საქართველოს მოსაზღვრე ცუნტინის რაიონში, ბოევიკები ძალოვნებს დაესხნენ თავს

  16:31:06     30-08-2012

დაღესტნის ცუნტინის რაიონში ბოევიკებსა და ძალოვნებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, მაღალმთიანი ცუნტინის რაიონი საქართველოს ესაზღვრება და როგორც თავად დაღესტნურმა წყაროებმა აღიარეს, საქართველოში სწორედ ცუნტინის დაჯგუფება გადმოვიდა, რომელმაც მძევლები აიყვანა.

დღეს შეტაკება მაშინ მოხდა, როცა ძალოვნები შეიარაღებულ მებრძოლთა ოპერატიულ-სამძებრო ოპერაციას ატარებდნენ.

დაღესტანში უკანასკნელ დღეებში ვითარება მეტად დაიძაბა. მღელვარება კიდევ უფრო გაამწვავა სულიერი ლიდერის მკვლელობამ, რის შემდეგაც, ისედაც სამხედრო შენაერთებით გავსებულ დაღესტანში დამატებითი ძალები გადაისროლეს.

ახლა იატაკქვეშეთის წარმომადგენელთა ძებნა ფართო მასშტაბებით მიმდინარეობს.

როგორც რუსული მედია იუწყება, ცუნტინის სოფელ შაიტლის შემოგარენში მომხდარ შეტაკებას ერთი სამხედრო პირი უკვე ემსხვერპლა, თავად ბოევიკთა რიგებიდან დანაკარგების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. რაიონს ალყა აქვს შემორტყმული და თავდამსხმელებს ეძებენ.

საქართველოს მოსაზღვრე ცუნტინის რაიონი დაღესტანში ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად და არასტაბილურობის ძირითად კერად ითვლება. მაგალითად 22 აგვისტოს ბოევიკები ამ რაიონის ბლოკ-საგუშაგოს დაესხნენ თავს, რის შედეგადაც შინაგანი ჯარების ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, სამი კი დაიჭრა. უფრო ადრე, 6 აგვისტოს კი პოლიციელთა ავტომანქანას გაუხსნეს ცეცხლი, შედეგად, 2 სამართალდამცავი ადგილზევე დაიღუპა.

რუსი ექსპერტები შიშობენ, რომ შექმნილი ვითარება დაღესტანში მარტივად შეიძლება ომში გადაიზარდოს. მით უმეტეს, რომ რესპუბლიკის ლიდერმა მაგომედსალამ მაგომედოვმა დაღესტნის სულიერი ლიდერის საიდ აფანდის მკვლელობის შემდეგ მოსახლეობას თავდაცვითი შეიარაღებული რაზმების ფორმირებისკენ მოუწოდა. ამ საკითხზე რუსეთის დეპუტატებიც საუბრობენ. საუბარია დაღესტნის სახალხო ლაშქრის შექმნაზე, რომელიც  სამართალდამცავი ორგანოების კონტროლქვეშ უნდა მოქმედებდეს.

რუსეთში უკვე გამოითქვა აზრი, რომ ხელისუფლება საიდ აფანდის მკვლელობას საბაბად იყენებს, რათა ე.წ. თავისიანების დაჯგუფება შექმნას, რომელსაც თავადვე გააკონტროლებს. მაგომედოვმა, როცა ამ იდეაზე ლაპარაკობდა, განაცხადა, რომ ე.წ. თავდაცვით რაზმებში ახალგაზრდები უნდა გაერთიანდნენ, რომლებსაც იარაღს მისცემენ.

რა შედეგს გამოიწვევს მოსახლეობის შეიარაღება ისედაც დაძაბულ რესპუბლიკაში, ამაზე შეშფოთებას ზოგიერთი ექსპერტი უკვე გამოთქვამს. ისინი არ გამორიცხავენ, რომ დაღესტანში, შესაძლოა, მეორე ჩეჩნეთი მიიღონ.