მიხეილ ჯავახიშვილი: „ მოჰკლეს პოეტი”
11:09:34     31-08-2012
1907 წლის 30 აგვისტოს (ახალი სტილით 12 სექტემბერს), ავაზაკებმა მოკლეს ილია ჭავჭავაძე.
მართალია, ახალი სტილით ცხოვრობს დღეს ილიას სათაყვანებელი საქართველო, მაგრამ მისი გარდაცვალების თარიღი იმდენად ტრაგიკულია, რომ შეიძლება ძველი სტილითაც აღვნიშნოთ და ახლითაც...
ილია ჭავჭავაძის წინაშე მუდამ ვალში ვართ, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენმა „თანამოქალაქეებმა“ მოკლეს (თუმცა ისინი „ჩვენნი“ არ შეიძლება იყვნენ), არამედ იმიტომ, რომ ილია ჭავჭავაძის დამსახურება უზარმაზარია. და რაც დრო გადის, მატულობს მისი იდეოლოგიის მნიშვნელობა.
ქართველმა ხალხმა ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ქართველად ილია ჭავჭავაძე დაასახელა. ჩანს ილია ჭავჭავაძეს ტყუილად არ უღვაწია, როგორც მამულიშვილს და ტყუილად არ დაუსრულებია სიცოცხლე, როგორც მარტვილს...
ზოგიერთ ქვეყანაში ამგვარ გამოკითხვებში დიდ მამულიშვილებს უცხო ქვეყნელმა სპორტსმენებმა აჯობეს (არ მგონია იმგვარ ქვეყნებს ეროვნული მომავალი შერჩეთ).
ეს დღე მუდამ ტკივილიანი იქნება ქართველობისათვის, როგორც ტრაგედიის, დიდი ადამიანის დაკარგვის დღე და როგორც სირცხვილის დღე...
84 წლის მერე მსგავსი გაიმეორეს ისევ ჩვენმა „თანამოქალაქეებმა“, და მოკლეს ილიას საქმის გამგრძელებელი...
ზვიად გამსახურდიას მკვლელობამდისაც, 1937 წლის შემოდგომაზე, ასევე 30 აგვისტოს, ავაზაკების მიერ გაწირული, ავაზაკებმავე დახვრიტეს დიდი მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი, ილიას საქმის გამგრძელებელი.
დღეს გავიხსენოთ დიდი მიხეილის სამგლოვიარო გულისძახილი ილიას მკვლელობის გამო... წერილი გამოქვეყნდა 1907 წლის 1 სექტემბერს „ისარში“, ფსევდონიმით - მ.ად-ლი (მიხეილ ადამაშვილი). იმ დროს მიხეილ ჯავახიშვილი უკვე ცნობილი მწერალი იყო.
რა იცოდა მიხეილმა, რომ მასაც მსგავსი ბედი ელოდა.
იმედია, დასრულდება ავაზაკების არსებობა ჩვენს ქვეყანაში, ილიას ქვეყანაში...
თუმცა, ჩემი აზრით, დიდი პიროვნების მკვლელი ავაზაკების არსებობა შეწყდება მაშინ, როცა ჩვენი ქვეყანა მოიცილებს უცხოთა გავლენას, განსაკუთრებით ჩრდილოურს...
მიხეილ ჯავახიშვილი: “მოჰკლეს პოეტი”
უღვთო იყო შენი სიკვდილი!
კალამი მითრის… ენა მებმის… აზრი მერევა.
ტყვიით განგმირეს მღცოვანი გული მღცოვანის პოეტისა და გვამი მისი დააგდეს მტვრიან შარაგზაზე.
განგმირეს ის გული, რომელიც ნახევარ საუკუნის განმავლობაში ჩვენთვის იღწვოდა ღვთაებრივ ცეცხლის ალზე, ჩვენთვის თრთოდა და ჩვენთვის ფეთქავდა.
მოჰკლეს პოეტი, რომელიც ნახევარი საუკუნის განმავლობაში თავის კისრით ატარებდა ქართულ ლიტერატურას, რომელმაც შეჰქმნა ქართული ენა, ქართული პრესა, ქართული მწერლობა.
