ახალი დეტალები ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ...

  21:01:12     03-09-2012

ლოპოტას ხეობაში ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შესახებ შს სამინისტრომ დღეს, ახალი დეტალები გაახმაურა. კერძოდ, შს სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილ დივერსანტებს შორის საქართველოს ორი მოქალაქეა...

"საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს მოგაწოდოთ ახალი ინფორმაცია ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულ პირთა ვინაობის შესახებ. ცხედრების ექსპერიზის, მათი დათვალიერებისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შესაძლებელი გახდა 11 ლიკვიდირებული პირიდან  7 ცხედრის   ვინაობის დაზუსტება.

იდენტიფიცირებული 7 ცხედრიდან საქართველოს ორი მოქალაქეა. ასლან მარგოშვილი (დაბადების თარიღი: 28/06/1990), ბაჰაუდინ ქავთარაშვილი (დაბადების თარიღი 07/02/1986)

5 ცხედარი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ჩრდილოეთ კავკასიიდან... აქედან ერთ-ერთი ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი არის დაბადებული გროზნოში 1986 წლის 10 თებერვალს და მას ნათესავები ჰყავს პანკისის ხეობაში.

დანარჩენი იდენტიფიცირებულიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან:  დუკვახა დოშუევი (დაბადების თარიღი:19/01/1968   დაბადების ადგილი: ჩეჩნეთი, ქ. ვეგენო),

სალამ ზაურბეკოვი (დაბადების თარიღი: 14/12/1991   დაბადების ადგილი: ჩეჩნეთი, ქ.გროზნო),

ხაშიევ ჯაბრაილი (დაბადების თარიღი: 24/01/1989 დაბადების ადგილი: ინგუშეთი),

მუსა ადუევი (დაბადების თარიღი: 28/03/1981  დაბადების ადგილი: ქ. გროზნო)" - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

„პრესა.ჯი“: აღნიშნული სპეცოპერაციის შესახებ შს სამინიტროს პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, სალომე მახარაძეს დაუკავშირდა... 

„პრესა.ჯი“: თავდაპირველად ითქვა, რომ დაღუპულ დივერსანტებს შორის არც ერთი არ იყო საქართველოს მოქალაქე... თუმცა, დღეს საპირისპირო ინფორმაცია გავრცელდა... 

სალომე მახარაძე: დიახ, საწყის ეტაპზე, ექსპერტიზის ჩატარებამდე, შს სამინისტრო ფლობდა ინფორმაციას, რომ გარდაცვლილ დივერსანტებს შორის, არცერთი არ იყო საქართველოს მოქალაქე. 

ამიტომ, საწყის ეტაპზე, რა ინფორმაციასაც ვფლობდით, ის გავრცელდა... თუმცა, მას შემდეგ, რაც ცხედრებს ჩაუტარდა ექსპერტიზა და გარდაცვლილთა იდენტიფიცირება მოხდა, დადგინდა რომ მათ შორის საქართველოს ორი მოქალაქე იყო... ბუნებრივია, რომ შს სამინისტრომ საზოგადოებას ამის შესახებაც აცნობა...