მმართველი გუნდი, ტელედებატებში მონაწილეობის მისაღებად, მზადყოფნას გამოთქვამს...

  16:12:03     20-08-2012

მმართველი გუნდი, ტელედებატებში მონაწილეობის მისაღებად, მზადყოფნას გამოთქვამს. ამის შესახებ განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა გააკეთა. „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ოპონენტებს სატელევიზიო დებატებში იწვევს. ჩვენი მიზანია გავიმარჯვოთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში. ამისთვის კი, სატელევიზიო დებატებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სატელევიზო დებატებში იწვევს ძირითადი პოლიტიკური ოპონენტების პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებს და საპარალმენტო სიის პირველ ნომრებს . საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ გაეცნონ მათ მიერ წარდგენილი პოლიტიკური ძალის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის პროგრამას. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორივე პოლიტიკური ლიდერი, ბატონი დავით ბაქარძე და ბატონი ვანო მერაბიშვილი მზად არიან პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის მისაღებად“-განაცხადა თაქთაქიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ოლიგარქმა ივანიშვილმა ქვეყნის პირველი პირი სატელევიზიო დებატებში გამოიწვია.  ექსპერტებმა ივანიშვილის ამ განცხადებას არასერიოზული უწოდეს.

მმართველი პარტიის პრესსპიკერის განცხადების შემდეგ, არ არის გამორიცხული, ტელედებატები პრემიერ ვანო მერაბიშვილსა და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს შორის გაიმართოს, ვინაიდან, როგორც ცნობილია, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, სწორედ ოლიგარქია.