რუსები აფხაზეთში: ჯერ ფულს დებენ, მერე კარგავენ, მერე სცემენ და ბოლოს უკანმოუხედავად გარბიან

  13:22:00     01-09-2012

აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენას დახარბებული რუსები მორიგ აფიორაში გაეხვნენ.

ჯერ იმაში შეცდნენ, რომ საერთოდაც, იქ ბიზნესი წამოიწყეს. ორი პეტერბურგელი ბიზნესმენი ახლა დაკარგულ მილიონებს მისტირის, პარტნიორი თაღლითი ქალბატონის ქმართან და ჩინოვნიკ ძმასთან არკვევს საქმეებს, აფხაზეთის პროკურატურა კი სრულებითაც არ ჩქარობს რუსებს სამართალი აღუდგინოს.

მაგრამ სკანდალს სხვა დაზარალებულებიც ჰყავს და ეს, შესაძლოა, სანკტ-პეტერბურგელ მოქალაქეთა მთელი არმია იყოს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ზღვისპირეთში სახლები იყიდეს, სინამდვილეში კი ხელში ყალბი საბუთები უჭირავთ, მათ შეძენილ ქონებაში კი ადამიანები ცხოვრობენ.

ასეთი აფიორები აფხაზეთში პირველად არ ხდება, თუმცაღა რუსები მაინც იწევენ ოკუპირებული რეგიონისკენ და როგორც წესი, მწარედ მოტყუებულები რჩებიან.

პეტერბურგელმა ბიზნესმენებმა ალექსეიმ და სერგეიმ აფხაზ ლალისთან ერთად ერთობლივი საწარმო დააფუძნეს და ორ წელიწადში თითქმის 17 მილიონი ჩადეს ბანერებში, რეკლამაში, ინტერნეტში, საიტის შექმნაში, ქირაში და მოგებასაც მოთმინებით დაელოდნენ.

ერთ-ერთ ეტაპზე კი, როცა აფხაზმა პარტნიორმა ანგარიშების წარდგენაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ დოკუმენტები საგადასადო სამსახურმა წაიღო, აფიორა გასკდა.

იმავდროულად, დაზარალებული კლიენტიც გამოჩნდა, რომელიც გარიგების დოკუმენტებს მოითხოვდა. ამას სხვა მოტყუებულთა არმიაც მოჰყვა.

გაირკვა, რომ `მილიონიანი ბანერები~, სულ რაღაც ერთი თვე ეკიდა, საგადასახადოს კი არანაირი დოკუმენტები არ წაუღია.

სამაგიეროდ, აფხაზი პარტნიორი კლიენტებზე ყალბ დოკუმენტებს გასცემდა, ლამის, მინისტრების მიერ ხელმოწერილებს. მთავარი ამბავი კი ის არის, რომ პეტერბურგელებზე ყიდდა სახლებს, რომლებსაც პატრონები ჰყავდათ.

რუსმა ბიზნესმენებმა საქმის გარკვევა დაიწყეს. ეს ამბავიც აფხაზურად დაიწყო: ჯერ პარტნიორის ქმართან მივიდნენ, მერე კი მის ძმასთან, რომელიც ჩინოვიკი ყოფილა. ბოლოს კი პრკურატურაში იჩივლეს.

- ვფიქრობთ, რომ კიდევ არიან დაზარელებულები, რომლებმაც არ იციან, რომ ყალბი დოკუმენტები უჭირავთ ხელში და ფიქრობენ, რომ აფხაზეთში სახლები აქვთ - ამბობენ ბიზნესმენები.

მაგრამ ხვდებიან, რომ ჩინოვნიკი ძმის მყოლ პარტნიორთან ვერაფერს გახდებიან. აფხაზეთის პროკურატურასაც დიდად არ ადარდებს რუსების ჰაერზე გადაყრილი ფული და საქმეს უკვე დიდი ხანია აჭიანურებს.

ამ ისტორიის ბოლო კი, სულაც არ არის გამორიცხული, რუსი ბიზნესმენის, ვაროვის ბოლოს მსგავსი იყოს, რომელსაც წლების წინ აფხაზმა პარტნიორებმა ჯერ ფული ჩაადებინეს, მერე კი გემრიელად ბოთლები ურტყეს თავში, პროკურატურამ კი პასუხი ისევ ვაროვს მოსთხოვა.