პოლ ვერლენი - „ძველი დროის სწავლულებს, თურმე, ასე სჯეროდათ“...

  09:27:40     24-08-2012

ლიტერატურული იმპრესიონიზმისა და სიმბოლიზმის ერთ-ერთი მამამთავარი გახლდათ დიდი ფრანგი პოეტი პოლ ვერლენი (Paul Marie Verlaine), რომელმაც დიდი გავლენა იქონია ფრანგულ და მსოფლიო პოეზიაზე.

დაიბადა1844 წლის 30 მარტს, მეცში.

მამა, ნიკოლა ოგიუსტ ვერლენი საინჟინრო ჯარების კაპიტანი იყო. დედას ელიზა ჟიულ ჟოზეფ სტეფანი დაე ერქვა. ოჯახს, მამის პროფესიის გამო ხშირად უწევდა ადგილმდებარეობის შეცვლა.

1851 წელს მამა თადარიგში გავიდა და ვერლენების ოჯახი დასახლდა პარიზთან ახლოს, ბატინიოლში. 1853 წელს პოლ ვერლენი მიაბარეს პანსიონში. 1855 წელს ლიცეუმში განაგრძო სწავლა.

1858 წლიდან ლექსებს წერდა. 14 წლის ვერლენმა თავისი ლექსი „სიკვდილი“ ვიქტორ ჰიუგოს გაუგზავნა. 1862 წლიდან ვერლენების ოჯახის მატერიალური მდგომარეობა გაუარესდა. პოლ ვერლენმა მიიღო სიტყვიერების ბაკალავრის წოდება. სწავლა განაგრძო სამართლის სკოლაში. 1863 წელს დაიბეჭდა მისი სონეტი „მუსიე პრუდომი“.

მაგრამ 1871 წლიდან, ცხოვრება და გონება არეული ჰქონდა.  შეიძლება ითქვას გონზეც არ იყო და ათას ცოდვას თუ სისულელეს სჩადიოდა. თუმცა ჰქონდა ხოლმე, ასე ვთქვათ, ცოდვის შეგრძნებისა თუ რელიგიით გატაცების პერიოდები, როცა მონანიება უნდოდა. მაგალითად, 1873 წლიდან 1875 წლებში, როდესაც ორი წელი ციხეში ჩასვეს არტურ რემბოს დაჭრის გამო, და მერეც... ამ დროს უნდა იყოს შექმნილი პოლ ვერლენის ლექსი „„ღმერთო, შენი სიყვარულით უმოწყალოდ დამჭერ“ (თარგმნა გივი გეგეჭკორმა). საერთოდ, სონეტების მთელი ციკლი აქვს მიძღვნილი მაცხოვრისადმი.

ლიტერატურული იმპრესიონიზმისა და სიმბოლიზმის ერთ-ერთი მამამთავარი, პოლ ვერლენი გარდაიცვალა 1896 წელს.

პრესა.გე-ს მკითხველებს დღეს ვთავაზობთ პოლ ვერლენის ორ ლექსს, ... „ძველი დროის სწავლულებს, თურმე, ასე სჯეროდათ...“, რომელიც თარგმნა ბაჩანა ჩაბრაძემ და „...ღმერთო, შენი სიყვარულით უმოწყალოდ დამჭერ“, თარგმნა გივი გეგეჭკორმა.


* * *

(თარგმნა ბაჩავა ჩაბრაძემ)

ძველი დროის სწავლულებს, თურმე, ასე სჯეროდათ,
და ეს, იდუმალების, არ გამოდის ჩეროდან,
რომ შეეძლოთ, ზეცაში, ბედისწერის დანახვა
და სულების შეცნობა ვარსკვლავების თანახმად.
(არაერთხელ გამხდარა ეს დაცინვის საგანი,
თუმცა, თავად დაცინვას არა აქვს გასაქანი,
რადგან, ხშირად, თვითონვე სასაცილოდ იქცევა.)
მათ კი, რომელთ ნიშნადაც, ცით, სატურნი ირწევა,
ნეკრომანტთა ძვირფასი და ველური ღვთაება,
არასოდეს ელევათ ნაღველი და ვაება.


