მარიონეტული რეჟიმების ყოფა: რას ნიშნავს ჯარის საზაფხულო არდადეგები და დამოკიდებული დამოუკიდებლობა

  08:21:35     27-08-2012

აფხაზეთის ე.წ უშიშროების საბჭოს მდივანი სტანისლავ ლაკობა ამბობს, რომ საქართველო აფხაზეთთან ომის მდგომარეობაშია, რადგან საქართველო ცეცხლის განუახლებლობაზე შეთანხმებას ხელს არ აწერს.

ეს განცხადება ლაკობამ ე.წ. დამოუკიდებლობის აღნიშვნის დღესასწაულზე, 26 აგვისტოს გააკეთა. მარიონეტული რეჟიმები ამ დღეს რუსეთიდან ჩასულ სტუმრებთან ერთად ზეიმობდნენ იმ სამხედროებთან ერთად, რომლებიც რუსულ აგრესიაში მონაწილეობდნენ.

საგულისხმოა, რომ ამ მათთვის სადღესასწაულო დღეებში ცხინვალის რეგიონში 58-ე არმიასაც ელოდებიან. როგორც ამბობენ, სამხედროებს მათ მიერვე ოკუპირებულ რეგიონში დასასვენებლად იწვევენ. ძნელი სათქმელია, რას უნდა ნიშნავდეს ჯარის დასვენება და სადაური პრაქტიკაა ეს, მაგრამ ცხინვალური მედია იუწყება, რომ რუს სამხედროებს, რომლებმაც მათთვის 2008 წლის აგვისტოში იომეს, ახლა საზაფხულო არდაგეგებს მოუწყობენ. 58-ე არმიის დამსვენებელთა რაოდენობისა და ცხინვალის რეგიონში ყოფნის ვადების შესახებ ინფორმაცია არ კონკრეტდება.

ამ დღეებში მარიონეტული რეჟიმები მოსახლეობას ახალ-ახალ დაპირებებსაც აძლევენ.

მაგალითად, უხერხულად გრძნობენ თავს, რომ 4 წელი რუსეთისა და კიდევ რამდენიმე კუნძულის გარდა ისინი არავის უღიარებია და ხალხს არწმუნებენ, რომ მაგალითად, აფხაზეთს, მალე სირია და ირანი სცნობენ. ამის შესახებ დაპირება ლაკობამ დადო.

ე.წ. დამოუკდიებლობის დღეს ცხინვალი დამოკიდებულ მდგომარეობაში აღნიშნავს. ადგილობრივი პოლიტოლოგი ალან ჯუსოევი ამბობს, რომ ამ დღეს ცხინვალი რუსეთზე 100%-ით დამოკიდებული ხვდება.

- დამოკიდებულება არის, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ცუდი გაგებით - ასე იმშვიდებენ მარიონეტები თავს.