ხახვის დაჭრა უცრემლოდ
07:51:55     23-08-2012
ხშირად გინახავთ ალბათ სამზარეულოში ატირებული დიასახლისები, ჯერ შეშფოთებულხართ, მერე კი გაგირკვევიათ, რომ ყველაფერში "დამნაშავე” ხახვია. ხახვის დაჭრა უსიამოვნო პროცესია, არადა, ეს ბოსტნეული კერძებს ძალიან უხდება და ბევრი კერძი მის გარეშე წარმოუდგენელია. დიასახლისები ხახვისგან "თავდასაცავად” უამრავ მეთოდს იყენებენ. შევეცადე, შემეკრიბა ისინი რესპონდენტების, სხვადასხვა საიტისა თუ ფორუმის დახმარებით. ხახვის დაჭრა ყველაზე მარტივად კომბაინითაა შესაძლებელი _ სწრაფად, თანაბრად და თანაც უცრემლოდ. თუმცა კომბაინი ყველას არ აქვს, ამიტომ რამდენიმე ხერხის ცოდნა აუცილებელია.
ხახვის უცრემლოდ დაჭრის ყველაზე ცნობილი მეთოდი დანის დასველებაა. "დაჭრამდე ხახვი და დანა წყალში უნდა გააჩეროთ, საკმაოდ ეფექტურია” _ გვირჩევს გულნაზი ზოსიძე. ერთ-ერთზე საიტზე გვირჩევენ, რომ ხახვის დაჭრამდე არამარტო დანა და ხახვი, ხელებიც კარგად დავისველოთ, ოღონდ აუცილებლად ცივ წყალში. აქვე გვეუბნებიან, რომ სველი დანა ისრუტავს ხახვის წვენის შხეფებს და ხელს უშლის მათ თვალში მოხვედრას. ასევე, საკმაოდ ეფექტური ყოფილა ხახვის ცივ გამდინარე წყალში გასუფთავება და დაჭრა გამდინარე წყალთან, ონკანთან ახლოს. კარგია ხახვს შუაზე თუ გაჭრით და 5 წუთით წყალში გააჩერებთ. კარგი საშუალებაა ასევე დაჭრამდე რამდენიმე წამით ხახვის გაჩერება მდუღარე წყალშიც.
ერთ-ერთი საიტის მიხედვით კი ყველაზე მარტივი, ეფექტური და გამოცდილი საშუალება 3-5 წუთით ხახვის საყინულეში გაჩერებაა, შემდეგ კი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაჭრათ იგი. ერთმა მეგობარმა კი, ხახვის დაჭრის პროცესში პირში რამდენიმე ყლუპი წყლის დაგუბება მირჩია. იმავეს გვირჩევენ ერთ-ერთ საიტზეც. ასევე ამბობენ, რომ ეფექტურია ხახვის დაჭრამდე დანის მარილით გაწმენდა. ან მაგიდასთან, სადაც ხახვს ჭრით, ვენტილატორის მოთავსება _ იგი გაანიავებს ოთახს ხახვის ლაკრიმატორისგან, რომელიც იწვევს ცრემლდენას. ეფექტურია ხახვის დაჭრისას მაგიდაზე ანთებული სანთლის დადებაც. ერთ-ერთ საიტზე ისიც წავიკითხე, რომ ხახვი შეიცავს ფიტონციდებს, რომლებიც სპობენ მიკრობებს. ასე რომ, თუ თვალები გეწვით და სურდოს გაქვთ, ხახვის დაჭრა კარგი პროფილაქტიკაა.
წყარო: lifestylebatumelebi.blogspot.com