"კავკაზცენტრი": რა მოხდა საქართველო-დაღესტნის საზღვარზე...
11:02:22     31-08-2012
ინტერნეტგამოცემა "კავკაზცენტრი" წერს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე დაღესტნის ვილაიეთის მოხალისე ახალწვეულ-მოჯაჰედთა ჯგუფი იყო გადმოსული და თავის წყაროებზე დაყრდნობით საქართველო-დაღესტნის საზღვარზე განვითარებული მოვლენების დეტალებზე ყვება.
გამოცემა აღნიშნავს, რომ დაღესტნის ვილაიეთის სამხედრო სარდლობამ საქართველოსა და რუსეთისგან დაფარულად, საზღვრის ერთ-ერთ მთიან მონაკვეთზე მოხალისეების ჯგუფის კონცენტრირება მოახდინა, რაც დაღესტნის ლოჯისტიკის ოპერატიული ჯგუფის დახმარებით მოხდა.
მოხალისეთა ჯგუფი გაემართა დისლოკაციის ადგილზე, - რუსეთის საოკუპაციო ჯარების წინააღმდეგ დაღესტნის ვილაიეთის ტერიტორიაზე საბრძოლველად. ოპერაციის ბოლოს კი მოხდა ინფორმაციის გაჟონვა ჯგუფის მარშრუტთან დაკავშირებით - წერს გამოცემა.
როგორც "კავკაზცენტრის" ინფორმაციებიდან ირკვევა, მისი წყაროები ადასტურებენ შეიარაღებული ჯგუფის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე მძევლების აყვანის ფაქტს, რაც მანამდე დაღესტნური წყაროების მიერ უარყოფილი იყო. თუმცა აღიარებას ირიბი ხასიათი აქვს. `კავკაზცენტრი~ მხოლოდ იმას წერს, რომ სწორედ იმიტომ, რომ მათ გაუშვეს 5 ქართველი, რომლებიც გზაზე შეხვდნენ, მოხდა ინფორმაციის გაჟონვა, რის შემდეგაც ტრაგიკული მოვლენები განვითარდა.
"საქართველოს ხელისუფლებამ ჯგუფის წინააღმდეგ სასწრაფოდ შემოიყვანა დიდი ძალები სპეცრაზმისა, რომლებსაც ვერტმფრენებიდან უმაგრებდნენ ზურგს. დაიწყო მოლაპარაკებები მოჯაჰედებთან და მათ იარაღის დაყრა შესთავაზეს. საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ შეიარაღებული რაზმის გამოჩენას თავის ტერიტორიაზე, აფასებს, როგორც პროვოკაციას, რომლითაც შეიძლება რუსეთმა მორიგი სამხედრო შეჭრის ორგანიზებისთვის ისარგებლოს~ - წერს გამოცემა და აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებისას, რომელიც ერთ დღე-ღამეს გრძელდებოდა, მოჯაჰედებმა იარაღის დაყრაზე უარი თქვეს და საქართველოს ხელისუფლებას მათთვის გზის გახსნა შესთავაზეს, "რათა დაეტოვებინათ საქართველოს ტერიტორია, რომელზეც თავისი დანიშნულების ადგილამდე მისვლის დროს აღმოჩნდნენ. მას შემდეგ რაც მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, დაიწყო ბრძოლა" - იუწყება "კავკაზცენტრი".
ეს ვერსია კი ეხმაურება მოვლენათა ანალიზის იმ ვარიანტს, რომელშიც სხვადასხვა ექსპერტების მიერ გამოითქვა აზრი, რომ შესაძლოა, მომხდარი, იყო პროვოკაცია და შემდეგი სცენარის განვითარების მცდელობა: საქართველოს ტერიტორიაზე შემოუშვეს შეიარაღებული ჯგუფი, რომელსაც, ისევ, უკანა მიმართულებით უნდა გადაეკვეთა საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთი, რის შემდეგაც უკვე დივერსიული ჯგუფების საქართველოს ტერიტორიიდან გადასვლის შესახებ განცხადებას ჩვენი მეზობელი გააკეთებდა, რაც კარგი სასტარტო პოზიცია იქნებოდა მოსკოვისთვის ვითარების გასართულებლად.
"კავკაზცენტრი" წერს, რომ მისმა წყაროებმა გამოთქვეს უკიდურესი შეშფოთება მომხდარით, "რამაც გამოიწვია სისხლისღვრა, რომელიც დღეს არ აწყობს არც საქართველოს, რომელიც რუსეთის ახალი აგრესიის საფრთხის წინაშეა და არც კავკასიის მუსულმანებს, რომლებიც დღეს რუს ოკუპანტებს ებრძვიან".