ჩეჩნეთი "ტერიტორიული მთლიანობისთვის" ბრძოლას იწყებს: კადიროვი ევკუროვს მუქარებს უთვლის
09:03:03     28-08-2012
ძნელი სათქმელია, რა განვითარება ექნება ჩეჩნეთ-ინგუშეთის აშკარა კონფლიქტს, რომელიც ერთი თვის წინ დაიწყო და რომელიც რამზან კადიროვმა ახლა იმით გააღრმავა, რომ ინგუშეთი ჩეჩნეთის მიწების მიტაცებაში დაადანაშაულა და ორ რესპუბლიკას შორის ტერიტორიული დავის გადაწყვეტა და მკაცრი საზღვრების დაწესება მოითხოვა.
ამის შესახებ ჩეჩნეთის ლიდერმა განცხადება თათბირზე გააკეთა, როცა მას მოახსენეს, რომ ინგუშები ითვისებენ არა მარტო იმ ტერიტორიებს, რომლებიც რესპუბლიკათაშორის ზონებადაა აღიარებული, არამედ ჩეჩნეთის სიღრმეშიც იჭრებიან. ამასთან, თათბირზე ითქვა, რომ ინგუშები, ამ შემთხვევაში, ჯოხარ დუდაევის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს ეყრდნობიან.
კადიროვის რისხვას საზღვარი არ აქვს. ის ამბობს, რომ ინგუშებმა მას ათასობით ჰექტარი ჩეჩნური მიწა წაართვეს. სიტუაცია დაძაბა დუდაევის ხსენებამაც. რადგან, გამოდის, რომ ინგუშები, რუსების მიერ უკანონოდ აღიარებული დუდაევის ხელისუფლების დოკუმენტებს სცნობენ და მათ საფუძველზე მოქმედებენ.
aმ ქმედებებს პროვოკაციული ხასიათი აქვს - ფანაცხადა კადიროვმა და აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ დუდაევის რეჟიმი უკანონოდაა ცნობილი, უკანონოა მის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტებიც და რა შეთანხმებაზეა საუბარი?.. მაშინ დუდაევის რეჟიმის კანონიერება უნდა იქნას ჯერ ცნობილი, მისი დანაშაულებრივი რეჟიმი და ის, რომ იჩქერია სახელმწიფო იყო - განაცხადა კადიროვმა.
ჩეჩნეთის ლდიერმა შესაბამისი დავალებები უკვე გასცა. ხოლო თუ ინგუშეთი წინააღმდეგი იქნება, დაიმუქრა, რომ `წინააღმდეგ შემთხვევაში წესრიგის დამყარებისკენ მოვუწოდებთ~.
რა იგულისხმა წესრიგის დამყარებაში, კადიროვს არ განუმარტავს.
საინტერესოა, რომ თავისი ხელქვეითებისთვის კადიროვი სრულებით უშვებს ინგუშეთის ტერიტორიაზე შეჭრას. აგვისტოს დასაწყისში, როცა მასსა და ევკუროვს შორის სერიოზულად დაიძაბა სიტუაცია, კადიროვმა განაცხადა, რომ თუ მისი კოლეგა ბოევიკებთან ბრძოლას ვერ ახერხებს, ამას ინგუშეთის ტერიტორიაზე თავად გააკეთებს.
ამ განცხადებამ ევკუროვი აღაშფოთა. მითუმეტეს, რომ მისი ჩეჩენი კოლეგა აპიარებდა, რომ ერთი წარმატებული ოპერაცია ჩეჩნებმა ინგუშეთში უკვე ჩაატარეს კიდეც.
ევკუროვმა მაშინ თქვა, რომ ეს განცხადებები კადიროვს რამადანის გამო აპატია. რა პასუხს გასცემს ის ამჟამინდელ მუქარაზე, ჯერ უცნობია. კადიროვმა კი გასაგებად თქვა:
`თუ ვინმეს ესმის ადამიანური ენა, ჩვენ ხუმრობის უფლებას არ მივცემთ~. მეზობელი რესპუბლიკის ჩინოვნიკები კი გააფრთხილა, ფეხი არ გადადგან თავისი ტერიტორიის მიღმა, - `თავი არ გამოყონ სოროებიდან~.
იმდენად, რადენადაც საბჭოთა კავშირის დაშლამდე ჩეჩნეთი და ინგუშეთი ერთიან ჩეჩენ-ინგუშეთის რესპუბლიკაში შედიოდნენ, მათი გაყოფის შემდეგ საზღვრები არ გამიჯნულა. ამ საკითხზე გარდამავალი პერიოდი გამოცხადდა, რომელიც დღემდე გრძელდება.
ჩეჩნეთსა და ინგუშეთს შორის საზღვრების დაწესების თემა კადიროვამდე არავის გაუჟღერებია. მან ეს მას შემდეგ გააკეთა, რაც ევკუროვს, ბოევიკებთან ბრძოლაში უსუსური უწოდა და ფაქტობრივად უთხრა, რომ თუ თავის რესპუბლიკაში სიტუაციას ვერ აკონტროლებს, ამას, საკუთარ თავზე, კადიროვის მეთაურობით, ჩეჩნეთი გააკეთებს.