გურამ რჩეულიშვილის გარდაცვალების დღისადმი
08:09:04     23-08-2012
1960 წლის 23 აგვისტოს ტრაგიკულად დაიღუპა მწერალი გურამ რჩეულიშვილი... 26 წლის იყო...
დაიბადა თბილისში, 1934 წლის 4 ივლისს. 1957 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. იმავე წელს დაიბეჭდა მისი პირველი მოთხრობები.
წერდა ნოველებს, მოთხრობებს, პიესებს, მინიატურებს, ლექსებს. მისმა შესანიშნავმა ნაწარმოებებმა თავიდანვე მიიპყრი საზოგადოების ყურადღება. მისი ნაწარმოებები თარგმნილია გერმანულ, უნგრულ, ბულგარულ, ლიტვურ, ჩეხურ, რუსულ ენებზე.
ძალიან საინტერესო იყო როგორც პიროვნება, ადამიანი, ვაჟკაცი, თავდადებული ახალგაზრდა, რომელიც თავსაც ცდის და სხვებისთვისაც არ ზოგავს. ზოგიერთ მის ნაწარმოებში, ერთგვარად, მის ბედზე წინასწარმეტყველებასაც შენიშნავს მკითხველი.
გურამ რჩეულიშვილი პრესა.გე-ს ფურცლებზე არა ერთხელ გაგვიხსენებია. წელს, 4 ივლისს გურამ რჩეულიშვილის დაბადების დღეს გამოვაქვეყნეთ ზვიად გამსახურდიას წერილის, „გურამ რჩეულიშვილის მოსაგონარის“ პირველი ნაწილი, მეორე ნაწილი მწერლის გარდაცვალების დღეს უნდა გამოგვექვეყნებინა, მაგრამ ტექნიკური პრობლემების გამო ამას ვერ ვახერხებთ.
სამაგიეროდ მკითხველს ვთავაზობთ გავიხსენოთ გურამ რჩეულიშვილის რამდენიმე ლექსი.
* * *
მე მომერია დიდი სურვილი დავწერო
ჩემი ბიოგრაფია,
პირობას გიდებთ არ ვიქნები ორიგინალური,
ვეცდები ვიყო მორიდებული ზედმიწევნით
და თავმდაბალი,
საუკეთესო ჩემს თვისებებს მიეკუთვნება _
და მის შესახებ მე თვითონ ვიტყვი ორიოდ სიტყვას:
არა ვყოფილვარ არასოდეს რეპორტიორად,
არა ვყოფილვარ ასოთამწყობი,
არ განმიცდია ასოების, ლაქის სუნის და
ახლად გამოსულ გაზეთების არომატი,
არც დიდ ქუჩებში მიმუშავია
ფეხსაცმლის მწმენდავად,
წარმოიდგინეთ აფრიკაშიც კი არ ვყოფილვარ
და ლომიც კი არ მომიკლავს.
და ამის შემდეგ, ალბათ, აღარც
გაგიკვირდებათ,
რომ არ მყოლია მეგობარი
არც კონდუქტორი, არც შოფერი, არც ლოთი, არც შფოთი,
არც ჯიბგირი, არც ქურდი, არც ბოზი,
არც მღვდელი, არც ზანგი, არც კომუნისტი,
არც სომეხი, არც რუსი,
არც დანტე, არც უიტმენი, არც ტოლსტოი.
მიყვარდა მხოლოდ ბედისწერა
როგორც ერთობა კაცისა და ბუნების
ყველა კანონების,
მიყვარდა მეფე ოიდიპოს
თავისი ვნებით, თავისი ბედით,
დანიის პრინცის ჰამლეტის ყველა სისუსტეები
და ჩაილდ ჰაროლდის მოწყენილობა.
მიყვარდა ნაპოლეონი თავისი პოზით,
მიყვარდა ჰიტლერი თავისი სიგიჟით
და მიყვარს ლენინი - რატომ არ ვიცი!?
