მეფე ჯეიმზ I შოტლანდიელი - „სიყვარულის მოსვლა“ (ნაწყვეტი პოემიდან „მეფის წიგნი“)
08:19:31     21-08-2012
პრესა.გე-ს მკითხველებს ვთავაზობთ ნაწყვეტს შოტლანდიის მეფე ჯეიმზ I-ის პოემიდან „მეფის წიგნი“ (Kingis Quair), რომელიც ძველშოტლანდიური დიალექტიდან თარგმნა თამარ ერისთავმა. „მეფის წიგნი“ 1 400 სტრიქონია. პოემის სალექსო ფორმაა 7 სტრიქონიანი სტროფი, რომლის სტრუქტურა (ab ab bcc) თვითონ მეფე-პოეტმა შეიმუშავა, რის გამოც მას „მეფური სტროფი“ ეწოდა.
თამარ ერისთავი წერს: „ალეგორიებით აზროვნება დამახასიათებელი იყო შუა საუკუნეებისათვის. ზმანების (Vision) ჟანრი გაბატონებული ლიტერატურული სტილი იყო. ჯეიმზ I-ის პოემაც ამ ჟანრის ფარგლებშია მოქცეული... როგორც ჩანს (და ამას თვით ავტორიც ადასტურებს), შოტლანდიელმა პოეტმა პოემის ფორმა და ბევრი სხვა პოეტური აქსესუარი ისესხა ინგლისელი პოეტებისგან (ჩოსერი, გაუერი), მაგრამ ამბავი, რომელიც გადმოსცა ტრადიციული ალეგორიისა და ზმანების სახით, მას თვითონ გადახდა თავს და მისი ცხოვრების ულამაზესი ეპიზოდია (ინგლისელთა მიერ მოტაცებულმა შოტლანდიელმა უფლისწულმა, უინძორის ციხეში ყოფნისას, თავისი სენაკის სარკმლიდან იხილა სომერსეტის ერლის ულამაზესი ასული ჯოან დე ბოფორი და მისადმი ძლიერი გრძნობით განიმსჭვალა, შემდგომ, სამშობლოში მეფედ დაბრუნებულმა, იგი ცოლად შეირთო და დედოფლად დაისვა).
და რამდენადაც ეს ნაწარმოები მხოლოდ მიბაძვით დაწერილი პოეტური ვარჯიში კი არ არის, არამედ შეყვარებული ჭაბუკის უშუალო განცდათა ნაყოფია, მას თავისი ინდივიდუალური ხასიათი გააჩნია, ფორმის პირობითობაში სიმართლის გულწრფელობა დაილანდება და პოეზიის უტყუარ ხიბლს იძენს.
პოემა „მეფის წიგნი“ დაწერილია რთული სალექსო ფორმით - შვიდ სტრიქონიანი სტროფით. ამ ფორმამ თავისი სიახლითა და გამომსახველობით დიდი მოწონება დაიმსახურა თანამედროვეთა შორის და შოტლანდიურ პოეზიაში „მეფის სტროფის“ სახელით დამკვიდრდა, ნაწარმოების პოეტური ენა ჩრდილოური და სამხრეთული დიალექტების ნარევი ხელოვნური ენაა (შოტლანდიელმა მეფე-პოეტმა ახალგაზრდობის 16 წელი ინგლისელთა ტყვეობაში გაატარა), ამიტომ მას არავითარი გავლენა არ მოუხდენია შოტლანდიური დიალექტის შემდგომ განვითარებაზე; მაგრამ რაც შეეხება განცდათა სიღრმის გადმოცემას, ამ მხრივ, ბარბორის ჰეროიკულ ეპოპეასთან შედარებით, „მეფის წიგნი“ ბევრად უფრო დახვეწილი პოეტური ნაწარმოებია“
ჩემი აზრით, პოემის წინამდებარე ნაწყვეტი, რომელიც შესანიშნავადაა თარგმნილი თამარ ერისთავის მიერ, კარდად გვიჩვენებს, რომ მეფე-პოეტი ჯეიმზ პირველი პოეტური სულის შესანიშნავი ადამიანი გახლდათ, რომელსაც შეეძლო ტყვეობის მძიმე პერიოდშიც ეძებნა ბუნების მშვენიერებანი და სიყვარულით აღვსილიყო, უიმედობის პირობებშიც კი.
