
დაღესტანში, შეიხის მკვლელობამ დესტაბილიზაციის სერიოზული საფრთხე შექმნა
08:48:06     29-08-2012
დაღესტანი შესაძლოა, დესტაბილიზაციის კერად იქცეს. ამ დასკვნას ექსპერტები გუშინდელი მკვლელობის შემდეგ აკეთებენ, როცა ტერორისტმა-თვითმკვლელმა ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში მოიყვანა და დაღესტნის მოქმედი სულიერი ლიდერი, შეიხი საიდ აფანდი ჩირკეისკი მოკლა.
მკვლელი ქალი იყო. ის, როგორც მომლოცველის შევიდა შეიხის სახლში და თავი აიფეთქა. შეიხის გარდა დაიღუპა იქვე მდგომი კიდევ რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, 12 წლის ბავშვი.
ტერაქტის შემდეგ არა მარტო დაღესტანში, არამედ რუსეთშიც შეშფოთებულები არიან. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რესპუბლიკაში მღელვარება დაიწყება.
დაღესტნის მუდმივი წარმომადგენელი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაჯი მახაჩევი აცხადებს, რომ მუსულმანებს ერთმანეთის წინააღმდეგ ამხედრებენ და თანაც, საუკეთესოებს კლავენ. მან არ გამორიცხა, რომ შეიხის მკვლელობის შემდეგ ისედაც დაძაბული ვითარება რესპუბლიკაში კიდევ უფრო გამწვავდება.
უკვე გავრცელდა პირველი ვერსიებიც: პირებმა, რომლებმაც ტერორისტი-თვითმკვლელი გამოგზავნეს, შესაძლოა, შური იძიეს შეიხზე მისი მკაცრი პოზიციის გამო ვაჰაბიტების მიმართ.
ბუინაკსის რაიონის სოფელ ჩირკეიში გუშინ შეიხის ათასობით მიმდევარი შეიკრიბა, რათა თავისი მწუხარება გამოეთქვათ მომხდართან დაკავშირებით. დაკრძალვას კი სხვადასხვა ინფორმაციებით, 100-დან 150 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა.
ერთ-ერთმა დაღესტნელმა ექსპერტმა წუხელვე განაცხადა, რომ `თუ ამაღამ გრძელი დანების ღამე არ დაიწყება, შეიძლება, სამოქალაქო ომმა გვერდი აგვიაროს. მისი მკვლელობა ხომ მის მიმდევართა გამოწვევაა. ასეთები კი ძალიან ბევრნი არიან~ - განაცხადა მან.
მომხდართან დაკავშირებით, წუხელვე, უშიშროების საბჭოს სხდომა ჩატარდა. რესპუბლიკის ხელმძღვანელმა მაგომედსაიდ მაგომედოვმა მომხდარს დაღესტნელ მუსულმანთა ტრაგედია უწოდა და სამართალდამცველებს ტერაქტის შემსრულებელთა და ორგანიზატორთა უსწრაფესად გამოვლენა მოსთხოვა. მანვე მოუწოდა დაღესტნელებს აღასრულონ თავისი სამოქალაქო ვალი და სამართალდამცველებს ექსტრემისტებისა და ტერორისტების გამოვლენაში დაეხმარონ.
ამასთან, მაგომედოვმა შეიარაღებული რაზმების ფორმირების შესახებ განაცხადა. მისი თქმით, უნდა შეიქმნას ახალგაზრდებით დაკომპლექტებული თავდაცვითი შეიარაღებული რაზმები, რომლებსაც სამართალდაცავი სტრუქტურები გაუწევენ კურირებასა და ბანდიტების დასჯაზე იქნებიან აქცენტირებულები.