რუსი ავტორი: ინფორმაციები საქართველოს წარმატებებზე…

  08:06:53     27-08-2012

ერთი ბეწო საქართველომ რუსეთი მუხლებზე დააყენა - ასეთი სათაურით აქვეყნებს რუსულ საინფორმაციო სივრცეში ვინმე იგორ ოლინი პუბლიკაციას, რომელშიც წერს, რომ საქართველოს წარმატებების შესახებ ინფორმაციებს, რუსეთში, განმგმირავი ეფექტი აქვს.

- ვიდრე აგვისტოს ომში ბრწყინვალე გამარჯვებაზე გვიყვებიან, ტანდემი კი თავის მთავარსარდლურ საიდუმლოებებს გვიმხელს, საქართველო, 2008 წლიდან ასიმეტრიულ პასუხს აძლევს რუსეთს – წერს ავტორი. მედვედევის დამოკიდებულებას კი იმის შესახებ, რომ ჩვენ ერთი ბეწო ქვეყანა (რაშიც საქართველოს იგულისხმა) არ ვართ, სადაც ყველაფერი ერთი ხელის მოსმით შეიძლება შეცვალო, ოლინი, არა სახელმწიფო მოღვაწის აზროვნებას, არამედ ვირის სიჯიუტეს მიაწერს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა რუსი ავტორები რუსეთსა და საქართველოში არსებულ მდგომარეობას ერთმანეთს ადარებენ. მათ ზედმიწევნით კარგად იციან საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციები:

საქართველოს პირველი ადგილი აქვს პროგრესის რეიტინგში, რუსეთს – 97-ე. გამოდის, რომ საქართველო, 2006 წლის შემდეგ ყველა საკვანძო ინდექსის მიხედვით 207 პოზიციით დაწინაურდა მაშინ, როცა რუსეთი ერთ ადგილს ტკეპნის. მას შემდეგ, სიახლეები, მთავარი მტრის წარმატებების შესახებ, რუსეთში, ზარბაზნებზე ძლიერად ისვრიან - წერს ოლინი.

რუსეთში თვალყურს ადევნებენ საქართველოს წარმეტებებს: საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველ ადგილზეა კორუფციასთან ბრძოლის რეიტინგში, მსოფლიო ლიდერებს შორის პირველ ათეულშია ბიზნესის წარმოების პირობებითაც, მაშინ, როცა რუსეთი მეორე ასეულშია. პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან მხოლოდ ესტონეთი უსწრებს საქართველოს დოკუმენტების გაცემის რეიტინგშიც, პირველ ადგილზეა ტურიზმის განვითარების ტემპებითაც...

ოლინი აღნიშნავს, რომ რუსეთში საქართველოს ირგვლივ ინფორმაციული ვაკუუმია შექმნილი.

- რა თქმა უნდა, დღევანდელ პატრიოტებს ურჩევნიათ იმღერონ – სუფთა მინდორში გრადია, ჩვენთან კი პუტინი და სტალინგრადია, - მაგრამ ობიექტური ანალიზი, ზოგჯერ, სასარგებლოა - წერს ოლინი.

ის, ასევე ჩამოთვლის და რუსეთთან შედარებას ახდენს სახელმწიფო აპარატის რიცხოვნობის, პოლიციის რეფორმირების, ე.წ. კანონიერ ქურდებთან ბრძოლისა და საერთოდ, მათი ეპოქის დასრულების, მშენებლობისა და ზოგადად ბიზნესის ხელშეწყობის, წახალისებული კონკურენციის, სხვადასხვა დოკუმენტების გამარტივებული წესით მიღების მიმართულებით.

- ასე მარტივია საქართველოში ყველაფერი, რაც მოქალაქისა და სახელმწიფოს ურთიერთობას ეხება. საქართველოში, მოქალაქე აღარ არის პოტენციური დამნაშავე - ამბობს ის და აცხადებს, რომ პატარა, გამარჯვების მომტანი ომი, რომლის იდეაც მეფის რუსეთში გასული საუკუნის დასაწყისში ჩავარდა, თითქოს, რეალიზდა 2008 წლის აგვისტოში. მაგრამ მან მხოლოდ დაადასტურა აზრი, რომ ომი, ძირითადად, დამარცხებულთათვისაა სასარგებლო, - თუ, რა თქმა უნდა, მათში არის ძალა, ეს მარცხი შინაგანი განახლებისათვის გამოიყენოს.