მის შთაგონებულ ხასიათზე მიანიშნებს მისი ქორწინება ტყვეობაში ერთი ნახვით შეყვარებულ ასულზე ჯოან დე ბოფორზე.
ორიოდე სიტყვა მის ბიოგრაფიაზე. ჯეიმზ I (იაკობ I) დაიბადა 1394 წლის 10 დეკემბერს ედინბურგის ციხე-სიმაგრეში. მამამისი იყო მეფე რობერტ III (1340-1406), დედა - ანაბელა დრამონდი (1350-1401).
ჯოან ბოფორტზე (1406-1445) პოეტმა მეფემ იქორწინა 1423 წლის 2 თებერვალს, ლონდონში.
მამის გარდაცვალების მერე გამოცხადდა შოტლანდიის მეფედ, 1406 წლის 2 მაისიდან, თუმცა მისი მეფედ კურთხევა მოხდა 1424 წელს.
მისი უფროსი ძმა, დევიდი, ტყვეობაში გარდაიცვალა ტყვეობაში, ფოლკლენდის ციხეში, შიმშილით, 1402 წელს. შოტლანდიელმა პატრიოტებმა უსაფრთხოების მიზნით უფლისწული ჯეიმზი საფრანგეთში გააგზავნეს. გზაში ინგლისელებმა ტყვედ ჩაიგდეს მცირეწლოვანი პრინცი. ინგლისის მეფე ჰენრიხ IV-მ იგი ციხეში გამოკეტა და გამოსასყიდს ითხოვდა, 40 000 ფუნტს. მამამისი, რობერტ III შვილის დატყვევების გამო დარდით მოკვდა. მეფის სიკვდილის მერე რეგენტი გახდა ჯეიმზის ბიძა რობერტ სტიუარტი, ოლბანის პირველი ჰერცოგი, რომელიც არ ჩქარობდა ძმიშვილის გამოსყიდვას. თუმცა თავისი ვაჟი, მერდოკი გამოიხსნა, რომელიც ჰომილდონის ბრძოლაში ტყვედ ჩაუვარდა ინგლისელებს.
უფლისწულ ჯეიმზს 18 წელი მოუწია ტყვეობაში ყოფნა. მისი ბიძის სიკვდილის მერე, შოტლანდიელებმა გადაიხადეს 10 000 ფუნტი სტერლინგი (მისი ცოლის, ინგლისის სამეფო ოჯახის წევრის, ჯოან ბოფორტის მზითევის შესაბამისი თანხა) და 1424 წელს მეფედ გამოცხადებული ჯეიმზი დაბრუნდა შოტლანდიაში.
მეფემ არეულ სამშობლოში თან ჩაიყვანა მეუღლე, ჯოან ბოფორტი, რომელიც, როგორც ვთქვით, ერთი ნახვით შეუყვარდა უინძორის ციხეში. ჯოან ბოფორტი ნათესავი იყო ინგლისის მეფის, ჰენრიხ VI-სა.
მეფე-დედოფალს შეეძინათ რვა შვილი, მათ შორის, მომავალი მეფე ჯეიმზ II და საფრანგეთის მომავალი დედოფალი, ლუდოვიკო XI-ის მეუღლე, მარგარეტ შოტლანდიელი.
თავისი შესანიშნავი ალეგორიული პოემის, „მეფის წიგნის“ დიდი ნაწილი მეფემ დაწერა ტყვეობაში.
