გიიომ აპოლინერი - „მირაბოს ხიდი“
08:59:52     25-08-2012
1880 წლის 26 აგვისტოს, რომში დაიბადა დიდი ფრანგი პოეტი და მწერალი გიიომ აპოლინერი (Guillaume Apollinaire). მისი ნამდვილი სახელია ვილჰელმ ალბერტ აპოლინარის დე ვაზ-კოსტროვიცკი (Wilhelm Albert Vladimir Apollinaris de Wąż-Kostrowitcki).
გიიომ აპოლინერმა შემოიტანა კალიგრამები. კალიგრამა არის ლექსი, რომლის გრაფიკული წყობა ფურცელზე ქმნის ნახატის ფორმას. ეს უკანასკნელი ხშირ შემთხვევაში ტექსტის სიუჟეტთან არის დაკავშირებული, მაგრამ ზოგჯერ მისი საპირისპიროცაა. სიტყვა კალიგრამა შეიქმნა ორი ტერმინის - "კალიგრაფია" და "იდეოგრამა" - შერწყმით. აპოლინერმა კალიგრამა განავითარა თავის შემოქმედებაში. ეტიმოლოგიურად ეს სიტყვა ნიშნავს "ლამაზ ნაწერს": ბერძნული ზედსართავი kali (ლამაზი) და არსებითი სახელი gramma (წერილობითი ნიშანი). ხშირად ამ ფორმას გრაფიკულ პოეზიადაც მოიხსენიებენ.
აპოლინერის შემოქმედებამ გავლენა იქონია თითქმის ყველა ავანგარდისტულ მიმდინარეობაზე მაშინდელ ევროპაში. ამბობენ, რომ მანვე დაუდო საფუძველი სიურრეალიზმს („ტირეზიას კერტები“, 1917), რომლის მანიფესტიც ანდრე ბრეტონმა გამოაქვეყნა 1924 წელს.
მომავალი პოეტი დაიბადა რომში, ისევე, როგორც მისი ძმა ალბერტი. დედა, ანჟელიკა კოსტროვიცკა პოლონელი არისტოკრატი, შლიახტიჩი გახლდათ. მამა იტალიურ-შვეიცარული წარმოშობის არისტოკრატი, ფრანჩესკო ფლუჯი დ’ასპერმოტი უნდა ყოფილიყო. ის პოეტის დაბადებიდან მალე გაუჩინარებულა.
ბავშვობა იტალიაში გაატარა. სწავლობდა მონაკოში, მერე კანში და ნიცაში. 1899 წელს გადასახლდნენ პარიზში.
კოსტროვიცკიმ ლიტერატურულ ფსევდონიმად აირჩია თავისი ორი სახელის ფრანგული ვარიანტები - გიიომ (ვილჰელმ) აპოლინერი (აპოლინარი). 1910 წლიდან პუბლიცისტიკას მიმართა, წერდა თანამედროვე მხატვრობაზე. 1912-1913 წლებში იყო რედაქტორი ჟურნალისა „სუარე დე პარი“. მეგობრობდა პიკასოსთან, ანრი რუსოსთან, ანდრე ბრეტონთან, მარკ შაგალთან და სხვებთან. 1907 წელს გაიცნო მხატვარი მარი ლორანსონი, რომელიც მერე მის საყვარელი გახდა. 1911 წელს გახდა პუტოს ჯგუფის წევრი, რომელიც კუბისტური მოძრაობის განშტოებას წარმოადგენდა. 1911 წლის 7 სექტემბერს გიიომ აპოლინერი პოლიციამ დააკავა მონა ლიზას მოპარვის ბრალდებით, თუმცა მალე გაათავისუფლეს.