ამას ამბობს გრძნეულთა უძველესი დავთარი.
სატურნელთა შფოთიან წარმოსახვის ავდარი
ანადგურებს მათივე გონის გამოვლინებას,
და მხურვალე ძარღვებში მათივ სისხლის დინება,
ვულკანიურ სიაფთრით და სამსალის მზაკვრობით
ემუქრება მათ სულებს სამუდამო გაქრობით.
ასეთია მწუხარე სატურნელთა განგება,
დაებედათ მოკვდავთა თეორიის აგება,
სანამ ხელთ არ შერჩებათ სული სხეულს გაცლილი,
მაგიური ლოგიკის კანონებით აცრილი.

* * *

(თარგმნა გივი გეგეჭკორმა)

ღმერთო, შენი სიყვარულით უმოწყალოდ დამჭერ,
და ჭრილობა თრთის და დღემდე ვერ შეიკრა პირი,
ღმერთო, შენი სიყვარულით უმოწყალოდ დამჭერ!

შენი რისხვა, შენი შიში თავს დამატყდა, ღმერთო.
დაღდასმული სული კვნესის, სად გაუდგამს ფესვი,
შენი რისხვა, შენი შიში თავს დამატყდა, ღმერთო!

ეს სოფელი მუხთალია, მე შევიცან ბოლოს,
შენთან მოვედ და დიდება დღეს ვირწმუნე შენი,
ეს სოფელი მუხთალია, მე შევიცან ბოლოს!

სული ჩემი აზიარე შენი წმინდა ღვინით,
შენს კურთხეულ მაგიდაზე პურის ნაჭრად დამდე,
სული ჩემი აზიარე შენი წმინდა ღვინით.

აი, ჩემი დღევანდლამდე დაუღვრელი სისხლი,
აი, ჩემი ნატანჯი და დაღმეჭილი ხორცი,
აი, ჩემი დღევანდლამდე დაუღვრელი სისხლი,

აი, ჩემი დღეს სირცხვილით ალეწილი შუბლი,
გქონდეს კიბის საფეხურად, ზედ დაადგი ფეხი,
აი, ჩემი დღეს სირცხვილით ალეწილი შუბლი.

აი, ჩემი დღევანდლამდე გაურჯელი ხელი,
შენ კელაპტარს რომ გინთებდეს და გიკმევდეს გუნდრუკს,
აი, ჩემი დღევანდლამდე გაურჯელი ხელი.

აი, ფუჭად დამაშვრალი, მკერდს შემსკდარი გული.
რომ ეწამოს და ეკლიან გოლგოთაზე თრთოდეს,
აი, ფუჭად დამაშვრალი, მკერდს შემსკდარი გული.

აი, ჩემი ორი ფეხი, ორი პილიგრიმი,
რომ მიხმო და შენს ძახილზე მომიყვანონ შენთან.
აი, ჩემი ორი ფეხი, ორი პილიგრიმი.

აი, ჩემი ხმა მაცდური, მწუხარებით სავსე,
რომ ტკივილით გავამხილო სამდურავი სოფლის,
აი, ჩემი ხმა მაცდური, მწუხარებით სავსე.

აი, ჩემი ორი თვალი - ეს სანთლები ცოდვის,
გულმხურვალე ლოცვის ცრემლმა რომ ჩაუქროს ცეცხლი,
აი, ჩემი ორი თვალი - ეს სანთლები ცოდვის.

შენ, ცოდვილთა ნუგეშო და მწყალობელო ღმერთო,
მე ასეთი უმადური რისთვის მშობე, მითხარ,
შენ, ცოდვილთა ნუგეშო და მწყალობელო ღმერთო!

ღმერთო ჩემო, მრისხანეო და სიწმინდის ღმერთო,
დამანახე ბნელ უფსკრულში ჩემი ცოდვის ფსკერი,
ღმერთო ჩემო, მრისხანეო და სიწმინდის ღმერთო!

შენ, სამოთხის, სიხარულის და მშვიდობის ღმერთო,
ჩემი შიში, ჩემი გვემა, უმეცრება ჩემი,
შენ, სამოთხის, სიხარულის და მშვიდობის ღმერთო,

იცი, რადგან დამყურებ და მხილველი ხარ ყოვლის,
გლახაკის და უპოვარის წამება და ჯვარცმა
იცი, რადგან დამყურებ და მხილველი ხარ ყოვლის,

მაგრამ მაინც შენთან მომაქვს და შენ გწირავ, რაც მაქვს.