რობერტ ბერნსი - „დაუსტვინე, ჩემო ბიჭო, და გავჩნდები შენთან!“

  09:45:44     20-08-2012

ორიოდე დღის წინ მურმან ლებანიძის გარდაცვალებისადმი მიძღვნილ პუბლიკაციაში ვწერდით, რომ ჩვენს საყვარელ პოეტს თარგმნილი აქვს რობერტ ბერნსის ლექსები. დღეს პრესა.გე-ს მკითხველებს ვთავაზობთ მის მიერ თარგმნილ ლექსს რობერტ ბერნსისა „დაუსტვინე, ჩემო ბიჭო, და გავჩნდები შენთან!“

დიდი შოტლანდიელი პოეტი, ფოლკლორისტი და პატრიოტი რობერტ ბერნსი განსაკუთრებულად უყვართ შოტლანდიელებს. 25 იანვარი შოტლანდიელი ხალხისათვის დღესასწაულია - რობერტ ბერნსის (Robert Burns, გელურად - Raibeart Burns) დაბადების დღე, ის აღინიშნება მთელს შოტლანდიაში და მსოფლიოში, მისი პოეზიის თაყვანისმცემლების მიერ  - Burns supper.

XVIII საუკუნე შოტლანდიური კულტურის აღმავლობის ხანაა. ამ  მოვლენის დაგვირგვინებად ითვლება რობერტ ბერნსის შემოქმედება. მან საბოლოოდ დაუმკვიდრა ეკლესიისა და სახელმწიფოს სტრუქტურების მიერ უარყოფილ „ჩრდილოურ დიალექტს“ თავისი ადგილი პოეზიაში, ისევ აქცია შოტლანდიური ენა, - რომელიც უკვე ინგლისურის დიალექტად ქცეულიყო, - პოეზიის ენად.

როგორც ვთქვით, დიდი პოეტი დაიბადა 1759 წლის 25 იანვარს პატარა დაბა ალოუეიში, ეირშირის საგრაფოს ქალაქ ეირთან (გელურად Inbhir Àir) ახლოს. მამამისი, უილიამ ბერნესი (William Burness) ღარიბი გლეხი იყო. ოჯახს უჭირდა. მომავალი პოეტი უფროსების მხარდამხარ შრომობდა.

1783 წლიდან წერდა ლექსებს. 1784 წელს გარდაიცვალა პოეტის მამა. რობერტმა სცადა მეურნეობისათვის მიეხედა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. 1786 წელს გამოვიდა მისი პირველი წიგნი: „პოემები, უმეტესად შოტლანდიურ დიალექტზე“ („Poems, Chiefly in the Scottish dialect“... ამას მოჰყვა სხვა წიგნებიც. მალე მთელს შოტლანდიაში გაითქვა სახელი.

რობერტ ბერნსს პატიოსანი სიღარიბის მომღერალს უწოდებენ. მისი აზრით, უბრალო, ღარიბი ადამიანები, მიუხედავად იმისა, რომ საჭმელით აკლიათ, სასმელიც, ტანსაცმელით, უფრო მეტად მორალურნი და ხშირ შემთხვევაში გონიერნიც არიან, ვიდრე გაქსუებული დიდკაცები. ამაზეა ლაპარაკი იმ ნაწარმოებშიც, რომელსაც დღეს ვთავაზობთ მკითხველს. ამავე ნაწარმოებში არისტოკრატიული წოდებების გაუქმება, ადამიანთა გათანასწორებაც იწინასწარმეტყველა.

ბერნსის პოეზია ძალიან შეუყვარდა უბრალო ხალხს, ის მათთვის გასაგებ ენაზე წერდა, მათთვის გასაგებ პრობლემებზე, მათ უმღეროდა. ის ხომ უბრალო შოტლანდიელების ფოლკლორით და ცხოვრებისეული სიბრძნით აღზრდილი პოეტი გახლდათ. სწორედ ამაში ხედავდა გოეთე მისი პოეზიის სიდიადის საიდუმლოს.

