გარი კასპაროვს, პოლიციელის კბენისთვის, სასამართლოში იბარებენ

  15:24:36     20-08-2012

პანკ-ჯგუფის Pussy Riot-ის წევრთა მიმართ განაჩენის გამოტანისას სასამართლოსთან შეკრებილ და პოლიციის მიერ დაკავებულ 97 ადამიანს აქტივისტს შორის ერთ-ერთი ოპოზიციონერი გარი კასპაროვია, რომელიც სხვებთან ერთად აპროტესტებდა სასამართლოს ვერდიქტს. თუმცა მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე შესაძლოა, საკმაოდ უჩვეულო ბრალდებით აღიძრას. ცნობილ მოჭადრაკეს პოლიციელის დაკბენაში ედება ბრალი.

დაკავების დროს, როცა საპროტესტო აქციის მონაწილეებს სამართალდამცველები მანქანებში ძალით სვამდნენ, როგორც ირკვევა, კასპაროვმა ერთ-ერთ პოლიციელს ხელის მტევანზე იმდენად ძლიერად უკბინა, რომ დაზარალებულს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. მან უკვე ჩვენება მისცა. პოლიციელი ამბობს, რომ ხელს ვეღარ ამოძრავებს, ექიმებმა კი დაადასტურეს, რომ ნაკბენი მართლაც ძლიერი და ღრმა არის.

ამ დროისათვის პოლიციელს ექსპერტიზა უტარდება, კასპაროვს კი ხელისუფლების წარმომადგენელზე ძალის გამოყენების გამო, შესაძლოა, 5-წლიანი პატიმრობაც დაემუქროს.

თავად მოჭადრაკე ბრალდებას უარყოფს და ამტკიცებს, რომ ის ჟურნალისტებთან საუბრისას დააკავეს და სცემეს. კასპაროვი თავად აპირებს სასამართლოში სარჩელის შეტანას.

რუსეთის ვიცე-პრემიერმა დიმიტრი როგოზინმა, მას შემდეგ, რაც კასპაროვის ნაკბენით დაზარალებული პოლიციელის ამბავი შეიტყო, შს მინისტრს თავის სისტემაში ცოფის საწინააღმდეგო აცრების ჩატარება ურჩია.