იან ნერუდას გარდაცვალების დღისადმი

  08:07:33     22-08-2012

1891 წლის 22 აგვისტოს, 57 წლის ასაკში, გარდაიცვალა დიდი ჩეხი მწერალი, პოეტი და ჟურნალისტი იან ნერუდა (Jan Nepomuk Neruda).

იან ნერუდა დაიბადა 1834 წლის 9 ივლისს პრაღაში, ვაჭრის ოჯახში. მამა გადამდგარი ჯარისკაცი იყო. ჰქონდათ პატარა მაღაზია, დედაც იქვე მუშაობდა.

დაამთავრა აკადემიური გიმნაზია.

 1853 წლიდან  პრაღის უნივერისტეტში სწავლობდა სამართალს და ფილოსოფიას. მუშაობდა პედაგოგად. 1860 წელს მუშაობა დაიწყო ჟურნალისტად. ასწავლიდა გერმანულ ენას.

მისი პირველი ლექსი გამოქვეყნდა 1852 წელს, პირველი კრებული კი გამოვიდა 1857 წელს.

პოეტური და პროზაული ნაწარმოებების გარდა, წერდა ნარკვევებს, ფელეტონებს,  სტატიებს, ჩეხეთის საზოგადოებრივი და კულტურული ცხოვრების შესახებ. გამოირჩეოდა უბრალო ხალხისადმი თანაგრძნობით. მისი შემოქმედება ძალიან მნიშვნელოვნად ითვლება ჩეხური რეალიზმის ფორმირების საქმეში.

იყო რამდენიმე სალიტერატურო ჟურნალის რედაქტორი.

იან ნერუდა ჩეხებისათვის არ არის მხოლოდ  პოეტი და მწერალი, ის მათი კულტურის, თავისუფლების, ჩეხეთისა და უბრალო ჩეხი ხალხის სიყვარულის სიმბოლოა... იგი არ მხოლოდ ეროვნულ, არამედ სოციალურ თავისუფლებაზე, თანასწორობაზე ოცნებობდა. როგორც ვთქვით, განსაკუთრებით უყვარდა უბრალო ადამიანები. მისი შემოქმედება, მისი ცხოვრება მთლიანად გაიგივებული იყო ჩეხ ხალხთან.

როგორც ვთქვით, ჩეხური სიტყვის დიდოსტატი იან ნერუდა გარდაიცვალა 1891 წლის 22.

გავიხსენოთ იან ნერუდას რამდენიმე ლექსი, რომლებიც შესანიშნავად თარგმნა გრიგოლ აბაშიძემ.

* * *

(თარგმნა გრიგოლ აბაშიძემ)

ურიცხვ ვარსკვლავთა წარწერას კენტად
ცაზე სწერს შუქი გაუქრობელი:
„სჯობს თავზე მეტად, ყველაზე მეტად
გიყვარდეს შენი მხარე მშობელი“.
ალბათ, თვით მზესაც ეს შუქი ათბობს,
უმისოდ იქნებ არც ეტრიალოს,
ამ მიზნით იკრებს უამრავ მნათობს
ვრცელ სამყაროში სახეტიალოდ.
არა სურვილი განზე განდგომის,
მარად ბრუნვაა ვარსკვლავთ ბუნება,
რადგანაც ბრუნავს ყველა ატომი
მშობელ მხარეში დასაბრუნებლად.
 
სიყვარული

(თარგმნა გრიგოლ აბაშიძემ)

თურმე კაცთა მოდგმის
ასეთია წერა:
გული ბოროტს დასძლევს,
მაგრამ ტრფობას ვერა!
ჩემო ხალხო, შენზე,
შენს მტრებს უთქვამთ ამბად:
თითქოს მტვრიან გზაზე
ამოსულხარ შამბად.
თითქო გაჩნდი ქვეყნად
უპატრონოდ, ობლად,
სამათხოვროდ, თითქოს
დაწანწალებ სოფლად.
თითქოს გზარდა მხოლოდ
შემშილმა და სევდამ,
სიღატაკე იყო,
თითქოს შენი დედა.
ვინც ჩაგივლის, იტყვის:
„ამ დაწყევლილს ხედავ?
დროზე მოკვდეს მაინც,
ეს ოხერი ნატავ!“
მე ამ მითქმა-მოთქმას
ყურს არ ვუგდებ, არა,
ჩემო ხალხო, მინდა
შენთან ვიყო მარად.
ფრთაშესხმული შენსკენ
მოვიჩქარი, როგორც
სატრფოს ნახვას ჩქარობს
თექვსმეტი წლის გოგო.
მოჰქრის როგორც ჩიტი,
მოფართქალე გულით
და სიმღერა ასე
მღერის ხალხში თქმული:
„თვალს ჩავხედავ მაინც
თუ გინდ ყინულს ჰგავდეს,
ხელს ჩავკიდებ მაინც
თუნდ შიგ გველი ჰყავდეს,
სატრფოს ტუჩებს ხარბად
დევეკრობი წამით,
თუ გინდ ბაგე მისი
სავსე იყოს შხამით.
სატრფოვ, ჩემს მკერდს მინდა
შევაწებო შენი,
თუ გინდ იყოს სავსე
საშინელი სენით!“
არა, ბოროტ ჭორთა
არა მჯერა, არა,
ბრწყინავს შენი ყელი
თეთრი თოვლის დარად.
წამებამ და ტანჯვამ
ვერ გაგტეხა, ვერა,
ბავშვობიდან მახსოვს
სევდიანი მზერა,
როცა ყმაწვილს შენზე
მიმღეროდა დედა,
ჩიტის გულის მსგავსად
ჩემი გული ძგერდა.
ვერ შეგცვალა ტანჯვამ,
ისეთს გხედავ ცხადად,
როგორც დედის ნანამ
ოცნებაში გხატა.
იმ სიმღერის ხმები,
ჩემო ტკბილო დედავ,
ნეტავ სულ არ შეწყდეს,
სულ ისმოდეს ნეტავ.
ვინ მიყვარდეს ქვეყნად,
თუმც ბევრია ხალხი,
ვუხმობ ისევ დედას,
ვით პატარა ბალღი.
მაგრამ დედა ჩემს ცრემლს
ვაჰ, რომ ვეღარ ხედავს,
შავი მიწა ფარავს
უძვირფასეს ცხედარს.
დამეკარგა სატრფოც,
მასაც ფარავს მიწა,
დარდისაგან გული,
თითქოს ლოდად იქცა.
ავიტანე ყველა...
მაგრამ ერთი მჯერა,
სამშობლოსგან გაყრას
ვერ გავუძლებ, ვერა!