1787 წელს გადავიდა ედინბურგში. იქ გაიცნო ფოლკლორისტი ჯეიმს ჯონსონი, რომელთან ერთადაც გამოსცემდა კრებულს: „შოტლანდიური მუსიკალური მუზეუმი“ („The Scot’s Musical Museum“). ამ გამოცემაში გამოაქვეყნა მის მიერ გადამუშავებული არა ერთი შოტლანდიური ბალადა და თავისი ნაწარმოებები.

ცოტაოდენი ქონებაც დააგროვა. უნდოდა თავისი პატარა ქონება ფერმაში დაებანდებინა, მაგრამ ყველაფერი დაკარგა. 1791 წელს დაიწყო მუშაობა აქციზების შემგროვებლად.

ჰყავდა სამი ქორწინების გარეშე შობილი ქალიშვილი. 1787 წელს დაქორწინდა თავის ძველ შეყვარებულზე - ჯინ არმორზე, რომელთანაც შეეძინა ხუთი შვილი.

პოეზიისთვის უფრო მეტს მოიცლიდა, რომ ჰქონოდა საარსებო შემოსავალი, სამუშაო კი ბევრ დროს ართმევდა. მაინც ღარიბად ცხოვრობდა. სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე, ვალების გამო, კინაღამ ციხეში მოხვდა,

დიდი პოეტი გარდაიცვალა 1796 წლის 21 ივლისს დამფრისში, 37 წლის ასაკში. ერთ-ერთ მიზეზად, დაავადებებთან ერთად, ბავშვობაში გაწეული მძიმე ფიზიკური შრომა მიაჩნიათ ბიოგრაფებს.

დაუსტვინე, ჩემო ბიჭო, და გავჩნდები შენთან!

(თარგმნა  მურმან ლებანიძემ)
 
დაუსტვინე, ჩემო ბიჭო,
და გავჩნდები შენთან!
დაუსტვინე, ჩემო გიჟო,
და გავჩნდები შენთან!
გაგიჟდება მამაჩემი,
შეიშლება დედა, -
სულ ერთია, დაუსტვინე
და გავჩნდები შენთან!
მაგრამ ჭკუით მოიქეცი,
რაკი ქალთან მიხვალ:
კუტიკარის მხრიდან მოდი,
არ მოადგე ჭიშკარს,
თავს ნურავის დაანახებ,
არ გაგიგონ, ვინ ხარ,
ვითომც ჩემთან კი არა და,
ვითომც სხვასთან მიხვალ.
ვითომც ჩემთან კი არა და,
სულაც სხვასთან მიხვალ.
თუ ბაზარში შემხვდე უცბად,
ანუ საყდრის კარად,
უცხოსავით შემხვდი კუშტად,
ჩამიარე მწყრალად,
ერთხელაც რომ გადმომხედო,
დამიჯერე, კმარა,
ისიც, ვითომ სხვას უყურებ,
მართლა მე კი არა!
ისიც, ვითომ სხვას უყურებ,
მართლა მე კი არა!
გაჯიქდი და იუარე
და მზად გქონდეს ფიცი,
თქვი, რომ სულაც არ მოგწონვარ,
თქვი, რომ სხვისთვის იწვი,
ოღონდ ეს კი დაიხსომე,
არსად წაგცდეს ბიჯი,
გეშინოდეს, არ წამართვას
ვინმემ ჩემი ბიჭი,
ბიჭო, მართლა არ წამართვას
ვინმემ ჩემი ბიჭი!
დაუსტვინე, ჩემო ბიჭო,
და გავჩნდები შენთან!
დაუსტვინე, ჩემო გიჟო,
და გავჩნდები შენთან!
რომც გაცოფდეს მამაჩემი,
რომც გაგიჟდეს დედა, -
სულ ერთია, დაუსტვინე
და გავჩნდები შენთან!