
„დამოუკიდებელი“ „მეცხრე არხი“ განსხვავებულ აზრს ბლოკავს
16:37:40     21-08-2012
“ბიძინავიზია,“ იგივე „მე9-ე არხი“, წინასაარჩევნოდ კანონით გათვალისწინებულ ნორმებს არღვევს და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ტელევიზიიას სარეკლამო ბლოკში პოლიტიკური რეკლამის განთავსებაზე ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე უარს ეუბნება.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე მმართველი გუნდის პრესსპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ტელევიზია „მეცხრე არხი“ უარს იმ ვიდეორგოლის ეთერში გაშვებაზე ამბობს, რომელიც ივანიშვილის კრიტიკას ეხება.
ჩიორა თაქთაქიშვილი:
„ნაციონალური მოძრაობა" გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველო არ იყიდებას“-ს ინიციატივას და გადავწყვიტეთ პარტიის სახელით განგვეთავსებინა ტელევიზიის ეთერში ის სარეკლამო რგოლი, რომელიც ამ ორგანიზაციამ მოამზადა. საზოგადოემამ კარგად იცის რომ მეცხრე არხი ივანიშვილს ეკუთვნის და ის ახლოს დგას მისი მფლობელის პოლიტიკურ ცხოვრებასთან, თუმცა ჩვენთვის მოულოდნელი იყო უარი, რომელიც მივიღეთ. მიგვაჩნია, რომ არხის მსგავსი საქციელი სცილდება ჟურნალისტურ სტანდარტებს“.
„ნაცმოძრაობის“ პრესსპიკერი განმარტავს, რომ არსებობს კანონის ნორმები, რომელშიც ნათლად არის გაწერილი, თუ როგორ უნდა უზრუნველყოს ამა თუ იმ მედიასაშუალებამ წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი რგოლების განთავსება.
„ამ შემთხვევაში კლიპის ეთერში განთავსებაზე უარის თქმის მიზეზი გახლდათ არხის მფლობელის კრიტიკა, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის მზად, აიტანოს ქვეყანაში თავისუფალი მედია“,- აცხადებს თაქთაქიშვილი.
„მეცხრე არხი“ უკვე დიდი ხანია თავად „საქართველო არ იყიდებას“ ბლოკავს. არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარის, გიგა ნასარიძის განცხადებით, ის ორ კვირაზე მეტია არხის რედკოლეგისგან იმის გარკვევას ცდილობს თუ რა მოტივით არ ატრიალებენ მათი ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ფასიან ვიდეორგოლებს, რომელიც ერთ-ერთი პოლიტიკოსის კრიტიკას მოიცავს. პრესა.ჯი „მეცხრე არხის“ დირექტორ კახა ბექაურსაც დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გააკეთა.