სომხურ-აზერბაიჯანულ-უნგრული სკანდალი ღრმავდება: სარქისიანი ომზე ალაპარაკდა
13:34:23     03-09-2012
რამდენიმე დღის წინ, უნგრეთში გასამართლებული და სამუდამო პატიმრობამისჯილი აზერბაიჯანელის, რამილ საფაროვის აზერბაიჯანისთვის გადაცემას, ალიევის მიერ კი, მის შეწყალებას სომხეთში სკანდალი მოჰყვა.
ერევანმა აზერბაიჯანი და უნგრეთი მკვლელის მფარველობაში ამხილა, პრეზიდენტმა სარქისიანმა კი, პირადად თქვა, რომ ამიერიდან წყვეტენ დიპლომატიურ ურთიერთობებს უნგრეთთან.
სარქისიანმა საფაროვის შემთხვევა პირდაპირ დაუკავშირა ყარაბაღის საკითხს და განაცხადა, რომ უნგრეთ-აზერბაიჯანის ქმედებები ხელს არ შეუწყობს და გაართულებს ყარაბაღის თემაზე მოლაპარაკებებს. მეორე დღეს კი ყარაბაღის ე.წ. დამოუკიდებლობის თარიღთან დაკავშირებით სარქისიანმა აღნიშნა, რომ სომხეთს ომი არ სურს, მაგრამ თუ მას თავს მოახვევენ ომს, ის მზადაა და გაიმარჯვებს კიდეც.
კონფლიქტი მართლაც ღრმავდება. სომხეთის პარლამენტი, 5 სექტემბერს საგანგებო სხდომის მოწვევას აპირებს, რომ საფაროვის საკითხზე იმსჯელოს.
მანამდე კი, უკვე 1 სექტემბრიდან მოყოლებული, სომეხი ჰაკერები აზერბაიჯანულ საინფორმაციო რესურსებს უტევენ, მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურებისა და პრეზიდენტ ალიევის საიტს. იუსტიციის სამინისტროს საიტზე კი ანტი–აზერბაიჯანული მასალები განათავსეს.
უფრო ადრე კი უნგრეთის საელჩოსთან აგრესიული აქციაც მოაწყვეს და უნგრეთის დროშა დაწვეს. სარქისიანის თქმით, ეს იმიტომ მოხდა, რომ უნგრეთის ხელისუფლება, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს წევრია, აზერბაიჯანთან გარიგებაში შევიდა.
რაც უფრო მეტად ღიზიანდება სომხეთი, მით მეტად გულუხვობას იჩენს აზერბაიჯანი რამილ საფაროვის მიმართ. გუშინ, მისთვის ბინის ჩუქების შესახებ გავრცელდა ცნობა, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ მთავარ გამაღიზიანებელზე, რომ როგორც ერევანში ამბობენ, ბაქო მკვლელს ეროვნული გმირივით შეხვდა. საფაროვმა კი განაცხადა, რომ კვლავაც მზადაა ჩადგეს სამშობლოს სამსახურში მტრის წინააღმდეგ.
რამილ საფაროვი, 2004 წელს, სომეხი სამხედროს მკვლელობაშია ბრალდებული. მან ოფიცერი გურგენ მარგარიანი მოკლა, რომელთან ერთადაც უნგრეთში ნატოს პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდა.
საფაროვის თქმით, გურგენიანმა Aაზერბაიჯანის დროშა და შეიარაღებული ძალები შეურაცხყო, რის გამოც მას ნაჯახით 16 ჭრილობა მიაყენა. საფაროვს, 2006 წელს, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, რამდენიმე დღის წინ კი, მისი აზერბაიჯანში ექსტრადირება მოხდა, რის შემდეგაც, ფაქტობრივად, იმავე დღეს, ალიევმა საფაროვის შეწყალებას მოაწერა ხელი და მას დახვედრის საზეიმო ცერემონია მოუწყვეს.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამ შემთხვევამ შესაძლოა, მართლაც, უკიდურესად დაძაბოს სიტუაცია. თუ სადამდე მივა სომხეთის პროტესტი და რა ფორმით გაგარძელდება ის მომავალში, ჯერ უცნობია. ყოველ შემთხვევაში, ერევანი აცხადებს, რომ არავის არაფერს აპატიებს.
ასევე ცნობილი გახდა, რომ საფაროვის შეწყალებისა და სკანდალის განვითარების შემდეგ, უნგრეთმა აზერბაიჯანის ელჩს ოფიციალური პროტესტი გამოუცხადა.