ტყვეობიდან სამშობლოში დაბრუნებულ მეფეს სამეფოში დიდი არეულობა დახვდა. მან შეძლო წესრიგი დაემყარებინა ქვეყანაში, დაამარცხა მერდოკი, ოლბანის ჰერცოგი და გაატარა რეფორმები შოტლანიაში, შეზღუდა არისტოკრატები, ქვეყანაში აკრძალა სხვა ვალუტაზე ვაჭრობა და სხვა. საგარეო პოლიტიკაში გააგრძელა ანტიინგლისური კურსი და კავშირი შეკრა საფრანგეთთან, ეს მოხდა 1428 წელს.
1437 წლის 21 თებერვალს მეფე-პოეტი მოკლეს შეთქმულება, რომელებსაც სურდათ პრივილეგიების დაბრუნება და დინასტიის შეცვლა, მათ ხელმძღვანელობდა გრაფი რობერტ გრეჰემი. თუმცა ქვრივმა დედოფალმა შეძლო შეენარჩუნებინა ტახტი თავისი ოჯახისათვის და სიკვდილით დასაჯა შეთქმულნი.
ასეთი ტრაგიკული ბიოგრაფია ჰქონდა მეფე ჯეიმზ (იაკობ) I-ს, თუმცა, განგებამ დიდი პოეტური ნიჭითა და სიყვარულით დააჯილდოვა და მის შთამომავლებს დარჩათ შესანიშნავი პოემა „მეფის წიგნი“.
სიყვარულის მოსვლა
(ნაწყვეტი პოემიდან „მეფის წიგნი“)
(ძველშოტლანდიური დიალექტიდან თარგმნა თამარ ერისთავმა)
ვიყავ სენაკის ოთხ კედელშუა გამომწყვდეული,
ყველა სიხარულს, ყველა იმედს დახშვოდა კარი;
ფიქრით მოღლილი, უსაშველო ნაღვლით ძლეული
სარკმელისაკენ გავეშურე ნაბიჯით ჩქარით,
რომ სხვა სიცოცხლე მომეხილა ამ საკანს გარეთ.
თუმც არ ძალმიძდა მე ბუნების ლხინით დათრობა,
მიწის დანახვა მაინც მწადდა თვალთ გასართობად.
ციხე-დარბაზის გალავანი ერტყმოდა ირგვლივ
ოსტატის ხელით გაშენებულ საოცარ ბაღნარს,
და ხასხასებდა მწვანე ფერად ბაღნარი იგი.
ხეების ჩრდილით მოჩითული ჰყვაოდა ლაღად;
კუნელის ღობე და მესერი მისდევდა მაღლად
ფერად ყვავილნარს და ბალახის ქორფა სიმწვანეს,
სულიერი კი არვინ ჩანდა იმ არემარეს.
ღვიის ბუჩქნარი მოყვითალო-მომწვანე ფერის
ნაქარგებივით ამშვენებდა მიწას მოლიანს,
იქ სად ფოთლების და ტოტების გაშლილი ტევრი
ლამაზ ხეივნებს ტალავერად გადასწოლია.
ზოგან ტოტები იყო ძალზე ხშირი და ბევრი;
სიმრავე მათი ცაში ქმნიდა მწვანე კარავს და
ჩემთა თვალთაგან აყვავებულ ბაღნარს ფარავდა.
ხეთა რტოებზე ბულბულები გუნდებად ჩანდნენ,
გაფანტულები სიმწვანეში კიდით კიდემდე,
უკვდავ სიყვარულს უმღეროდნენ საოცარ ჰანგებს
და ბაღში თითქოს მოწკრიალე ზარებს ჰკიდებდნენ.
ისე სწვდებოდა სმენას ნაზი ხმების სიმკვეთრე.
ბულბულებს სურდათ გაზაფხულის მშვენება ექოთ
და გალავანი რეკდა მათი სიმღერის ექოდ.
„ჰოი, მიჯნურნო, თაყვანი ვცეთ მაისის მოსვლას,
ერთად ვიმღეროთ ჰანგი ტკბილი, სამხიარულო,
მაისის თვეში მზის სითბო და ალერსი გვმოსავს,
წადი, ზამთარო, მოდი მზეო და სიყვარულო.
ჰოი, მიჯნურნო, გაიღვიძეთ, დადექით ლოცვად!
