
გელბახიანი: მე აქ ვარ ბატონო ბიძინა და თან ყოველ დღე ვხვდები ჩემს საჩხერელებს
15:07:41     24-08-2012
ვალერი გელბახიანი ბიძინა ივანიშვილს წინააღმდეგ, სასამართლო დავის წარმოებას გეგმავს. როგორც „პრესა.ჯი“-ს თან ყოფილი დეპუტატი აცხადებს, ბიძინა ივანიშვილი მისი რეპლიკით, რომ „გელბახიანს საჩხერეში არ ჩაესვლება“, სოფელში განხეთქილების ჩაგდება სურდა.
- რატომ დასჭირდა ბიძინა ივანიშვილს ამ რეპლიკის გამოყენება?
- ივანიშვილს გელბახიანი, ყელში ჰყავს გაჩხერილი. ალბათ, სასამართლოში იტყვის ამის მიზეზს. ახლაც საჩხერეში, კუთვნილი სახლის ეზოში ვიმყოფები და მეზობლებთან ვსაუბრობ. მათ შორის იმ განცხადებაზე, რომელიც ივანიშვილს ეკუთვნის. მე აქ ვარ ბატონო ბიძინა და თან ყოველ დღე ვხვდები ჩემს საჩხერელებს.
- მოსახლეობის განწყობა ახსენეთ, არჩევნების მოახლოებასთან ერთად პოლიტიკურმა დუღილმა თითოეულ ოჯახში შეაღწია, რა ხდება საჩხერეში?
- ასე დაძაბული ვითარება, საჩხერეში არცერთი არჩევნების დროს ყოფილა. ქელეხებს და ქორწილებს ისე არ ჩაუვლია, ჩხუბის მიზეზი პოლიტიკური მოვლენები არ ყოფილიყო.
- კოალიციის ცალკეულ ლიდერებსა და თავად ბიძინა ივანიშვილს, რეგიონებში არ სწყალობენ, სამტრედიიდან კახი კალაძე გამოაგდეს, ბეშუმიდან ბიძინა ივანიშვილი, რატომ უჭირთ ამომრჩეველთან კომუნიკაციის დამყარება „ოცნების“ წარმომადგენლებს?
- ამას ჩვეულებრივ საარჩევნო მარათონი ქვია, თუმცა „ქართული ოცნების“ მოსახლეობასთან შეხვედრას ლიდერების მხრიდან ემოციური ფონი სდევს თან. ისინი ამომრჩევლებთან შეხვედრაზე აცხადებენ, რომ ხელისუფლებაში მოსვლა უნდათ, თუმცა რატომ და რის გაკეთებას აპირებენ, ამის ამომრჩევლამდე მიტანას ვერ ახერხებენ. მოსახლეობის შენიშვნებს კი არ იღებენ, რასაც დაპირისპირება მოყვება. თუ ასე გააგრძელეს არჩევნებზე სავალალო შედეგს მიიღებენ.
- ყოველივე ამის ფონზე, როგორია თქვენი პროგნოზი, ვინ და რამდენი დეპუტატით მოხვდება საქართველოს პარლამენტში?
- ტალახის სროლით და უსაფუძვლო ბრალდებებით „ქართული ოცნების“ ლიდერები, „ნაციონალურ მოძრაობს“ ვერ მოუგებენ. ალალად ვიძახი, რომ სურვილი დიდია ოპოზიციურმა პარტიებმა დაამარცხონ მმართველი გუნდი, თუმცა ამის ალბათობა იმ პოლიტიკური ნაბიჯებით, რომელიც ბოლო დროს ივანიშვილმა გადადგა, ნულის ტოლია. თუმცა, ამ არჩევნებში მონაწილეობენ ძალები, რომლებიც ღირსეულ მეტოქეობას გაუწევენ უმრავლესობას მომავალ პარლამენტში. ამ სიმპათიებს, მოდით ჩემთვის დავიტოვებ, თუმცა ერთ-ერთი რომ „ქრისტიან-დემოკრატიული“ მოძრაობაა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს.