თიბილოვი ამბობს, რომ ოკუპირებულ რეგიონში ქართული სოფლები არც არასოდეს არსებობდა
09:12:20     29-08-2012
ასეთი გამოსავალი იპოვა მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა იმის გასამართლებლად, რასაც ქართულ სოფლებში აპირებს.
რამდენიმე ხნის წინ მან განაცხადა, რომ ომის დროს დანგრეული ქართული სოფლები მიწასთან გასწორდება და ის იქნება არა საცხოვრებელი, არამედ საწარმოო ზონა.
დღეს თიბილოვმა ეს განცხადება ცოტა შეარბილა, თუმცა ისევ დაადასტურა, რომ მის გეგმაში ქართველთა სახლების აღებაც შედის და ისიც, რომ ამ სოფლებში აღარასოდეს დააბრუნებს დევნილ მოსახლეობას.
- ნანგრევები სამხრეთ ოსეთში, იქნება ეს ქართული თუ ოსური, აღებული იქნება, მათ ადგილზე კი ახალი სახლები დაიდგმება - განაცხადა თიბილოვმა.
როგორც ჩანს, მისი ტონის შერბილებაზე საერთაშორისო რეაქციამ იმოქმედა. ეუთოს უმაღლესმა კომისარმა ნაციონალური უმცირესობების საკითხებში კნუტ ვოლებეკმა თიბილოვი თავიდანვე გააფრთხილა, რომ ძირძველი მოსახლეობის სახლების დანგრევა მისი მხრიდან დანაშაულად იქნებოდა აღიარებული.
ახლა თიბილოვი ამბობს, რომ ძველის ნაცვლად ახალ სახლებს ააშენებს, მაგრამ ქართული მოსახლეობას დაბრუნების უფლებას მაინც არ მისცემს.
უფრო მეტიც, ის აცხადებს, რომ ოკუპირებულ რეგიონში, ქართული სოფლები, არც არასოდეს არსებულა და ამ საკითხზე ქართული მხარე რაღაცეებს იგონებს. რომ რეალურად, საუბარია, თურმე სულ თითზე ჩამოსათვლელ რამდენიმე სოფელზე ცხინვალის მახლობლად, სადაც შერეული ქართულ-ოსური მოსახლეობა ცხოვრობდა და იქაც, უმრავლესობა, თურმე ოსები ყოფილან, რომლებსაც უკვე მიუმართავთ მათთვის, უკან დააბრუნონ და პირობებიც შეუქმნან.
მაგრამ ახლა ფული არ აქვთ. სოფლებში კი არა, თავად ცხინვალში რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობაც დაუკმაყოფილებელი ჰყავთ და 2015 წლამდე ამ ხალხს ისევ კარვებში ცხოვრება მოუწევთ.
ამის შესახებ თავად ე.წ. მშენებლობის მინისტრმა განაცხადა, როცა აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურული ობიექტებისთვის განკუთვნილი თანხაც კი, რომელიც წლის დასაწყისში უნდა მიეღოთ რუსეთიდან, ივლისში ჩაურიცხეს, ხოლო რაც შეეხება სახლების მშენებლობისთვის განკუთვნილ ფულს, ამისათვის ერთი რუბლიც კი არ არის გათვალისწინებული.