“ნაციონალური მოძრაობა“, 1-ელ სექტემბერს, ქვეყნის დედაქალაქში ყრილობას გამართავს

  15:22:43     27-08-2012

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 1-ელ სექტემბერს თბილისში ყრილობას გამართავს. ამის შესახებ განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, მმართველი პარტია სექტემბრის პირველ დღეს თბილისში გამართავს ყრილობას. არჩევნბამდე „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა გაიმართება ასევე ქვეყნის 11 ქალაქში.

„მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ქალაქში, საარჩევნო ყრილობაში მონაწილეობა მიიღონ შესაბამისი რეგიონის პარტიის შტაბის წევრებმა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა. თბილისში შეიკრიბებიან მხოლოდ თბილისის ორგანიზაციის წევრები და მხარდამჭერები. საარჩევნო ყრილობაზე იგეგმება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების გამოსვლები, რომლებიც საზოგადოებას წინასაარჩევნო პროგრამას - „მეტი სარგებელი ხალხს“ გააცნობენ - განმარტა თაქთაქიშვილმა.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გაირკვა, რომ ყრილობის ჩატარების მიზანია  პარტიის ლიდერებისგან საზოგადებამ მეტი ინფრომაცია მიიღოს, თუ როგორ გეგმავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მეტი ხალხის დასაქმებას, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და სოფლის გაძლიერებას.

ჩიორა თაქთაქიშვილი აკონკრეტებს, რომ ეს არის წინასაარჩევნო პარტიული ღონისძიება, რის გამოც ყველა ხარჯი გაღებული იქნება საარჩევნო ფონდიდან და იქნება საზოგადოებისთვის გამჭვირვალე.