გერონტი ქიქოძე – “მოგონება მიხეილ ჯავახიშვილზე”

  11:07:57     31-08-2012

30 აგვისტოს ვერასოდეს დაივიწყებს ქართველი ხალხი, ჯერ იყო და 1907 წელს მოკლეს დიდი ილია, 1937 წელს კი დიდი მიხეილი...

ჩვენს მკითხველს დღეს შევთავაზეთ მიხეილ ჯავახიშვილის წერილი „მოჰკლეს პოეტი“, რომელიც ეხება დიდი ილიას მკვლელობას. ახლა კი პრესა.გე-ს მკითხველებს შევახსებთ გერონტი ქიქოძის
მოგონებას მიხეილ ჯავახიშვილზე.

„რუსულ-ქართული ჟარგონი, დამახინჯებული ქართული წარწერა მაღაზიის აბრაზე ან დაწესებულების ფასადზე თითქოს პირად შეურაცხყოფას აყენებდა“ - წერს გერონტი ქიქოძე და ამ ფრაზით უკვე ნათქვამია ბევრი რამ.

ქართული მწერლობას 1921 წლის 25 თებერვალმა, საქართველოს დაპყრობამ რუსული იმპერიის მიერ და ჩვენს ქვეყანაში ბოლშევიკური რეჟიმის დამკვიდრებამ, დიდი დარტყმა მიაყენა.

1937 წლის 22 ივლისს, მწერალთა კავშირის სასახლეში პროტესტის ნიშნად თავი მოიკლა დიდმა პოეტმა პაოლო იაშვილმა, მიხეილ ჯავახიშვილს უთქვამს: „ნამდვილი ვაჟკაცი ყოფილა, ყველას გვაჯობაო“.  ეს ამბავი მისულა რესპუბლიკის ხელმძღვანელობის ყურამდე... მანამდეც ბოლშევიკები უკმაყოფილო იყვნენ მიხეილ ჯავახიშვილის მოღვაწეობითა და ბიოგრაფიით.

პაოლოს გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, მწერალთა კავშირის პრეზიდიუმმა, რესპუბლიკის ხელმძღვანელობის დაკვეთით, მიიღო გადაწყვეტილება: „მიხეილ ჯავახიშვილი, ჯაშუში და დივერსანტი, განდევნილ იქნას მწერალთა კავშირიდან და ფიზიკურად განადგურდეს“.

მიხეილ ჯავახიშვილი დააპატიმრეს 1937 წლის 14 აგვისტოს. მისი წამება დიდ ხანს გაგრძელდა. 30 სექტემბერს მეოცე საუკუნის ერთი-ერთი უდიდესი ქართველი მწერალი დახვრიტეს. ბოლშევიკებმა გაანადგურეს მისი არქივის დიდი ნაწილი. მერე დაიჭირეს მწერლის ძმაც და ისიც დახვრიტეს. მეუღლე კი გადაასახლეს.

დიდი მწერალი წერდა: „ჩემი ნამდვილი წინაპრები ჯავახიშვილები არიან. ჩემს წინაპარს, ვინმე ჯავახიშვილს, ქართლში კაცი შემოკვდომია, იქიდან გამოქცეულა, ქიზიყში გადასულა და იქაური გვარი, ტოკლიკაშვილი აუღია. შემდეგ, ბორჩალოში რომ გადმოვედით, იქ ადამაშვილის გვარით ვცხოვრობდით. პაპაჩემი ხომ ადამა იყო და გვარად ადამაშვილი ავიღეთ. მე აღვადგინე და დავიბრუნე ჩვენი გვარი“.

მისი ცხოვრება ტრაგიზმით იყო სავსე. მომავალი მწერალი სწავლობდა ჯერ წინამძღვრიანთკარის, შემდეგ ყირიმის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელში, რომელიც არ დაუმთავრებია ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის გამო: ავაზაკებმა მოუკლეს დედა და და,  მამა უბედურებას გადაჰყვა.

1901 წელს საქართველოში დაბრუნდა. პირველი მოთხრობა „ჩანჩურა“ 1903 წელს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოაქვეყნა.

ეწეოდა ჟურნალისტურ მოღვაწეობას, რედაქტორობდა გაზეთ „ივერიას“ (1904) და „გლეხს“ (1906). მწვავედ აკრიტიკებდა მეფის ხელისუფლებას რეპრესიების გამო (სტატიათა ციკლი „გლეხის წერილები“). 1907 წელს იძულებული გახდა გაცლოდა ცარიზმის რეჟიმს და საფრანგეთში გაემგზავრა. სწავლობდა პარიზის უნივერსიტეტში, იმოგზაურა ევროპაში. 1909 წელს სხვისი პასპორტით დაბრუნდა საქართველოში. 1910 წელს დააპატიმრეს და გადაასახლეს. 1913 წლამდე დონის როსტოვში ცხოვრობდა, 1913 წელს კვლავ დაბრუნდა სამშობლოში.

