რუსეთის ბაზის სამხედროებსა და ცხინვალელებს შორის დაძაბულობა იზრდება

  21:00:50     22-08-2012

ცხინვალის მოსახლეობასა და რუსეთის ბაზის სამხედრო მოსამსახურეებს შორის ურთიერთობა იძაბება.  ადგილობრივ გაზეთ „რესპუბლიკაში“ ანონიმი ავტორი ამ თემაზე სტატიას აქვეყნებს სათაურით „მადლობა, რუსეთო! - ეს გულწრფელად ჟღერს, მაგრამ ამ გულწრფელი დამოკიდებულებით ბოროტად არ უნდა ისარგებლო“.

ოსი ავტორი რუსი სამხედროებისგან ქცევის მიღებული წესების დაცვას მოითხოვს და განმარტავს, რომ ზოგიერთი სამხედრო პირის ამპარტავნული დამოკიდებულება მოსახლეობის მიმართ დაძაბულობას ზრდის. მაგალითად, რუსი სამხედროები თავხედურად იქცევიან და ყოველ წუთს შეახსენებენ ადგილობრივებს, რომ „ჩვენ თქვენთის ვიბრძოდით, სისხლს ვღვრიდით“.

ავტორი აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევაში, ოსებს, რომელთა ბაბუები და მამები დიდი სამამაულო ომის დროს მოსკოვისა და რუსეთის სხვა ქალაქების გათავისუფლებისათვის იბრძოდნენ, იქეთ შეუძლიათ რუსებს დამატებითი პრეფერენციები მოსთხოვონ რუსეთის ტერიტორიაზე.

სტატიაში სხვა პრობლემებზეცაა საუბარი. მაგალითად იმაზე, რომ ოკუპირებულ რეგიონში რუსული ბაზა სერიოზულ ეკოლოგიურ პრობლემას ქმნის, განსაკუთრებით, მდინარე ლიახვისათვის, რადგან რუსული ბაზისთვის აშენებული გამწმენდი ნაგებობებიდან მდინარეში სიბინძურე ჩადის, ხოლო სოფელ ძაუში პოლიგონის მშენებლობამ, შესაძლოა, უნიკალური ისტორიული კომპლექსი - ტირის მონასტერი გაანადგუროს.

ანონიმი ავტორი წერს, რომ არ განიხილონ მისი წერილი, როგორც ანტირუსული პროპაგანდა, თუმცა შენიშნავს, რომ „ჩვენ არ ვართ რუსეთის წინააღმდეგნი, მაგრამ სამხრეთ ოსეთისთვის ვიბრძვით“.