მისი პირველი რომანი 1907 წელს გამოქვეყნდა. მისი ლექსებით კი მკითხველები გაოცებული დარჩნენ, ვინაიდან სასვენ ნიშნებს არ ხმარობდა. სრულიად ახალი იყო მისი კალიგრამები... 1910 წლიდან მის გაშემო შემოიკრიბა პოეტ-სიურრეალისტთა ჯგუფი (ანდრე ბრეტონი, ფილიპ სუპო, ლუი არაგონი, ჟან კოკტო). ტერმინი სიურრეალიზმიც მას ეკუთვნის.
1914 წელს საფრანგეთის არმიის მოხალისედ წავიდა პირველ მსოფლიო ომში, თუმცა მაშინ ჯერ კიდევ არ იყო საფრანგეთის მოქალაქე. სანგრებშიც წერდა. 1915 წელს გიიომ აპოლინერი დაქორწინდა მადლენ პაჟეზე. საფრანგეთის მოქალაქე გახდა 1917 წლის 9 მარტს... თუმცა მანამდე, 1916 წლის 17 მარტს, საფრანგეთისთვის ბრძოლაში დიდი პოეტი თავში დაიჭრა ყუმბარის აფეთქების შედეგად. ამ დროს ტრანშეაში ლექსს კითხულობდა, თურმე... 10 მაისამდე სამხედრო ლაზარეთში მკურნალობდა. გაუკეთეს თავის ქალის ოპერაცია. ამის მერეც არ შეუწყვეტია შემოქმედებითი საქმიანობა.
იმ დროს, მეორე მსოფლიო ომის ბოლოს, მსოფლიოში გავრცელდა გრიპის ეპიდემია, „ესპანური გრიპი“, რომლისგანაც გარდაიცვალა 50-100 მილიონი ადამიანი მთელს მსოფლიოში. ესპანურმა გრიპმა იმსხვერპლა დიდი ფრანგი პოეტი გიიომ აპოლინერიც. დიდი პოეტი 1918 წლის 9 ნოემბერს გარდაიცვალა. ის დაკრძალეს პერ-ლაშეზის სასაფლაოზე, პარიზში.
პოეტის საფლავის ქვა-მონუმენტი შესრულებულია პიკასოს მიერ, რომელიც დაფინანსდა მატისისა და პიკასოს ორი ნამუშევრის აუქციონზე გაყიდვით, 1924 წელს.
პრესა.გე-ს მკითხველს ვთავაზობთ დიდი პოეტის ლექსს „მირაბოს ხიდი“, რომელიც თარგმნა გივი გეგეჭკორმა. ეს ლექსი სხვებსაც აქვთ ნათარგმნი. სხვა ვარიანტებს სხვა დროს შემოგთავაზებთ.
მირაბოს ხიდი
(თარგმნა გივი გეგეჭკორმა)
მირაბოს ხიდქვეშ დის ზვირთი სენის
და სიყვარული ჩვენი
მე მაინც მახსოვს რომ მწუხარების
შემდეგ ყოველთვის სიხარულის დებოდნენ დღენი
საათის რეკვა ღამის მაცნეა
მე ვრჩები დღე კი დღეს ენაცვნება
ჩამჭიდე ხელი პირისპირ ვიდგეთ
მაინ როდესაც სენა
მიარწევს ჩვენი მკლავების ხიდქვეშ
მარადიული მზერით ასე დაქანცულ ზვირთებს
საათის რეკვა ღამის მაცნეა
მე ვრჩები დღე კი დღეს ენაცვნება
მიილტვის ჩვენგან სიყვარული და ელტვის შორეთს
როგორც მდინარის ჩქერი
მიეშურება სიცოცხლე მდორედ
ხოლო იმედი ატრიალებს ქაფიან მორევს
საათის რეკვა ღამის მაცნეა
მე ვრჩები დღე კი დღეს ენაცვნება
მიქრის კვირა და მიქრიან დღენი
ვეღარ ვიბრუნებთ წარსულს
არც სიყვარული ბრუნდება ჩვენი
მირაბოს ხიდქვეშ დის ზვირთი სენის
საათის რეკვა ღამის მაცნეა
მე ვრჩები დღე კი დღეს ენაცვნება.