და ნეტარება, - ტრფიალებამ რომ გიწყალობათ,
ცად აღავლინეთ სიყვარულის უკვდავ გალობად!“
ერთხანს მღეროდნენ ბულბულები ასე ხმატკბილად,
აღზნებულები სიყვარულის მადლით და ეშხით,
მერე დაიწყეს ლაღობა და ყველა დაწყვილდა,
ტოტიდან ტოტზე გადახტოდნენ, ჩრდილიდან მზეში,
და ფრთა-ბუმბული გაზაფხულის სხივით გაბრწყინდა,
ისევ სიყვარულს ადიდებდნენ პირველ ყოვლისა,
რომ აპოვნინათ თანაგრძნობა გულისტოლისა.
თვალნი მწუხარნი კვლავ მივაპყარ ყვავილთა ღაღანს,
და რა ვიხილე თვალთა ჩემთა გასაოცებლად! –
ყველაზე ნაზი და ლამაზი იმ ყვავილთაგან,
რაც კი ოდესმე ზმანებია კაცის ოცნებას, -
ბაღში იდუმალ მოსულიყო, მზის შუქი ადგა.
შევკრთი ანაზდად, მოხიბლული სათნო იერით,
სისხლმა იყივლა, გულმა მიწყო ჩქროლვა ძლიერი.
ვიდექი ერთხანს დამფრთხალი და აცეტებული,
ნეტარ ბურანში იძირვოდა ჩემი გონება;
მთელი არსება მქონდა მისით განათებული,
ცად მიმაფრენდა მისი ხილვის სიამოვნება,
და რაწამს თვალი იხილავდა, გული მონებდა;
არ უხმარია მას მზაკვრობა ჩემთა დუშმანთა,
მისი მონობა გულს სასურველ ბედად უჩანდა.
სენაკში შეველ, მაგრამ უკან მოვბრუნდი წამსვე,
კვლავ ბაღს გავხედე, - მიდიოდა ნაზი ასული,
ორი დიაცი ახლდა მხლებლად; ხეივანს გასცდნენ,
ვიდექ, ვუცქერდი აღტაცებით წრეგადასული;
ვიდექ, ვუცქერდი და ჩემს გულში ვფიქრობდი ასე:
ჰოი, ასულო, მიწიერთა ხარ ნაშიერი,
თუ ხარ ზეციდან მოვლენილი ქალის იერით!
იქნება ღმერთი კუპიდონის კეთილ გუნებით
ამ ტყვეობიდან ჩემი დახსნა ვალად იდევი,
იქნებ თვითონ ხარ შენ ქალღმერთი დედაბუნების
და ყვავილები ნაძერწია შენი თითებით!
ვინ ხარ, ასულო, მიპასუხე, შენ გეკითხები!
ვით გცე თაყვანი მშვენიერს და მწყაზართვალებას
ან რა ლოცვები აღუვლინო შენს ბრწყინვალებას!
თუ ხარ ღმერთქალი და სასჯელი ინებე ჩემად,
დავმორჩილდები და გავუძლებ ყველა გასაძლებს,
თუ არ ხარ ღმერთი, რად მომაგებ სულიერ გვემას,
უფალი შენი ამ სიმკაცრის ფასად რას გაძლევს?
უბედურ ტუსაღს ნუ შეუცვლი კაეშანს ცრემლად!
ვინც მთელი არსით თაყვანსა გცემს სათნოს და ლამაზს,
მოიღე მისდა მოწყალება, - გენუკვი ამას!
როს მოვათავე ჩემს იღბალზე ოხვრა-გოდება,
და შემოვბრუნდი უბედობით გულდაჩაგრული,
უკვე მოესწრო ტრფობას ჩემთვის ცეცხლის მოდება
და სიყვარულის ქარბორბალში ვიყავ ჩაბმული;
ბუნება ჩემი, სახე ჩემი, აზრი და ნება,
ჭკუა-გონება, ხასიათი, გული და თვალი
გარდაქმნილიყო სიყვარულის უებრო ძალით.