
ივანიშვილის გუნდს „ჯავახკის“ ლიდერი, ნორიკ კარაპეტიანი შეემატა
16:53:20     20-08-2012
ბიძინა ივანიშვილი თავის პრორუსულობს უკვე ვეღარ მალავს. გუშინ „ქართული“ ოცნების“ ლიდერი პუტინის ფავორიტ ნინო ბურჯანაძეს, შეხვდა მოგვიანებით კი მას მაღალი თანამდებობაც შესთავაზა, დღეს კი ახალქალაქში კოალიციის მაჟორიტარობის კანდიდატად მოძრაობა „ჯავახკის“ თავმჯდომარე ნორიკ კარაპეტიანი დაასახელა, რომელიც ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით გამოირჩევა.
სწორედ „ოცნების“ ფრთას შეყუჟული კარაპეტიანი ითხოვდა 2010 წელს „ეროვნული მოძრაობა ჯავახკის“ კონგრესზე ახალქალაქში რუსული სამხედრო ბაზის შენარჩუნებისა და ჯავახეთის ავტონომიას. 2010 წელს მეოცნებე მაჟორიტარობის კანდიდატი ეთნიკურ სომეხთა კომპაქტური განსახლების ადგილებში, სომხური ენის რეგიონული ენის სტატუსის მინიჭების ინიციატივითაც გამოდიოდა.
ივანიშვილმა მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენისას აღნიშნა, რომ კარაპეტიანმა უარი თქვა თავის ძველ შეხედულებებზე და ამჟამად მას ქართული სახელმწიფოებრიობის საწინააღმდეგო ღირებულებები აღარ გააჩნია.
„მათ ჰქონდათ გამონათქვამები, რომლებსაც არ ვიზიარებთ. კარაპეტიანმა ადრეულ გამონათქვამებზე გააკეთა განმარტება. მისი თქმით, ეს იყო გამოწვევა იმდროინდელი ხელისუფლებიდან და პასუხი რაღაც კითხვაზე“ - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ დღეს კარაპეტიანს აბსოლუტურად განსხვავებული ხედვა აქვს.
თუმცა როგორც „პრესა.ჯი“-სთვის გახდა ცნობილი, მას აღნიშნული ორგანიზაცია დღემდე არ დაუტოვებია. რაც შეეხება თავად მოძრაობა „ჯავახკის“, მისი სახელი კონტრაბანდისა და ნარკოტიკების სახელთანაა დაკავშირებული. კარაპეტიანი „ოცნებაში“ პირველი არ არის, ვისაც სამართალთან პრობლემა აქვს. აქ უხვად არიან, თაფლისა და ძროხის ქურდები, გამომძალველები. დღეიდან მათ ნარკოტრეფიკინგში შემჩნეული კარაპეტიანიც დაემატება.