მიყვარს მწვანე ბალახი თავისი სიჩუმით
და კაცი თავისი ნერვიული ხმით,
წინასწარმეტყველში მიყვარს
მისი კაცური ტანჯვა
და არა მისი წინასწარჭვრეტა.
კაცში არ მიყვარს თავმდაბლობა,
ძაღლში კი ის, რომ ყეფა არ იცის.
მე ვიცი:
ცოცხალ სამყაროს აქვს ორი ხმა:
კაცის და მხეცის.
ო, რუსთაველო, მესხო მელექსევ,
ერთიანი მსოფლიოს
პირველო პოეტო,
ჩემო სამშობლოვ, საქართველო,
მცხოვრებო ცხოვრებით
მთელი მსოფლიოსი.
დიდო სამყაროვ, რატომ გარიყე ის,
ვინც ყველაზე მეტად ცხოვრობს შენით,
გრძნობს შენს თავს, გამოგხატავს შენ,
მღერის შენზე, გრძნობებზე,
ომში ვაჟკაცობაზე,
სიყვარულზე, მეგობრობაზე,
ბრძოლაში მშვიდობაზე,
მღერის ისე, რომ მხოლოდ სოფოკლე
და შექსპირი
იყვნენ ღირსი ქართველობის.
ო, ბედისწერავ, უსამართლო თუ სამართლიანო,
რატომ ტოვებ ჩრდილში
რუსთაველს და საქართველოს,
რატომ? რატომ? რატომ?!
ხომ არ გეშინია შენი თავის?!
აქ არის ყველაზე მეტი პრანჭია,
ყველაზე მეტი უსაქმური,
ყველაზე მეტი მშიშარა
აქ არ არის კონტრასტი!
აქ არიან მხდალები და ნიჭიერები,
აქ არიან არტისტები ცხოვრებაში,
უიღბლოები ნამდვილ სცენაზე,
აქ არიან უხმო მომღერლები.
დამალეთ, დამალეთ, დამალეთ
ეს ქვეყანა!
სიგიჟე
ჟანგი, ჯანღი
ღამე ბნელი
დიდთვალება ტყეში მგელი.
ერთხელ ღამე, ერთხელ ღამე,
კოცნა ყოველ ღამე,
ცხელი ბარძაყები,
ხელი ბარძაყებში,
კოცნა ბარძაყებში
და
მართლა ღამე, მართლა ღამე,
ცივი ბარძაყები,
ხელი ბარძაყებში
ძილი უგრძნობელი.
და ჩემში გაჩნდა ორივე ერთად:
ეჭვი და სიყვარული.
გულგადაღეღილი
ქალები, კაცები;
საუბარი ციკლონზე,
სიმღერა ჯაზების.
ქალები, კაცები,
ღია მანქანები,
კისრამდე შეკრული
მილიციელები.
შუა დღის მოდუნება
სიცხეზე.
კისკისი საღამოს
ბაღებში
და პოდიეზდები
ღია ბარდაგები,
ხოში და ხურუში
გადახლართულები.
ჩემს გოგოს მაღალი წელი,
ლამაზი ტუჩები, სავსე მკერდი
აქვს,
აქვს სილამაზე და ის ჩემია,
აქვს სიყვარული და ის ჩემია,
აქვს ერთგულება და ის ჩემია,
ვარ კმაყოფილი, ვარ უდარდელი.
აქვს ყველაფერი და ის ჩემია.
და არ ვიცოდი მე - სიყვარული.
და ერთხელ ვნახე ის სხვასთან ერთად,
საუბრობდნენ,
ბევრჯერ მინახავს ის სხვასთან ერთად
მოსაუბრე
და მაშინ ვნახე, არ ვიცი რატო,
და მაშინ ვნახე მე სიყვარული
და ჩემში გაჩნდა ორივე ერთად:
ეჭვი და სიყვარული..