მოჰკლეს და შარაგზაზე დააგდეს ის ილია, რომელიც 40 წლის განმავლობაში ბატონობდა ჩვენს საზოგადოებრივ აზროვნებას, საზოგადოებრივ მოღვაწეობას, ეროვნულ იდეას.
მოჰკლეს და ტყეს შეაფარეს საუკუნოდ შერცხვენილი თავი, თითქო იმ ტყეს შეეძლოს მათი პირისახიდან ჩირქის ჩამორეცხა, თითქო მას შეეძლოს მათი დამალვა და თითქო იქ კი არ დაუხვდებათ სამარცხვინო ბოძი, რომელხედაც ცეცხლის ასოებით ეწერება:
“ამ ნაძირლებმა მოჰკლეს პოეტი!”
ვის ან რად უნდოდა ბრძოლაში დაფლეთილი გული პოეტისა, რად უნდოდა მისი დაღლილ-დაქანცული სული და ჯანგამოლეული სხეული? ბრძოლის ველიდან გასულ მეომარს, დატანჯულსა და დაქანცულ პოეტს უფლება ჰქონდა მშვიდად დაელია თავისი სიცოცხლე, დაესვენებინა დაიარავებული სხეული და სიბერეში მაინც აენაზღაურებინა ის დანაკლისი სულიერ მშვიდობიანობისა, რომელიც ახალგაზრდობაში მსხვერპლად მიუტანა საზოგადოებრივ მოღვაწეობისა და ქართულ ლიტერატურის საკურთხეველს.
მაგრამ ავ სულს შეჰშურდა მისი მშვიდობა და ისედაც მოწამლული სული აწამა და ჯვარს აცვა. ვინ იყვნენ ის უმეცარი და უგუნურნი ბარბაროსები? ვინ აღმართა მახვილი პოეტის წინააღმდეგ! ვინ მოუშხამა უკანასკნელი წუთები მოშხამული სიცოცხლისა?
არავინ არაფერი არ იცის: დაუხვდნენ შარაგზაზე, გაუგმირეს გული, აქვე დააგდეს მისი გვამი და ტყეს შეაფარეს თავი. ცხადია მხოლოდ ის, რომ პოეტის მკვლელები დაიბადნენ ბნელი რეაქციის უფსკრულში. საზოგადოებრივი აღფრთოვანება შეიცვალა საზოგადოებრივ დაღლილობაზე, ზნეობრივი ნორმები – თავგასულ ავაზაკობაზე, უფლება – ძალაზე, ხოლო გუშინდელი ბრძოლის ველი, რომელიც გაჟღენთილია თავგანწირულ წმინდათა სისხლით, დღეს ხელში ჩაუვარდათ, ტყის ნადირებსა და ავაზაკებს. ღამის წყვდიადში ტყეებიდან და სოროებიდან გამოილალნენ ტურები და მგელკაცები და დაერივნენ ყველას, ვინც ახლო-მახლო მოჰხვდათ. იმსხვერპლეს რამდენიმე მოღვაწე და ეხლა არც მხცოვანი პოეტი დაინდეს. მისმა ცხოვანმა მკერდმა, ლიტერატურულ ისრებსა და შურდულებს ნაჩვევმა მკერდმა, ცხელი ტყვიაც მიიღო და სამუდამოდ გააცივა დღემდის ძალუმად მფეთქავი და ღვთაებრივი აღგზნებული გული.
მოკვდა პოეტი! მოკვდა სხეული, მაგრამ არ მომკვდარა მისი სული და დიდება და არც მოკვდება იმ დრომდის, სანამ სძგერს გული ქართველისა, სანამ არსებობს თვითონ ქართველი, სანამ არსებობს მისი ენა, ილიასაგან გაფაქიზებული და ქართული კალამი და წიგნი ილიასაგანვე განმტკიცებული და გასუფთავებული.
მცხოვანო პოეტო!
“უღვთო იყო შენი სიკვდილი!”