გიორგი გუგავა: ბიძინა ბიძია კურდღელია...

  17:56:51     22-08-2012

„თუ ბიძინა ბიძია კურდღელი არაა, ნათელაშვილს ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე უნდა დაუჯდეს ღია ეთერში“- ასე გამოეხმაურა „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა,  „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც,  ის ტელედებატებში „ლეიბორისტებთან“,  „ახლებთან“ და „ქდმ“-სთან მას შემდეგ დაჯდება, თუ ისინი ხელისუფლების სატელიტობას აღიარებენ.  „პრესა.ჯი“ გიორგი გუგავას ესაუბრა:

- რატომ მოგაკერათ ბიძინა ივანიშვილმა „ხელისუფლების სატელიტი პარტიის“ იარლიყი?

- ივანიშვილი კურდღელია და ეშინია შალვა ნათელაშვილთან ღია ეთერში დაჯდომის, იცის რომ ფარდას ახსნის მის შავ-ბნელ საქმეებს. გაახსენებს, როგორ გამოყარა შუა ზამთარში ხალხი საცხოვრებელი სახლიდან. როგორ შემოიკრიბა ასლანისა და ედიკას კლანი. აი, ამიტომ არიდებს თავს ის დებატებს.

მივმართავ კორუმპირებულ ოლიგარქს,  თუნდაც პირდაპირ ეთერში, დაამტკიცოს ჩვენი სატელიტობა.  კაცის მკვლელი ლებედის ძმაკაცს,  არანაირი უფლება არ აქვს, პარტიას და პარტიის ლიდერს შეურაცხყოფა მიაყენოს. რაც შეეხება ივანიშვილის წინაპირობას,  ვაცხადებთ თქვენი გამოცემის მეშვეობით, რომ ვთანამშრომლობთ „ალქაიდასთან“, საკუთარ თავზე ვიღებთ ქვეყნის ყველა უბედურებას. მოვიდეს ბატონო ეს შუშის კოლბის რაინდი და დაგვიმტკიცოს. 

- როგორ შეაფასებდით ივანიშვილის „ქველმოქმედებას“.  როგორც  აცხადებს,  დაკისრებულ ჯარიმებს,  სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად იხდის...

- შუშის კოლბის ოლიგარქი, მიჩვეულია ყველაფრისგან სარგებელი ნახოს, ამიტომ,  გლეხის გასაჭირს პიარ–კამპანიად იყენებს. ასე მოხდა 80 მილიონის გადარიცხვის შემდეგ .  იძახა არ ვიხდიო,  შემდეგ კი ეს ნათქვამი,  თვითონვე ალოკა და ორმაგი ოდენობის თანხა ჩაურიცხა სააკაშვილს და არა გლეხებს. 

თუ ასე წუხდა გლეხების ბედით,  ეს ვაი–პოლიტიკოსი, რატომ არ მიიღო ჩვენი შეთავაზება, დახმარებოდა სოფლად მცხოვრებლებს ფინანსურად, ან რატომ არ დაურიგა სოციალურად დაუცველებს 300 ლარი, რასაც მოითხოვდა შალვა ნათელაშვილი. მაშინ მოგელაძის უწყება სულაც არ იყო დაფუძნებული და მოქრთამვაშიც არავინ ჩაუთვლიდა, მაგრამ  წუწურაქია და ამ ბრტყელ-ბრტყელ გამონათქვამებს მხოლოდ ტელეკამერების გასაგონად ამბობს.  

მაშინ როცა ქვეყანას სტიქია ებრძვის, ოლიგარქის ოჯახი ჰავაიში ისვენებს ალბათ, ამიტომაც დღეს,  ყველას მოვთხოვეთ,  ე.წ საზაფხულო დეკლარაცია წაუდგინონ საზოგადოებას.  ვაი–ოპოზიციის ოჯახის წევრები,  ისვენებდნენ და ნებივრობდნენ მსოფლიოს ფეშენებელურ, უძვირესს კურორტებზე.

ჩვენი პარტიის ხელმძღვანელობასა და მათი ოჯახის წევრებს კი, თანამოქალაქეთა მსგავსად, არსად დაუსვენიათ, რის დასტურადაც წარმოგიდგენთ ჩვენს მიერ შევსებულ საზაფხულო დეკლარაციებს. ასევე, მოვუწოდებთ კამერების წინ, ხალხის გაჭირვებაზე ნიანგის ცრემლებით მოღვარღვარე ოპოზიციის წევრებს, გამოაქვეყნონ საჯაროდ ინფორმაცია, თუ სად ისვენებდნენ მათი მეუღლეები, შვილები, სიდედრები, სიმამრები და რამდენი მილიონი დაუჯდათ საზაფხულო განცხრომა მსოფლიო კურორტებზე.

- ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა  ახსენეთ...  „დემოკრატიული მოძრაობის“  ლიდერი ნინო ბურჯანაძეც შეემატა...

-  შეემატა, თან ისე რომ კოალიციის ბევრმა წევრმა,  ამის შესახებ არც კი იცოდა. გახსოვთ ალბათ, კალაძისა და ძიძიგურის ურთიერთგამომრიცხავი პასუხები კითხვაზე,  პირველი იყო თუ არა ამხანაგ ნინოსა და ამხანაგ ბორიას შეხვედრა. ნინო ბურჯანაძე ივანიშვილს ჯერ კიდევ მაშინ გაურიგდა, როცა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა.

რაც შეეხება ორი დინოზავრის შეხვედრას, ივანიშვილმა და ბურჯანაძემ, რამდენიმე სხვა პოლიტიკურ ფიგურასთან ერთად, პასუხი უნდა აგონ იმ დანაშაულებრივ ქმედებებზე, რომლებსაც ისინი წლების მანძილზე ჩადიოდნენ. ისინი ერთი ბანდის წევრები არიან და არც გამკვირვებია, რომ ერთმანეთს შეხვდნენ. პოლიტიკური დინოზავრების შეხვედრა, ასე შეგიძლიათ დაარქვათ ამ შეხვედრას. ესენი საქართველოს კეთილდღეობაზე კი არა, მის დაქცევაზე მეოცნებენი არიან.