ბეჟან გუნავამ მარანგოზიანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა...

  14:43:11     04-09-2012

საქართველოს საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2012 წლის 3 სექტემბერს, ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში,  ამავე კომისიის წევრებმა მედეა ნეფარიძემ, ნინო ფხიკიძემ და „ქართული ოცნების“   წარმომადგენელმა ბეჟან გუნავამ საოლქო კომისიის თავმჯდომარეს ჰასმიკ მარანგოზიანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

აღნიშნულ ფაქტს,  მმართველმა გუნდმა დღესვე უწოდა ქსენოფობიის გამოვლინება.

როგორც პარტიის ოფისში მმართველი პარტიის წევრმა სერგო რატიანმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის მიზანი,  ეთნიკური შუღლის გაღვივებაა.

„მათი ბოლოდროინდელი ენა გვაფიქრებინებს, რომ კოალიციის  მიზანს, საქართველოში ქსენოფობიური განწყობის გაღვივება წარმოადგენს. მათი მიზანი ეთნიკური შუღლის დათესვაა“- აღნიშნა რატიანმა.

რატიანმა ბიძინა ივანიშვილს მოუწოდა,  ამომრჩეველს გასცეს პასუხი, არის თუ არა ეს საქციელი „ქართული ოცნების“ ახდენის წინაპირობა.

„მაინტერესებს, არის თუ არა ეს 21-ე საუკუნეში ქართველებისთვის შესაფერისი ურთიერთობის ფორმა. ჩვენ უნდა შევახსენოთ ბიძინა ივანიშვილს და მის ქართულ ოცნებას, რომ ქართველი ხალხისთვის საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრები, ნებისმიერი ეთნიკური და აღმსარებლობის წარმომადგენელი არ არის უცხო. ის არის ქართული ნაციონალური სახელმწიფოს ნაწილი“.

„პრესა.ჯი–მ“  ინფორმაციის გადამოწმება,  ბეჟან გუნავასთან სცადა, რომელმაც ჩვენთან საუბარი, მოუცლელობის გამო არ ისურვა.  რაც შეეხება კოალიციის პოზიციას,  ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე,  ტრადიციულად, კოალიციაში შემავალი სუბიექტების „ხულიგნობის“ ფაქტებს „პრესა.ჯი“-საგან იგებს.

მაია ფანჯიკიძე:  „ვერაფერს გეტყვით, რადგან ბეჟან გუნავასთან არ მისაუბრია. დაურეკეთ და მასთან გაარკვიეთ“.

„პრესა.ჯი“: თქვენ კოალიციის პრეს–სპიკერი ბრძანდებით და წესით, კოალიციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი თემით უნდა ინტერესდებოდეთ... არც მმართველი გუნდის შეფასება მოგისმენიათ?

- მმართველი გუნდის შეფასება არ მომისმენია, ზოგადად მოგახსენებთ იმ დამოკიდებულებას, რაც  „ქართულ ოცნებას" საქართველოში მცხოვრები ეროვნული თუ სხვა უმცირესობების მიმართ გააჩნია.

მიგვაჩნია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე თანასწორია და საქართველო ყველა მათგანს თანაბრად ეკუთვნის. ჩვენ,  მათთან,  სისტემატიური ურთიერთობა გვაქვს.

დამატებით ინფორმაციას,  ამ ეტაპზე არ ვფლობთ.