმანეთის საფერთა,
ნეტავ ვაგონის ფანჯრიდან
თვალი ვინ შემოგვაფეთა?

არა, წავიდეთ, დავეხსნათ
მაგ პეპელას და ყვავილსა,
ეტყობა, მათაც რიდი აქვთ
ცნობისმოყვარე თვალისა.

განა მაგათ კი არ უნდათ,
მინდვრის ყვავილის სადარო,
ბედნიერების ერთი დღე
თვალმოუკრავად ატარონ?!

1955 წელი