მიხეილ ჯავახიშვილი იყო ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე. 1917 წლიდან გახლდათ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი და შედიოდა ამ პარტიის მთავარ კომიტეტში. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) ბოლშევიკური რუსეთის მიერ ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის (1921 წლის თებერვალი-მარტი) შემდეგ იყო საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე: 1922-1924 წლებში იგი შედიოდა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტში და აქტიურად მონაწილეობდა 1924 წლის აგვისტოს აჯანყების მომზადებაში.

რა თქმა უნდა, საქართველოსა და კაცობრიობის მტრები, ამგვარ ბიოგრაფიას როგორ აპატიებდნენ დიდებულ მწერალს. ბევრ „პროლეტარ მწერალსაც“ შურდა მისი ბრწყინვალე ტალანტისა...

აქვე ერთი ფრაზა გავიხსენოთ მიხეილ ჯავახიშვილის უბის წიგნაკიდან:

„ბოლშევიზმი უმწიკვლო და უზადო სარკეა რუსის ხალხის. იგი მისი შვილიც არის, დედაც, შობილიც, მშობელიც. ორივ ერთია, განუყრელია. ვინც ეს ჭეშმარიტება გაიგო, მან ყოველივე გაიგო. დროა გათავდეს უუყალბესი ზღაპარი, ვითომ ხალხი სხვა იყოს, ბოლშევიზმი კი - რაღაც განაწყენებული, ციდან ჩამოვარდნილი რისხვა. ვინც ასე მსჯელობს, თავს ვერ დააღწევს სქოლასტიკურ პოლიტიკას ან პოლიტიკურ სქოლასტიკას“.

ახლა კი გერონტი ქიქოძის მოგონება. მიხეილ ჯავახიშვილზე საუბარი სხვა დროსაც, და ხშირად, აუცილებლად გვექნება.

გერონტი ქიქოძე – “მოგონება მიხეილ ჯავახიშვილზე”

პირველად მიხეილ ჯავახიშვილს 1910 წლის შემოდგომაზე შევხვდი მეტეხის ციხეში. რაღაც შინაურულად, მყუდროდ იყო მოწყობილი საკანის კუთხეში და ყოველთვის აუჩქარებელად საშინაო ფლოსტებით გამოდიოდა შუადღის სეირნობაზე. მკითხველ საზოგადოებაში ის უკვე ცნობილი იყო რამდენიმე მოთხრობით, სადაც მშვენიერი ქართული ენით პატარა ადამიანების ცხოვრება ჰქონდა აღწერილი. ის ძალიან საინტერესო მოსაუბრე იყო: განცდილ ამბებს გადმოსცემდა, როგორც დაკვირებული ადამიანები, რომელიც შემოქმედებითი ნიჭითაა დაჯილდოვებული. ჯავახიშვილი გამხდარი იყო, გამომცდელად იცქირებოდა სათავალიდან; ნაყვავილარი სახე და მაღალი შუბლი ჰქონდა და მახვილ ჭკუასთან ერთად რაღაც ბავშვურ გულუბრყვილობას აერთებდა. მას გამძაფრებული პატრიოტული შეგნება ჰქონდა: რუსულ-ქართული ჟარგონი, დამახინჯებული ქართული წარწერა მაღაზიის აბრაზე ან დაწესებულების ფასადზე თითქოს პირად შეურაცხყოფას აყენებდა. შეიძლება მისი მტკივნეული პატრიოტიზმი იმითაც აიხსნებოდა, რომ საქართველოს განაპირა პროვინციიდან წარმოსდგებოდა, მარაბდის რაიონიდან, სადაც ქართველ ხალხს ყველაზე მეტი სისხლი დაუღვრია მტრის ურდოებთან ბრძოლაში.
მიხეილ ჯავახიშვილს არც იალტის სამეურნეო სასწავლებელი დაუსრულებია და არც სორბონის კურსი. ამისდამიუხედავად თანამედროვე რუს და ქართველ მწერლებს შორის არავის ჩამოუვარდებოდა განათლებით. სიუჟეტის განვითარება, ტიპიური მოვლენების დანახვა და ასახვა ისე ეხერხებოდა, როგორც ყველაზე გამოჩენილ თანამედროვე ოსტატებს ეხერხებათ. მისი კვაჭი კვაჭანტირაძე, ჯაყო, დამპატიჟე ძალიან რელიეფურად არიან დახატული, ისინი საზოგადო სახელებად იქცნენ. ესეცაა, რომ ხშირად მკითხველი ძალაუნებურად იფიქრებს ”ჯაყოს ხიზნებისა” და ”მუსუსის” ავტორს პარიზში ალბათ, ბევრი უსეირნია ტამპლის და კაპუცინების ბულვარზე და ხშირად შეუხედავს მონმარტრის კაფეებშიო.

მიხეილ ჯავახიშვილი თითქოს ჩქარობდა გამოეთქვა, რაც სათქმელი ჰქონდა და რადგან მისი ოსტატობა მისი მდიდარი ცხოვრების გამოცდილების სიმაღლეზე იდგა, ათი-თორმეტი წლის განმავლობაში გამოაქვეყნა რამდენიმე რომანი და ნოველა, რომლებიც უდავოდ დიდხანს დარჩებიან ქართული მხატვრული ლიტერატურის სალაროში.

1960 წელი