მურმან ლებანიძე - „ხმა სამარიდან“
14:53:50     18-08-2012
ათი წელი გავიდა მურმან ლებანიძის გარდაცვალებიდან, 2002 წლის 17 აგვისტოდან...
მისი ლექსები მუდამ ქართველი კაცის გულში იქნება შენახული და უკვდავი, სანამ „არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი არ გაგვაჩნია!“
შესანიშნავი პოეტი, მთარგმნელი და ესეისტი მურმან ლებანიძე დაიბადა 1922 წლის 14 ნოემბერს, დაბა აღსტაფაში, აზერბაიჯანში, სილოვან ლებანიძის ოჯახში.
1940 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. მეორე მსოფლიო ომის დაწყების გამო წავიდა ფრონტზე. იბრძოდა კავკასიისა და ყუბანის ფრონტებზე. 1943 წელს მძიმედ დაიჭრა და თბილისში დაბრუნდა. 1945 წელს სწავლა განაგრძო უნივერსიტეტში, რომელიც 1948 წელს დაასრულა. 1948 წელს დაქორწინდა ელენე ჭავჭავაძეზე.
1946 წლიდან მუშაობდა საყმაწვილო-სალიტერატურო გაზეთების რედაქციებში. მოღვაწეობდა საქართველოს ბეჭდვითი კომიტეტის მთავარ რედაქტორად. 1975-1978 წლებში იყო ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის პასუხისმგებელი მდივანი, მერე თავმჯდომარის მოადგილე (1978-1994), 1994 წლიდან თავმჯდომარე. გახლდათ შოთა რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი.
მურმან ლებანიძის ლექსების პირველი კრებული 1950 წელს გამოქვეყნდა.
ეწეოდა მთარგმნელობით მოღვაწეობას. მან თარგმნა იაპონური, კლასიკური და ძველი ეგვიპტური პოეზიის ნიმუშები, რადიარდ კიპლინგის, რობერტ ბერნსის ლექსები. შექმნა რუსული კლასიკური პოეზიის მიკროანთოლოგია (კრებული „უკვდავი ყვავილები“, 1971).
მურმან ლებანიძის ლექსები თარგმნილია რუსულ, სომხურ, აზერბაიჯანულ, უკრაინულ, ფრანგულ, გერმანულ და ჩეხურ ენებზე.
იგი დაჯილდოებული იყო შრომის წითელი დროშის, „საპატიო ნიშნის“, ღირსების ორდენებით. მიღებული ჰქონდა შოთა რუსთაველის, გალაკტიონისა და სახელმწიფო პრემიები. 1995 წელს აირჩიეს თბილისის საპატიო მოქალაქედ.
როგორც ვთქვით, მურმან ლებანიძე გარდაიცვალა 2002 წლის 17 აგვისტოს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
გავიხსენოთ მისი რამდენიმე ლექსი.
ხმა სამარიდან
(შთამომავლობას)
ხალხით ავსებულ
ნაპარტახალ სოფლებს სალამი!
ეს მე ვიყავი
სული მედგა ვიდრემდის პირში,
რომ ვჩურჩულებდი:
“ოჰ, უფალო, მომეც ძალა მე,
გადაშენების
ვზიდო ბოღმა, ეჭვი და შიში!”
ცრემლს რომ ვმალავდი,
ჭირშიმყოფელს არ გთვლიდი მკვიდრებში,
მშობლის სახელი
მაბოდებდა ჩემ ამაყ მთებში
განახლებული
როსმე მძლავრი ქართული ჯიში..,
* * *
შენ მეკითხები: რას ვაპირებ აწი და აწი!
რას შეიძლება
აპირებდეს
ჩემი ხნის
კაცი?!
ვაპირებ იმას, რაშიც შაურს არავინ გიხდის:
კოხტად,
ლამაზად
დაბერებას,
ლამაზად _
სიკვდილს!
შენ რა, საერთოდ მეკითხები, გავიგო ასე,
თუ ყოველდღიურს?!
რას ვაპირებ,
დავუშვათ,
ხვალ-ზეგ?!
თუ აგრეა და, ჩაკარებას ველი დეკემბრის,
თოვლი მიყვარს და
ჩამოთოვოს
მთები ეგების...
ველი ფანჯრების
ამოგმანვას... თოვლით და ჭირხლით, -
განვაგრძო
ჩემი მოწყენილი
„ოთახის ციკლი!“.
* * *
კაცური კაცის ცხოვრება, -
გზა, წიგნი სისხლით ნაფერი, -
ხელახლა აიწონება,
ხელახლა - სუყველაფერი!
მედროვის ყალბი დიდება, -
მკვახედ და მკუხედ ნამღერი, -
ხელახლა გაიჩითება,
ხელახლა სუყველაფერი!
გაზაფხულს წყალი დიდდება -
იქნება მწუთხე ნაპირი!
იქნება ჯვარცმა, კირთება -
ხელახლა წაიკითხება,
ხელახლა -
სუყველაფერი!
* * *
უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი
არა დაღვრილის, - დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!
მე დავინახე სვეტიცხოვლის თორმეტი სვეტი,
თოთხმეტი ციხე ზეგნებიდან ლაჟვარდს გასჩრია...
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!
მშვენიერია ორ-ზღვას-შუა კავკასის ხედი
და კითხვა: „ვინ ვის?!“- ბებერ გულში ლახვრად მაჩნია...
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი,
არავითარი სხვა გზა, სხვა ხსნა
არ გამაჩნია!