აფხაზ კრიმინალებს, გალის რაიონში, ყველაზე მეტად ჭუბურხინჯში გამოჩენის ეშინიათ

  09:15:06     29-08-2012

გალის რაიონის სოფელი ჭუბერხინჯი აფხაზების თვალში კარგი რეპუტაციით ნამდვილად არ სარგებლობს. ბოლო სამი წლის მანძილზე ისედაც ბობოქარ ამ ქართულ რაიონში ეს სოფელი განსაკუთრებით გამოირჩევა, რადგანაც აქ რამდენიმე აფხაზი ე.წ. მაღალჩინოსანი ჩაცხრილეს.

ბოლო ინცინდენტი თითქმის ორი თვის წინ მოხდა, როცა გალის ე.წ. აფხაზური კომისარიატის ხელმძღვანლის მოადგილეზე, ცნობილ კრიმინალ ბესლან კირთაძეზე მოეწყო თავდასხმა. როგორც სეპარატისტული პრესა იუწყება, ბესლან კირთაძე თურმე ქართველ წვევამდელებს აფხაზურ ჯარში გამოსაძახებელ ბარათებს ურიგებდა და  რომ არა ჯიპი, რომლითაც იგი გადაადგილდებოდა, მას გადარჩენის შანსი არ ეჰქნებოდა, მაგრამ აფხაზი კრიმინალ–კომისარი მხოლოდ მსუბუქად დაიჭრა. თუ როგორც ხდება კირთაძის მიერ წვევამდელებისთვის გასაწვევი ბარათების ჩამორიგება, ეს  გალელებისთვის კარგადაა ცნობილი.

ამას გაწვევას ნამდვილად ვერ უწოდებ. იგი მეფის რუსეთის დროინდელ ეგზეკუციას უფრო ჩამოგავს. წვევამდელი ასაკის გალელ ახალგაზდებს ბესლან კირთაძე აფხაზურ ჯარში გასაწვევად პირდაპირ ქუჩიდან იტაცებს. ამიტომ რომელიმე მათგანს, ან მათ ახლობელს მასზე თავდასხმა რომ განეხორციელებინა არავის გაუკვირდებოდა, რომ არა ერთი გარემოება. გალის რაიონში მცხოვრები ქართველები განიარაღებულნი არიან აფხაზების მიერ. მათ ოჯახებს სეპარატისტი–ბანდიტები იარაღის ამოღების მიზნით ძალზე ხშირად სტუმრობენ და თუ ვინმეს იარაღს აღმოუჩენენ, ჩათვალეთ, რომ ეს მათთვის სასიკვდილო განაჩენის ტოლფასია. ამიტომ კირთაძეზე თუ ვინმემ თავდასხმა მოაწყო, ეს ისევ გალის რაიონის გასაკონტროლებლად ჩასული რომელიმე აფხაზური კრიმინალური კლანის წარმომადგენელი რომ იქნებოდა, ფაქტია.

მით უმეტეს, რომ ახლა რაიონს სწორედ ბესლან კირთაძე განაგებს ერთპიროვნულად ცნობილი კრიმინალის, ვალმერ ბუთბას მკვლელობის შემდეგ. როგორც ვალმერ ბუთბას მკვლელობა, ასევე ბესლან კირთაძეზე თავდასხმაც, ცხადია, გაუხსნელია. ასეთ შემთხვევაში, აფხაზ კრიმინალ ძალოვანებს მშვენიერი გამოსავალი აქვთ ნაპოვნი – ყველაფერს ქართველ დივერსანტებს აბრალიან. ამჯერადაც ასე მოხდა.

„ჩვენმა მდინარის გაღმელმა მეზობლებმა (საუბარია ენგურს აქეთ მცხოვრებ ქართველებზე, – ავტ.)ტერორის პოლიტიკა დანერგეს. გესმით, ისინი გვაშინებენ“– ამბობს კირთაძე. თუმცა თავადაც მშვენივრად უწყის, რომ ეს ასე არ არის, მაგრამ ასე აწყობს და რა ჰქნას.

ისე, გალში ოკუპაციის შემდეგ ჩასული აფხაზი ჩინოვნიკები არ მალავენ, რომ ჭუბურხინჯში გამოჩენის ეშინიათ, რადგან იქ ტყიანი მასივია და დამნაშავეს შეუძლია სწრაფად მიიმალოს.

როგორც აფხაზური კარგად ინფორმირებული წყარო იუწყება, არსებობს თურმე ე.წ.შავი სია, რომელშიც 12 კაცი შედის. წყაროსვე მტკიცებით, აქედან 5 კაცის სახელი სოხუმში კარგადაა ცნობილი, მაგრამ საზოგადოებისგან ამას  ისევ სოხუმელი მაღალჩინოსნები მკაცრად ასაიდუმლოებენ. როგორც წყარო ირწმუნება, ეს ხალხი თურმე ან „ოფიციალურ პირებს“ წარმოადგენენ, ან დე–ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებასთან ღიად თანამშრომლობენ.

ასეა თუ ისე, სოხუმში არ იღლებიან იმის მტკიცებით, რომ ქართულ სპეცსამსახურებს აფხაზ ჩინოვნიკებზე ნადირობა აქვთ გამოცხადებული. ამის შესახებ მათ თურმე ზოგიერთ უცხოელ დიპლომატსაც აცნობეს, მაგრამ რატომღაც მხოლოდ ზეპირი ფორმით. ნაღდი მტკიცებულება რომ ჰქონოდათ აფხაზები თავიანთი რუსი მფარველების მეშვეობით მთელ მსოფლიოს რომ მოსდებდნენ ყველაფერს, ამაში ეჭვიც არავის ეპარება.