სეპარატისტები, მაღალჩინოსნის მკვლელობის მომზადებას, ქართველს აბრალებენ

  11:28:27     20-08-2012

18 აგვისტოს, რუსული სააგენტო „ინტერფაქსის“ მიერ გავრცელებულ  ცნობაზე დაყრდნობით, „კომსომოლსკაია პრავდამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 7 აგვისტოს აფხაზეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქე ეჭვმიტანილია სამხედრო მაღალჩინოსნის მკვლელობის მომზადებაში.

როგორც გამოცემა იუწყება, ოჩამჩირის შინაგან საქმეთა განყოფილების მილიციის მიერ, იმ სახლიდან, სადაც“ ინტერფაქსის“ მიერ გავრცელებული ცნობით, საქართველოს მოქალაქე ზურაბ თორაძე იმყოფებოდა, ამოღებულ იქნა მაყუჩიანი „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი ვაზნებითა და სათადარიგო მჭიდითურთ, ასევე 7,62 კალიბრის მაყუჩიანი „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატი და 60 ვაზნა.

როგორც „ინტერფაქსისთვის“ მარიონეტული რეჟიმის შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადებიათ, „დაკავებული აფხაზეთში საქართველოდან ჩავიდა ე.წ. თავდაცვის სამინისტროს ერთ–ერთი მეთაურის მკვლელობის მიზნით“.

ყველაზე საინტერესო მაინც ისაა, რატომ არ გაახმაურა ეს ფაქტი აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამდენი ხნის მანძილზე, თუ მათ მართლაც ჰქონდათ რაიმე მტკიცებულება. 7 აგვისტოს დაკავებული „საშიში დამნაშავის“ შესახებ ინფორმაციაზე ამდენი ხნის მანძილზე (18 აგვისტოზე) კრინტი არ დაეძრათ, მსგავსი რამ მათ არ ჩვევიათ. თანაც არც იმ სამხედრო მაღალჩინოსნის ვინაობა სახელდება, ვის მიმართაც უნდა განხორციელებულიყო ეს სავარაუდო ტერაქტი.

გამომდინარე აქედან, უნდა ვიფიქროთ, ამდენი ხანი ე.წ. აფხაზ სამართალდამცველებს იმიტომ დასჭირდათ, რომ ის მცირე საბრძოლო არსენალი, რომელიც ვითომ იმ სახლიდან ამოიღეს, საიდანაც ზურაბ თორაძე აიყვანეს, იქ ჩაედოთ თითქოს „მტკიცებულების“ სახით და თან რაღაც მტკიცებულების მსგავსი ვერსიაც შეემუშავებინათ, რაც აფხაზ ძალოვანებს საერთოდ სჩვევიათ.