
ვეფხვაძე: ივანიშვილმა, ბურჯანაძესთან შეხვედრით, თავისი პრორუსული კურსი ოფიციალურად დააფიქსირა
18:15:55     23-08-2012
"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე ბიძინა ივანიშვილის კოალიციას არჩევნების შემდეგ დაშლას უწინასწარმეტყველებს. აღნიშნული პროგნოზი ვეფხვაძემ „პრესა.ჯი“-სთან საუბრისას გააკეთა.
–კოალიციაში შემავალი ყველა სუბიექტი თავს კომფორტულად ნამდვილად არ გრძნობს ივანიშვილთან. ეს მათი ლიდერის ბოლოდროინდელმა გადაწყვეტილებებმა ცხადყო. ბიძინამ, პრორუსულობის გამო, კოალიციის კარს მიღმა დარჩენილი ბურჯანაძეს მაღალი თანამდებობა ისე შესთავაზა რომ მისი გუნდის წევრებისთვის აზრიც კი არ უკითხავს. ყველაზე პარადპოქსული კი ის არის, რომ ეს არცერთ მათგანს არ გაუპროტესტებია, იმის მიუხედავად რომ ყველამ კარგად ვიცით ხიდაშელისა და სხვების დამოკიდებულება ბურჯანაძის მიმართ. ჩნდება ლეგიტიმური მოსაზრება, რომ არჩევნებამდე კოალიციის ყველა პოლიტიკურ პარტიას ივანიშვილის გვერდით ყოფნა ურჩევნია. სხვა თუ არაფერი ნოლს ქვემოთ რეიტინგი არ ექნებათ და შედარებით მეტი შანსია, რომ პარლამენტში შევიდნენ. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია დიდძალი თანხები თუ ჰონორარები რომლებიც მათ ნაგარიშზე ირიცხება.
–გამოდის რომ ივანიშვილის კოალიცია წინასაარჩევნოდ შეიქმნა...
–როგორც კი ისინი უმცირესობის ადგილებს მიიღებენ პარლამენტში, როგორც სააკაშვილზე თქვეს გიჟია და ამ კაცთან რა გვინდაო, იგივეს იტყვიან ივანიშვილზე. სხვა თუ არაფერი ივანიშვილის ფსიქოლოგიური პორტრეტი ვიცით. ის ვისაც ფულს აძლევს, გარკვეული პერიოდის შემდეგ იშორებს, იმიტომ რომ მასზე იმედები უცრუვდება, ამბობს რომ ამ კაცმა ფული შეჭამა და საქმე არ გააკეთაო.
–თქვენ ნინო ბურჯანაძე ახსენეთ, რატომ დასჭირდა ივანიშვილს დაბალი რეიტინგის მქონე პოლიტიკოსისთვის მაღალი თანამდებობის შეთავაზება?
საერთოდ ეს შეხვედრები ძალიან ბევრ კითხვას ბადებს, რატომღაც ეს ურთიერთობა ბოლო პერიოდში დათბა, რამაც ივანიშვილის საგარეო კურსი, ყოველ შემთხვევაში ოფიციალური განცხადებებით, 180 გრადუსით შეცვალა. ყველამ ვიცით, რომ ბურჯანაძე არ თაკილობს ოკუპანტისთვის ხელის ჩამორთმევას. ქალბატონი ნონო ღიად აცხადებს რომ ქვეყნის განვითარებისთვის რუსეთთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია. გამოდის ივანიშვილმა თავის მოსაზრებას ამჯერადაც გადაუხვია და პოლიტიკური ორიენტირი ჩრდილოეთისკენ მიმართა.
შევეხოთ კარს მომდგარ არჩევნებს... საინტერესო იქნება თქვენი შეფასება იმ საერთაშორისო დამკვირვებლებზე რომლებიც არჩევნების მიმდინარეობას და მის წინა პერიოდს გაუწევენ მონიტორინგს...
საერთაშორისო დამკვირვებლების ფაქტორი საარჩევნო სუბიექტებზე გავლენას აუცილებლად მოახდენს. ვერცერთმა პარტიამ ვერ უნდა შეძლოს ფულადი დაპირებებით ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედება. გარდა ამისა ამ მისიების რეკომენდაციები აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. შევქმნათ ჯანსაღი კონკურენცია და არა ერთმანეთის ლანძღვაზე აგებული პოლიტიკური კამპანია. აუცილებელია ღია ეთერის გამოყენება ყოველგვარი წინაპირობებისა და პრეტენზიების გარეშე. რაც შეეხება იმ 70-მდე საერთაშორისო დამკვირვებლებს, მათ არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ არბიტრის როლი უნდა შეასრულონ, რომ პარლამენტში შესულ და მის გარეთ დარჩენილ პოლიტიკოსებს დამატებითი კითხვები არ ჰქონდეთ....