დაღესტნური წყაროები საქართველოს საზღვრებთან რუსული ჯარების კონცენტრაციაზე წერენ

  21:19:18     27-08-2012

დაღესტნის ინტერნეტ-რესურსები რესპუბლიკის მთიან რაიონებში რუსული ჯარების კონცენტრაციის შესახებ იუწყებიან. საუბარია იმ რაიონებზე, რომლებიც საქართველოსა და აზერბაიჯანს ესაზღვრება – იუწყება `კავკაზ-ონლაინი~.

გამოცემის ინფორმაციით, ბოტლიხის ადგილობრივი წყაროები იტყობინებიან, რომ მათ რაიონში დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა და სამხედრო ტექნიკაა თავმოყრილი.

ამავე წყაროების ცნობით, ჯავშანკოლონის მსვლელობისას, სოფელ საგადის მახლობლად, ჯავშანტრანსპორტიორი ხეობაში გადავარდა, რის შედეგადაც რამდენიმე რუსი სამხედრო დაიღუპა.

ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ სამხედროები ტყის მასივების ბლოკირებას აპირებენ. ერთ-ერთი ვერსიით, ეს ზომები დაღესტანში მოჯაჰედების გასანადგურებლად მიიღება, მეორე ვერსიით კი მიმდინარეობს მზადება საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციისთვის.

`კავკაზ-ონლაინი~ იხსენებს რამდენიმე თვის წინ სამხედრო ექსპერტის პაველ ფელგენგაუერის პროგნოზს იმის შესახებ, რომ რუსეთი ემზადება საქართველოში ჯარის შესაყვანად, თუკი აშშ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას დაიწყებს, რათა კავშირი დაამყაროს თავის ბაზასთან სომხეთში.

ასევე იხსენებს ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების ყოფილი სარდლის იური ნეტკაჩოვის განცხადებას, რომ რუსეთს, სავარაუდოდ, მოუწევს სამხედრო ძალის გამოყენება საქართველოში სატრანსპორტო კორიდორის გასაჭრელად.

ინტერნეტ-რესურსი აღნიშნავს, რომ საქართველოს საზღვრის სიახლოვეს ჯარების კონცენტრაციას, ვითომდა, სტრატეგიული სამხედრო სწავლება `კავკაზ 2012~-ით ხსნიან, რომელიც სექტემბერში, საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე იწყება.

ასევე იხსენებს, რომ 2008 წელს, სწორედ სამხედრო სწავლება `კავკაზ 2008~-მ მისცა საშუალება მოსკოვს, ფარულად მოეხდინა ძალების მობილიზება, რომლებიც შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრნენ.

გამოცემა ასევე იუწყება, რომ ბოლო თვეებში ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთმა საგრძნობლად გააძლიერა თავისი ბაზები ახალი სამხედრო ტექნიკითა და მედესანტეთა ქვედანაყოფებით.

ინტერნეტგამოცემა აღნიშნავს, ასევე, რომ ზოგიერთ ექსპერტთა თქმით, მოსკოვს სურს გავლენა მოახდინოს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე იმ მიზნით, რომ მხარი დაუჭიროს ძალებს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების გადადგომას მოითხოვენ.