
სოსო შატბერაშვილი: თანახმა ვართ, ივანიშვილი შუშის მოაჯირს მიღმა დაჯდეს და იქიდან გვედებატოს
17:39:25     23-08-2012
რამდენიმე თვის წინ, პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე „ლეიბორისტულ პარტი“-სთან, პარტია „თავისუფალ საქართველოსთან“ (კახა კუკავა) და თემურ შაშიაშვილის პოლიტიკურ გუნდთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. ოპოზიციონერი ლიდერები ცდილობდნენ ე.წ მესამე ძალის შექმნას, რომელიც ვერ ჩამოყალიბდა. „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი სოსო შატბერაშვილი ადასტურებს, რომ ნინო ბურჯანაძესთან მოლაპარაკებები და კონულტაციები ნამდვილად მიმდინარეობდა.
შატბერაშვილის თქმით, ბურჯანაძის ნომერ პირველი კრიტიკოსები „ლეიბორისტები“ იყვნენ, ვიდრე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ხელისუფლებაში იყო, თუმცა მოგვიანებით ვითარება შეიცვალა.
„მას შემდეგ, რაც მან ინება ხელისუფლებიდან წამოსვლა და გადავიდა ოპოზიციაში, შევწყვიტეთ მასთან პოლემიკა და შემდეგ ვმართავდით კონსულტაციებს. ჩავთვალეთ, რომ ჩვენი და მისი მიზნები ერთმანეთს ემთხვეოდა. თუმცა როდესაც დავინახეთ, რომ სახალხო კრება მთლიანად გადაბარგდა „ქართულ ოცნებაში“, შევწყვიტეთ მოლაპარაკება. შემდეგ კი, საერთოდ გამაოგნებელი კადრები ვნახეთ, როგორ დაუჯდა ქალბატონი ბურჯანაძე ოლიგარქ ივანიშვილს სალაპარაკოდ“-აცხადებს შატბერაშვილი.
„ლეიბორისტების“ ერთ-ერთი ლიდერი ბიძინა ივანიშვილის მიერ „ჩვენების შეცვლასაც“ ეხმიანება, რომელიც წინასაარჩევნოდ ტელედებატებს ეხება.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა მმართველი გუნდის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან და საპარლამენტო სიის პირველ ნომერთან დებატებზე. ოპოზიციას კი ულტიმატუმი წაუყენა, ან აღიარებთ, რომ ხართ ხელისუფლების სატელიტი პარტიები, ან არ დავჯდები თქვენთან ტელედებატებშიო.
ივანიშვილის განცხადებას სოსო შატბერაშვილი პასუხობს. „მე მაინტერესებს რითი ჯობია ბიძინა ივანიშვილი დავით ბაქრაძეს, რომ არ კადრულობს მასთან დაჯდომას დებატებში? რიტორიკა აქვს მასზე უკეთესი? განათლება აქვს მასზე უკეთესი, თუ რა? ჩვენ ბაქრაძის აპოლოგეტები არასდროს არ ვყოფილვართ, მაგრამ რომ ამბობს, თურმე მისი წონის პოლიტიკოსები არ ყოფილან, რის საფუძველზე აძლევს თავს ამის უფლებას? მან ერთხელ განაცხადა, რომ ჰილარი კლინტონს არ შევხვდებიო. კლინტონი უნდა ეახლოს თურმე შუშის სასახლეში. „არავინ არის ბიძინაზე დიდი“, „მე ერთადერთი თავისუფალი ადამიანი ვარ“ და ა.შ. ასეთი სულელური და ამბიციური განცხადებები კეთდება მისი მხრიდან მხოლოდ იმიტომ, რომ მანჰეტენის ბანკებში ინახება მისი 6 მილიარდი. ვერც ილიას ციტირებს, ვერც ბარათაშვილს ციტირებს და როგორი ფსიქოანალიტიკოსია თქვენ ნახეთ მისი გამოსვლები“- ამბობს შატბერაშვილი.
მისი თქმით, „ლეიბორისტების“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა „აღიარა“, რომ ის ხელისუფლების სატელიტი პარტიის ლიდერია და ჩვენ ვართ ეშმაკთან შეკრულები.
„შალვა ნათელაშვილმა მოუწდა ივანიშვილს დაუჯდეს დებატეში. ჩვენ ვიცით, რომ ის მშიშარა ადამიანია და არ დაჯდება დებატებში, ვინაიდან ვიცით, რომ შუშის მოაჯირის გარეშე ხალხთან ვერ გამოდის. კი ბატონო, დაჯდეს შუშის სასახლეში და იქიდან ედებატოს შალვა ნათელაშვილს“-აცხადებს სოსო შატბერაშვილი.