ივანიშვილს ჯარიმის გადახდის ვადა დღეს ეწურება…

  14:33:37     22-08-2012

„ქართუ ბანკი“ და „ქართუ ჯგუფი“ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ შესაძლოა მეორედ დააყადაღოს. ამის შესახებ განცხადებას “მეოცნებე” არჩილ კბილაშვილი აკეთებს. პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს, კახა კალაძეს დაკისრებული 17 მილიონიანი ჯარიმის გადახდის ვადა გუშინა ამოეწურა, ბიძინა ივანიშვილს კი 20 243 827 ლარის გადასახდელად ვადა დღის ბოლომდე აქვს.

აღსრულების რა ფორმას მიმართავს აღსრულების ეროვნული ბიურო, თუკი ბიძინა ივანიშვილი თანხას არ გადაიხდის?

„პრესა.ჯი“-სთან საუბრისას, აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ბესიკ ლილუაშვილი აცხადებს, რომ ჯერ არ არის მისთვის ცნობილი, იძულებითი აღსრულების რა ფორმას გამოიყენებს უწყება.  

„ჯარიმის ნებაყოფლობითი გადახდის ვადა ბიძინა ივანიშვილს დღეს, დღის ბოლოს ეწურება. მას შემდეგ, რაც ამოიწურება ვადა და თუკი ივანიშვილი ჯარიმას არ გადაიხდის, მაშინ დაიწყება იძულებითი აღსრულების პროცესი. თუმცა ეს პირდაპირ ყადაღა ან რაიმე სხვა ფორმა არ არის. ჯერ დაიწყება ქონების შეფასების პროცესი, იმ ქონების ამოსაღებად, რაც ივანიშვილს აქვს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი“ - განუცხადა ლილუაშვილმა „პრესა.ჯი“-ს.

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი შალვა თადუმაძე „პრესა.ჯი“-სთან საუბრისას არ აკონკრეტებს ივანიშვილის რა ქონებას შეიძლება დაედოს ყადაღა. ჩვენს შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა „ქართუ ბანკსა“ და „ქართუ ჯგუფს“ მეორედ დაედოს ყადაღა, თადუმაძემ განგვიცხადა, რომ ამის შესახებ არაფერი იცის და სჯობს აღსრულების ეროვნულ ბიუროში გავარკვიოთ ეს საკითხი. 

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კოალიციის სასარგებლოდ განხორციელებული უკანონო შემოწირულობის გამო, ბიძინა ივანიშვილს, ჯარიმის სახით 20 243 827 ლარის, კოალიციის წევრს, კახი კალაძეს კი 16 944 960 ლარის გადახდა დაეკისრა.

გასაჩივრების მიუხედავად, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა. კახა კალაძე და ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოქმის საფუძველზე დაჯარიმდნენ.

აუდიტის სამსახური მათგან საკუთარი საბანკო ანგარიშიდან გატანილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვდა, რაც ივანიშვილმა და კალაძემ არ დააკმაყოფილეს, რის გამოც „ქართული ოცნების“ ლიდერები სასამართლომ გატანილი ნაღდი ფულის ხუთმაგი ოდენობით დააჯარიმა...