ლაკობა შეშფოთებულია: ქართულ მხარეზე სამკურნალოდ ომის ვეტერანებიც კი გადადიან
09:24:28     30-08-2012
აფხაზეთში დიდ პრობლემადაა ქცეული საკითხი – რატომ გადადიან აფხაზები სამკურნალოდ ქართულ მხარეს?
ამ თემაზე საუბრობს თითქმის ყველა – მარიონეტული რეჟიმის ლიდერიდან დაწყებული ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნით დამთავრებული.
ამ თემაზე საუბრობენ სატელევიზიო ეთერებშიც და მრგვალ მაგიდებს აწყობენ.
ირკვევა, რომ ე.წ. არალეგალური კონტინგენტის გარდა, რომელიც მმართველი რეჟიმისგან მალულად გადმოდის ენგურსგადმოღმა, არის ლეგალური კონტინგენტიც. ანუ ისინი, ვისაც თბილისში, ზუგდისა თუ ქუთაისში სამედიცინო დახმარების მისაღებად ნებართვას თავად ოფიციალური სტრუქტურები აძლევენ და გამგზავრებაშიც ეხმარებიან, მიუხედავად იმისა, რომ თავისთავად ამ ფაქტს, ეს სტრუქტურები შემაშფოთებელს უწოდებენ.
ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი სტანისლავ ლაკობა სერიოზულადაა დამფრთხალი. ირკვევა, რომ აქეთ მხარეს სამკურნალოდ არა მარტო რიგითი მოქალაქეები, არამედ ომის ვეტერანებიც გადმოდიან. ისინი, ვინც ქართველების წინააღმდეგ იარაღით იბრძოდნენ.
ლაკობა ცდილობს ამ ხალხს მაინც გაუღვიძოს სიძულვილის გრძნობა, მაგრამ როგორც ჩანს, უშედეგოდ.
`როცა ისინი ხელს აწერენ ზოგიერთ დოკუმენტს ქართულ ენაზე და არ იხდიან მკურნალობის ფულს, ისინი იღებენ დახმარებას, როგორც საქართველოს მოქალაქეები. მაგრამ უფასო ყველი, როგორც ამბობენ, მხოლოდ ხაფანგშია ~- განაცხადა მან.
ლაკობა წუხს, რომ აფხაზებმა ნელ-ნელა დაივიწყეს ომი, მსხვერპლი და ეს მოხდა არა მარტო რიგით მოსახლეობაში, არამედ ყოფილ მებრძოლებსა და სამხედროთა რიგებში.
`როგორღაც, შევხვდი ერთ უცხოელ ექსპერტს. როცა ვკითხე, თუ რას ფიქრობს აღიარებაზე – არის თუ არა გვირაბის ბოლოს სინათლე, მან მითხრა: თქვენ, აფხაზებს, გავიწყდებათ, რომ თამაში ჯერ დასრულებული არ არის. მართლაც, თამაში არ დამთავრებულა, მაგრამ ჩვენი საზოგადოება ძალიან ძლიერად მოდუნდა~ - განაცხადა ლაკობამ.
მან მოუწოდა მოსახლეობას, გაითვალისწინონ, რომ როცა საქართველოში მათ ღიმილით ხვდებიან, ეს გულწრფელი დამოკიდებულება არ არის და ბოლოს და ბოლოს, - განაცხადა აღშფოთებულმა ჩინოვნიკმა, - ვინც ჩავა, შეუძლია დარჩეს კიდეც და საქართველოს მოქალაქე გახდეს!
ანალოგიური ხდება აფხაზეთში ნარკოდამოკიდებულ ადამიანთა მიმართებაშიც. სამკურნალოდ ისინიც ქართულ კლინიკებს ირჩევენ.
აქ ლაკობა ცდილობს თავისიანებში შეიტანოს ეჭვი, რომ აფხაზებს ოფიციალური დამოკიდებულება უჩვენოს. მისი თქმით, თბილისში ჩასულ აფხაზ ნარკომანებთან გარკვეული სამუშაოები ტარდება:
`მე შემიძლია გავიგო, როცა იქ სამკურნალოდ ჩაჰყავთ მოხუცები და ბავშვები (აფხაზეთიდან), მაგრამ არ მესმის, როცა ნარკოდამოკიდებულები ადამიანები ჩადიან და მათთან გარკვეული სამუშაოები ტარდება. რასაკვირველია, ამ კუთხით კრიმინალური პირობები ძალიან ხელსაყრელი შეიძლება იყოს ყველაფრისთვის – დივერსიებისთვის, ტერაქტებსთვის და ა.შ. მითუმეტეს, ჩვენ ვიცით, რომ მათთან ძალიან მჭიდროდ მუშაობენ. ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ~ - განაცხადა ლაკობამ მრგვალ მაგიდაზე ადგილობრივ სატელევიზიო ეთერში.
ის ცდილობს დაარწმუნოს ხალხი, რომ თბილისს აფხაზური საზოგადოების გახრწნა სურს და ნებსით თუ უნებლიედ, აფხაზები ფსიქოლოგიური დამუშავების ობიექტები ხდებიან.
`არცერთი ჩვენი ნარკომანი არ განიკურნება საქართველოში... ისინი თვლიან, რომ მათ იქ (საქართველოში) მეგობრები ჰყავთ, მაგრამ თავად სააკაშვილმა, როცა ხელისუფლებაში მოვიდა, ნარკომანები დაიჭირა, ჩვენი ნარკომანებისთვის კი შეიძლება იქ სამკურნალოდ ჩასვლა. ამ მიმართულებით ნეგატიური მიმართულებით ძვრა გვაქვს~ - აღიარა ლაკობამ.