ბორის პასტერნაკის ერთი ლექსის თარგმანის ორი ვარიანტი
08:20:33     21-08-2012
1890 წლის 29 იანვარს (ახალი სტილით 10 თებერვალს) რუსეთის იმპერიაში, მოსკოვში დაიბადა დიდი რუსი პოეტი და მწერალი, მთარგმნელი, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი - ბორის პასტერნაკი.
ბორის პასტერნაკი განსაკუთრებული გრძნობით იყო განწყობილი საქართველოსადმი. მან პირველად 1931 წელს იმოგზაურა საქართველოში. მის წიგნში, „მეორედ დაბადება“ (1932), შევიდა არა ერთი ნაწარმოები, საქართველოში მოგზაურობის შედეგად რომ შეიქმნა. შემდეგ, 1933 წელს კიდევ ჩამოვიდა დიდი რუსი პოეტი საქართველოში.
სწორედ მაშინ შეუდგა ქართული პოეზიის თარგმნას. პასტერნაკმა თარგმნა ვაჟა-ფშაველას „გველის მჭამელი“, ნიკოლოზ ბარათაშვილის, აკაკი წერეთლის, ტიციან ტაბიძის, პაოლო იაშვილის, ვალერიან გაფრინდაშვილის, ალექსანდრე აბაშელის, იაკობ გოგებაშვილის, კოლაუ ნადირაძის, გიორგი ლეონიძის, სიმონ ჩიქოვანის, ნიკოლო მიწიშვილის, ირაკლი აბაშიძის ლექსები.
საქართველოს მიუძღვნა პასტერნაკმა „მხატვარი“ და „მგზავრის ჩანახატები“ (1936). სიცოცხლის ბოლომდე ჰქონდა მიმოწერა ქართველ მეგობრებთან...
ბორის პასტერნაკი 1909 წლიდან სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, 1912 წლიდან - გერმანიაში, მარბურგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე.
თავისი პირველი ლექსები 1913 წელს გამოაქვეყნა. 1914 - გამოსცა პირველი პოეტური კრებული „ტყუპისცალი ღრუბლებში“.
რამდენჯერმე იყო წარდგენილი ნობელის პრემიაზე. 1958 წელს მისი კანდიდატურა წამოაყენა წინა წლის ნობელის პრემიის ლაურეატმა ალბერ კამიუმ. პრემია პასტერნაკს მიანიჭეს.
პასტერნაკზე ძალიან დიდი ზეწოლა განხორციელდა საბჭოეთში, ის იძულებული იყო უარი ეთქვა პრემიის მიღებაზე... ალბერ კამიუმ და ჯავაჰარლალ ნერუმ მიმართეს საბჭოთა მთავრობას თხოვნით, არ დაესაჯათ ბორის პასტერნაკი...
ბორის პასტერნაკის უკანასკნელი წიგნი იყო „ლექსები საქართველოზე, ქართველი პოეტები“ (1958)...
ბორის პასტერნაკი გარდაიცვალა 1960 წლის 30 მაისს, მოსკოვის ოლქში, პერედელკინოში.
ჰამლეტი
(თარგმნა ვახტანგ კოტეტიშვილმა)
ხმაური ჩაცხრა. მივეყრდენი მე სცენის კიდეს,
მივაყურადე შორეული ხმების მისნობას.
ვცდილობ, გავიგო, რა მოხდება ჩემს თავზე კიდევ,
მაგრამ ამქვეყნად ბედ-იღბლისა არ-რა იცნობა.
ღამის უკუნმა მოსპო თვალის ჩინი თუ ჩენა
და დამაშტერა მე დურბინდი ათასჯერ ასი.
თუ შეიძლება, შემიბრალე, მამაო ჩვენო,
ჰქმენ სიკეთე და ამარიდე ეს სავსე თასი.
შენი ჯიუტი ჩანაფიქრი ჩემი ბედია,
ვიცი და მზად ვარ, შევასრულო ეს როლი მძიმე,
მაგრამ ამჯერად თამაშდება სხვა ტრაგედია,
შემეშვი, ნუღარ გარდამიწყვეტ სასოს და იმედს.
მაგრამ წინასწარ გათვლილია დრამის მსვლელობა.
მეფეთა ნაცვლად ამაქვეყნად მეფობენ დრონი.
მარტო ვარ, ირგვლივ ყველაფერს ნთქავს ფარისევლობა
და ამ ცხოვრების მდინარებას არ უჩანს ფონი...
ჰამლეტი
(თარგმნა სერგო წურწუმიამ)
მიყუჩდა ზრინი. შთენილი მარტო
ვდგავარ კართან და ვეძლევი ფიქრებს,
უუმცირესი ჩქამითაც ვატყობ
ამ დღეთა წიაღ რაც უნდა იქმნეს,
ათასი ჭოგრით დამყურებ, ჭერო,
გაუხილავი წყვდიადის წესებრ,
თუ შეგიძლია, მამაო ჩემო,
გთხოვ ამარიდო სასმისი ესე.
მეცა მთნავს შენი ურყევი ნება
და შევასრულო ეს როლი მზად ვარ,
მაგრამ სხვა დრამის დღეს ჟამი დგება
და დამითხოვე, მაგ შენმა მადლმა!
დასაზღვრულია ქმედების წესი,
შეუქცევადი – სავალის ბოლო.
მარტო ვარ.
ცრუთა მრავლდება თესლი...
ცხოვრობდე ქვეყნად –
ტანჯვაა მხოლოდ.