
ევროკომისრები: არჩევნებზე პასუხისმგებლობა, როგორც მთავრობას, ასევე ოპოზიციას ეკისრება
12:33:18     04-09-2012
ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა კომისარმა ქეთრინ ეშტონმა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა შტეფან ფულემ 2012 წლის 1 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გააკეთეს.
ევროკომისრებს მიაჩნიათ, რომ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის გადამწყვეტი იქნება და ევროკავშირ–საქართველოს მომავალი ურთიერთობების ხარისხსა და ინტენსივობას განსაზღვრავს.
ეშტონისა და ფულეს განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველო დემოკრატიის კონსოლიდაციის ამოცანის წინაშე დგას და ევროკავშირი საქართველოში დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებს დიდ მოლოდინს უკავშირებს.
ევროკომისრები ასევე შეშფოთებას გამოთქვამენ წინასაარჩევნო დაპირისპირებაში მზარდი დაძაბულობის გამო. „შეშფოთებული ვართ ამ კონტექსტში არსებული მზარდი პოლარიზაციით და დაძაბულობით – არჩევნები პირველ რიგში უნდა იყოს პოლიტიკურ პროგრამებსა და იდეებზე დაფუძნებული.
ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავთ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც აკისრია, როგორც მთავრობას, ასევე ოპოზიციას, რათა არჩევნების სათანადოდ ჩატარება და მათი ლეგიტიმურობა უზრუნველყონ. საარჩევნო კანონმდებლობა დაცული უნდა იყოს და მისი აღსრულებისას საარჩევნო პროცესის სამართლიანობისა და კანონის უზენაესობისადმი ნდობა უნდა შენარჩუნდეს“- ნათქვამია ევროკავშირის მაღალი რანგის პირთა განცხადებაში.
ქეთრინ ეშტონი და ფულე მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას და ოპოზიციას, რომ გააგრძელონ მშვიდობიანი მოქმედებისთვის ხელსაყრელი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემოს შექმნა და ასევე ჯანსაღი მედიაგარემოს უზრუნველყოფა.
„ყველა პარტიამ და კანდიდატმა ხელი უნდა შეუწყოს მშვიდ და ხელსაყრელ საარჩევნო გარემოს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისა და დაძაბულობის გამომწვევი განცხადებებისაგან, რომლებმაც შესაძლოა, არჩევნების შედეგების შესახებ ეჭვები დათესონ. საქართველო ევროკავშირისათვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ბრიუსელი ამ ქვეყანასთან უაღრესად დინამიური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას ემხრობა.
ევროკავშირთან ასოცირების შესახებ მოლაპარაკებების პროცესი, რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების დადებასაც მოიცავს, წარმატებით მიმდინარეობს. ვადასტურებთ ჩვენს სურვილს, რომ ეს შეთანხმება მომავალ წელს გავაფორმოთ“ – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადების ბოლოს ეშტონი და ფულე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას ადასტურებენ. გარდა ამისა, ევროკავშირის სახელით გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ ევროკავშირი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მონაწილეობით და საქართველოში მოქმედი სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით, აქტიურ როლს შეასრულებს.
ევროკავშირის უმაღლესი რანგის პირთა განცხადებას უკვე გამოეხმაურნენ მმართველ გუნდში. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეს–სპიკერის ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, ეს არის კიდევ ერთხელ აღიარება იმისა, რომ საქართველოში რეფორმები გრძელდება კონკრეტულად დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით ბრიუსელში იმყოფება. დელეგაცია დანარჩენ წევრებთან ერთად, ბრიუსელში იმყოფებიან ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თორნიკე გორდაძე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი, უკვე შეხვდა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულეს.
როგორც შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ევროკომისართან შეხვედრის დროს საუბარი იყო წინასაარჩევნო გარემოზე. მერაბიშვილის თქმით, შედგა შეთანხმებაც.
„ შევთანხმდით, რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარდება შედის პირველ რიგში ქართველი ხალხის ინტერესებში. ამავე დროს ეს დაეხმარება საქართველოს მოახდინოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია და მიიღოს საქართველომ და საქართველოს მოსახლეობამ მეტი სარგებელი იმ სიკეთისაგან, რომელსაც საქართველოში დემოკრატიის გამარჯვება ითვალისწინებს,“-განაცხადა მერაბიშვილმა შტეფან ფულესთან შეხვედრის შემდეგ.