რომაული ფერწერა
07:43:58     20-08-2012
ახ.წ. 74 წლის 24 აგვისტოს მიწისძვრისა და ვეზუვის ამოფრქვევისგან დაიღუპა ნეაპოლის ყურესთან მდებარე აყვავებული იტალიური ქალაქები: პომპეი, ჰერკულანუმი, სტაბიუმი. ვულკანურმა ლავამ ამ ქალაქებში სიცოცხლე მოსპო, მაგრამ ფერფლის საფარქვეშ საუკუნეთა განმავლობაში ნაგებობანი მთელი მათი მოწყობილობით და მოხატულობით ხელუხლებლად ინახებოდა.
კედლის მოხატვის ტრადიცია რომში რესპუბლიკის ხანიდანვე არსებობს. იგი ემყარებოდა საგანგებოდ დამუშავებულ რთულ დეკორატიულ სისტემას. საბერძნეთიდან ათვისებული ეს ტრადიცია რომმა საკუთარ ნიადაგზე განავითარა საკუთარი მოთხოვნილებების შესაბამისად.
პომპეის II სტილი
რომაული ფერწერის ნიმუშები ყველაზე უკეთ პომპეიშია შენახული. იგი წარმოდგენას გვიქმნის ძვ. წ. II საუკუნისა და ახ.წ. I საუკუნის რომაულ ფერწერულ ხელოვნებაზე. საერთოდ, ამის გამო პომპეის კედლის მხატვრობის დახასიათება შეიძლება გავრცელდეს მთელ რომაულ ფერწერაზე.
მეცნიერებაში მიღებულია რომაული მხატვრობის დაჯგუფება ოთხ პერიოდად, ოთხ „სტილად“, რომელთაგან თითოეული საკუთარი მხატვრული სტილით, თავისებური დეკორატიული პრინციპით გამოირჩევა. იმის გამო, რომ რომაული მხატვრობის ძეგლები ყველაზე ადრე და სრულად პომპეიშია შესწავლილი, რომაული მხატვრობის ამ ოთხ ეტაპს პირობითად უწოდებენ „პომპეის ოთხ სტილს“.
ყველაზე ადრეულია ის მხატვრობა, რომელშიც შენობის შიდა კედელი შემკული იყო პლასტიკურად შესრულებული არქიტექტურული დეტალებით. ასეთია ე.წ. „პომპეის პირველი სტილი“. ასეთი ხასიათის იყო რომაული მხატვრობა ძვ.წ. II საუკუნეში. მეორენაირად ამ სტილს ინკრუსტაციულსაც უწოდებენ.
ძვ.წ. I საუკუნეში კედლის მხატვრობაში შემოდის ილუზიონიზმის ელემენტები, კედლები იფარება რთული არქიტექტურული ელემენტებითა და კომპოზიციებით, რომელნიც თეატრალური დეკორაციების შთაბეჭდილებას ტოვებენ. ამ სახის მხატვრობა „პომპეის მეორე სტილის“ სახელითაა ცნობილი. მას ხანდახან არქიტექტურულ სტილსაც უწოდებენ.
იმპერატორ ავგუსტუსის ეპოქას შეესაბამება პომპეის ე.წ. „მესამე სტილი“, რომელსაც „ეგვიპტური იერის სტილსაც“ უწოდებენ. ეს არის რომაული მხატვრობის ძეგლთა ყველაზე დახვეწილი და ბრწყინვალე ჯგუფი. კედლის სადა ფონი იყოფა ცალკეულ პანოებად დახატული სვეტებითა და შანდლებით, მათ შორის კი დახატულ ჩარჩოებში ჩასმული პატარ–პატარა სიუჟეტური სურათებია მოთავსებული. მხატვრები არჩევენ მითოლოგიურ კომპოზიციებს, რომლებიც გამოსახულია შესანიშნავად აგებული ფანტასტიკური პეიზაჟის ფონზე. სურათების უმრავლესობა ბერძნული მხატვრების ნიმუშების ასლებს წარმოადგენს.
მეოთხე სტილი, რომელიც „პომპეური ბაროკოს“ სახელითაა ცნობილი, სხვა პერიოდის მხატვრობისგან გამოირჩევა მეტი პომპეზურობით, ფერადოვნებით, საზეიმო ხასიათით. ეს თითქმის მეორე და მესამე სტილთა ნარევია.
დღეისათვის ცნობილია რომაული მხატვრობის შესანიშნავი ნიმუშები. პომპეის ნაგებობებში–„ვეტიების სახლში“, „ფავნის სახლში“, „ტრაგიკოსი მსახიობის სახლში“, „მისტერიების ვილაში“, რომში– ოლივიას სახლში პალატინზე, სასახლეში ესკვილინის ბორცვზე, ჰერკულანუმისა და სტაბიუმის შენობებში დაცული ფრესკები აღტაცებას იწვევენ დეკორაციული კომპოზიციების ბრწყინვალებით, ფერწერული ოსტატობის სრულყოფით.