ივანიშვილის პარტნიორი „ჯავახკის“ რუსეთის წარმომადგენლობა საქართველოს წინააღმდეგ...

  15:45:08     22-08-2012

რუსეთში მოქმედი ე.წ. ჯავახეთის დიასპორა საქართველოში მცხოვრებ სომეხთა „პრობლემების მოგვარებითაა“ დაკავებული.  როგორც მათ საიტზე დადებულ ერთ-ერთ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ხელისუფლება, სომხებს, თურმე მშობლიურ ენაზე ლაპარაკსა და სომხური გვარ-სახელების მიღებას უკრძალავს. თუმცა ამ ბრალდებამდე, დიასპორის წარმომადგენლები, ჯერ, საქართველოში სომხეთის ელჩის წინააღმდეგ ილაშქრებენ.

ოვანეს მანუკიანი, მათი თქმით, არ იცავს საქართველოში მცხოვრები სომხების ინტერესებს და „საქართველოს ხელისუფლების პოზიციების რეტრანსლირებას ახდენს“. შესაბამისად, დიასპორა სომხეთის ხელისუფლებისგან საქართველოდან თავისი ელჩის გაწვევას მოითხოვს. ამის მიზეზი სამცხე-ჯავახეთში ამას წინათ გამართული შარლ აზნავურის კონცერტია. რუსული დიასპორა, რატომღაც იმთავითვე ძალიან აქტიურობდა კონცერტის ადგილის შერჩევაში და აპროტესტებდა მის ჩატარებას იქ, სადაც მეჩეთი დგას.

კონცერტი ჩატარდა. ამიტომ მანუკიანი ელჩობიდან უნდა გაიწვიონ, როგორც სომხების ინტერესების უგულებელმყოფელი - ასეთია რუსეთში მოქმედი „ჯავახეთის დიასპორის“ მოთხოვნა, რაშიც მათ „სომხეთის პატრიოტთა“ დახმარების იმედი აქვთ.

ელჩს სხვა „ცოდვებიც“ გამოუნახეს. ელჩთან ერთად კი საქართველოს ხელისუფლებასაც. მაგალითად, წერენ, რომ  საქართველოში მცხოვრებ სომხებს უკრძალავენ სომხურად საუბარს, სომხური გვარებისა და სახელების ქონას, იტაცებენ სომხურ ეკლესიებს, სკოლებს, კულტურულ ცენტრებს და ამაზე სომხეთის ელჩი დუმს. საბოლოო „შეგონება“ კი ასეთია: რომ საქართველოს ხელისუფლებას საქართველოში მცხოვრებმა სომხებმა არაფერი უნდა დაუთმონ.