ივანიშვილის საქმესთან დაკავშირებით, ქონების მოძიების პროცესი მიმდინარეობს

  12:41:37     24-08-2012

სასამართლოს გადაწყვეტილებით, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, კახა კალაძის უძრავ-მოძრავ ქონებასა და საბანკო ანგარიშებს ყადაღა უკვე დაედო. სასამართლომ ეს გადაწყვეტილება კალაძის მიერ ჯარიმის გადაუხდელობის გამო მიიღო.

ამ დროისთვის მიმდინარეობს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიმართ აღსრულების იძულების პროცესი.

„პრესა.ჯი“-სთან საუბრისას აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ბესიკ ლილუაშვილი  აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილის საქმესთან დაკავშირებით კვლავ ქონების მოძიების პროცესი მიმდინარეობს.  

„ვადები არ არის განსაზღვრული, მიმდინარეობს საქმის წარმოება. მას შემდეგ, რაც დასრულდება პირველი ეტაპი საქმის წარმოების, გადავალთ მეორე ეტაპზე. მეორე ეტაპზე კი შესაძლებელია გამოყენებული იყოს ინკასო, ქონების აუქციონზე გატანა ან იძულებითი მმართველის დანიშვნა, რომელიმე კომპანიაში“-აცხადებს ლილუაშვილი.

აღსრულების ეროვნულ ბიუროში არ აკონკრეტებენ, თუ როდის გადავა საქმის წარმოება მეორე ეტაპზე, თუმცა აღნიშნავენ, რომ ამის შესახებ განცხადება წინასწარ იქნება გაკეთებული.

პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ საინიციატივო ჯგუფის წევრი და ივანიშვილის იურისტი არჩილ კბილაშვილი ვარაუდობს, რომ   იძულებითი აღსრულების პროცესის დროს, ხელმეორედ იქნება დაყადაღებული „ქართუ ბანკი“, „ქართუ ჯგუფი“ და იქ დროებითი მმართველი იქნება დანიშნული.

კბილაშვილი არც იმას გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილის ქონება აუქციონზე იქნეს გატანილი.

„შესაძლოა ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ქონება აუქციონზე იქნეს გატანილი და თუკი მყიდველი არ გამოუჩნდება, ავტომატურად გადაეცემა სახელმწიფოს.

თუკი ბიძინა ივანიშვილის ქონება იქნება გადაცემული სახელმწიფოსთვის, შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერის მხრიდან ჯარიმის გადახდა მაინც ვეღარ გამოიწვევს ამ ქონების პირვანდელი მესაკუთრისთვის დაბრუნებას“-აცხადებს კბილაშვილი.

ბიძინა ივანიშვილს ჯარიმის ნებაყოფლობით გადახდის  ვადა მიმდინარე წლის 22 აგვისტოს ამოეწურა, 23 აგვისტოს კი, მის მიმართ იძულებითი აღსრულების პროცესი დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კოალიციის სასარგებლოდ განხორციელებული უკანონო შემოწირულობის გამო, ბიძინა ივანიშვილს, ჯარიმის სახით 20 243 827 ლარის გადახდა დაეკისრა.

რა ქონების პატრონია ივანიშვილი საქართველოში?

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი უძრავ ქონებას ფლობს საჩხერის რაიონის სოფელ ჭორვილაში, ასევე დაბა ბაკურიანში, მისამართზე - კობა წაქაძის ქ. N26.

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი საჩხერის რაიონში, მხოლოდ სოფელ ჭორვილაში არ ფლობს ქონებას უძრავი ნივთის სახით. საჯარო რეესტრის ამონაწერში მითითებულია, რომ ივანიშვილის კუთვნილ ქონებაში შედის მიწის ნაკვეთები საჩხერის რაიონის სოფელ ჯალაურთაშიც.

ოლიგარქისვე საკუთრებაშია ოზურგეთის რაიონში, სოფელ ნატანებში მიწის ნაკვეთიც. კიდევ ერთი უძრავი ნივთის მისამართი ფიქსირსება საჯარო რეესტრის ამონაწერში - დაბა წყნეთში (სტალინის შესახვევი N10). ბიძინა იანიშვილი ფლობს ასევე უძრავ ქონებას ბორჯომსა და საგურამოშიც.