ივანიშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა ფარულ გადაღებას, რესტორნის მიმტანებს ავალებდა

  08:44:29     01-09-2012

ოლიგარქმა ივანიშვილმა დღეს პარტიის სიის პირველი ათეული დაასახელა.

ივანიშვილის თქმით, პარტიის სიის პირველი ნომერი კახა კალაძე იქნება. შემდეგ მანანა კობახიძე, ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი, გუბაზ სანიკიძე, გოგი თოფაძე, ზვიად ძიძიგური, ვანო კიღურაძე, დავით საგანელიძე და ირაკლი ღარიბაშვილი. სიის ოცეულში შედიან დავით ბერძენიშვილი, მაია ფანჯიკიძე, ნოდარ ხადური, თედო ჯაფარიძე და გიორგი გაჩეჩილაძე. პარტიის სია ორასკაციანია.

ოლიგარქმა დღეს ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა.  შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა დღეს „მაესტროს“ ეთერში განაცხადა, რომ  პედაგოგებს თავისუფლების ფასად დაუჯდებათ მმართველი პარტიის მხარდაჭერა და აგიტატორობა.

კოალიციის ლიდერმა „პრესა.ჯი“-ს შეკითხვაზე პასუხის გაცემის დროსაც იგივე გაიმეორა... „ არა მხოლოდ პედაგოგები, მოსამართლეებიც ჩემი აზრით უნდა გასამართლდნენ. ჩვენ სასამართლოში შევიტანთ სარჩელს ამ პედაგოგებზე და მოსამართლეებზეც და მათ პასუხი უნდა აგონ ყველა იმ უკანონობაზე, რომელიც ჩაუდენიათ. ჩვენ ამის მტკიცებულებები გაგვაჩნია“.

„პრესა.ჯი“ს შეკითხვაზე, აპირებს თუ არა ის პედაგოგების დაპატიმრებას, თუკი ამის საშუალება მიეცემა, ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ის ამას გააკეთებს. ამასთან კოალიციის ლიდერმა ტელეეთერში ისიც განაცხადა, რომ მათ აქვთ ვიდეოკადრები, რომელიც პედაგოგების აგიტატორობის პროცესშია გადაღებული.

ბიძინა ივანიშვილი: გვაქვს ფოტოები და გადაღებული ფირები, რომელიც მათ მიერ კანონდარღვევას ასახავს.

„პრესა.ჯი“: ვინ აგროვებს  ვიდეომასალას?

ბიძინა ივანიშვილი:  ეს შესაძლოა რესტორნის მიმტანს, ან რესტორნის მეპატრონისთვის გეთხოვათ... ამას მარტივად გააკეთებდა. გადაიღებდა მასალას.

- თქვენ ავალებდით რესტორნის მეპატრონეებსა და მიმტანებს, რომ გადაეღოთ ფარულად მოქალაქეებისთვის?

- ძალიან მარტივად ხდებოდა ეს. არც მალავდნენ ამას. თვითონაც აკეთებდნენ აგიტატორები.

- თავის საქმიანობას ფირზე არავინ ასახავს. ამას ხომ სჭირდება ჯგუფი, რომელიც ორგანიზებას გაუკეთებს?

- თვითონ მონაწილეები იღებდნენ ამას. მათში იყვნენ ისეთებიც, რომლებიც იღებდნენ და აფიქსირებდნენ ფირზე ამ ყველაფერს, შემდეგ კი, ჩვენთან მოჰქონდათ. დღემდე მოაქვთ ჩვენთან მასალები...