* * *

(თარგმნა გრიგოლ აბაშიძემ)

ბედო, თუ გინდა მაქციო ფერფლად,
თუ გსურს რომ მიწამ ადრე დამმარხოს,
თავისუფლებას შემწირე მსხვერპლად,
თავისუფლებას დიდს  და სახალხოს.
მონურ სიცოცხლეს რა თავში ვიხლი,
მომკალ, გამყარე მშობელ ველ-მინდორს,
დე, ჩემი გულის მხურვალე სისხლით
შენს ხელებს ცოდვა ჩამოეწმინდოს.
დე, ცრემლი მოსწყდეს დედის წამწამებს,
ჩემს სახლზე დადგეს კვამლი ღრუბლებად,
ოღონდ დაჩაგრულს, ოღონდ ნაწამებს
ჩემს ხალხს ეღირსოს თავისუფლება.
სატრფოსაც დავთმობ, მშვენებით სავსეს,
დავთმობ სიყვარულს, ამ დიდ ოცნებას,
ოღონდ ვიხილო სამშობლოს ცაზე
თავისუფლების გასხივოსნება.

მხოლოდ წინ

(თარგმნა გრიგოლ აბაშიძემ)

სიბნელე შავი და შემზარავი
არ გვაკრთობს, რადგან გრიგალმა გვზარდა,
ჩვენ მუხლს არ ვუყრით ქვეყნად არავის,
ჩვენი ხალხის და სამშობლოს გარდა.
ჩვენ მივუშვირეთ ქარიშხალს მკერდი,
როგორც შეჰფერის არწივის მართვებს,
რადგან ვიტვირთეთ სამშობლოს ბედი,
ამიტომ ბრძოლა და წინსვლა გვმართებს.

სამშობლო, ჩვენთვის მშობელი დედა,
წმინდაა, როგორც წყარო ანკარა,
თავისი ბედი მან თვითონ სჭედა
და ბევრჯერ ცეცხლში გამოატარა.
მას კვლავ გმირული სული აღელვებს,
თავისუფლებას ესწრაფვის ახლაც,
ხალხი დაცემულ გმირთა სახელებს
დროშად წაიღებს სულ წინ და მაღლა.

გვყავდნენ მამები, მტრების მსახვრელნი,
დღეს დრო და ჯერი დგება საჩვენო,
ჩვენი გმირობით, ჩვენი სახელით
ჩვენი სამშობლო ჩვენც დავამშვენოთ.
და რაკი აწმყო ღამეში კვნესის,
ჩვენთვის წარსულის ნათელიც კმარა,
ხომალდმა სწორი აიღო გეზი,
მაშ წინ, ავუშვათ აფრები ჩქარა!

შორს, ჩვენგან, ვინც კრთის მტრების წინაშე!
გულის სიმტკიცე გვქონდეს უცვლელი,
ფერსა და სურნელს ხომ დიდ წვიმაშიც
არ ჰკარგავს ხოლმე ვარდის ფურცელი.
წინ, წინ გავსწიოთ გაშლილ დროშებით,
არ შევიცვალოთ ბრძოლის გუნება,
დროის დინებას ნუ ჩამოვრჩებით,
რადგან განვლილი არ დაბრუნდება.

დღე მოსდევს ღამეს, ბნელს სდევს ნათელი,
მზე ყველგან ბრწყინავს თვალგასახარად,
აღსდექ, ბნელეთზე ხმალშემმართველი,
აღსდექ, ეპოქამ დაჰკრა ნაღარა.
აღსდექ, ამართე დროშა დახრილი,
წამით არ შესდგე გმირთა თაობავ,
წინ გაიკაფე გზები მახვილით,
ფრთები შეგასხას გამბედაობამ.

სულ წინ, არასდროს უკან დახევა,
სულის სიმტკიცე არის მთავარი,
მტრის დამარცხების ხმის დასარხევად
მცირე როდია ჩვენი მთა-ბარი.
და ჯარისკაცებს ჰპოვებს შესაფერს
ჰუსისტთა ჰიმნიც, რკინის მახვილიც,
ჩვენ იარაღად ვაქცევთ ყვალაფერს,
წინ გაგვიძღვება სისხლის ძახილი.

ხომალდი უკან ნუ დაბრუნდება,
ამორჩეულ გეზს მიჰყვეს წინანდელს,
დავიცვათ იგი ცეცხლში უვნებლად,
რომ გამარჯვების მზეში ბრწყინავდეს.
და თუ გვეღირსა ჩეხებს დიდება,
თუ ჩვენც გაგვეღო კარი დიდების,
თუ მზით განათდა ჩვენი ქედებიც,
როგორც არ იცის ზღვამ დამშვიდება,
შენ, ჩემო ხალხო, ნუ დამშვიდდები,
მაინც წინ გასწი, ნუ შეჩერდები.