მინისტრის ვიზიტი „ჰოჰენფელსის“ სამხედრო ბაზაზე

  08:25:28     18-08-2012

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გერმანიაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზა „ჰოჰენფელსი“ მოინახულა. აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვან მზადყოფნის ცენტრში (JMRC) ISAF-ის მისიისთვის III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის და I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის ქართველი სამხედროების მოსამზადებელი წვრთნები მიმდინარეობს. დიმიტრი შაშკინი მიმდინარე წვრთნებს დაესწრო და ამერიკელი სამხედროების მიერ ქართველი ჯარისკაცების მომზადების პროცეს დეტალურად გაეცნო.

საქართველოს თავდაცვის მინისტრს „ჰოჰენფელსის“ საწვრთნელ ბაზაზე აშშ-ის ევროპის სარდლობის დაგეგმვის, პოლიტიკისა და სტრატეგიის დირექტორის მოადგილემ კონტრადმირალმა მარკ მონტგომერიმ უმასპინძლა. ამერიკელმა პარტნიორებმა დიმიტრი შაშკინს და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობას ქართველი სამხედროების მომზადების პროცესის დეტალური სქემა წარუდგინეს.

„ჰოჰენფელსის“ სამხედრო ბაზაზე სასწავლო ვითარება ავღანეთში არსებულ გარემოსთან მაქსიმალურადაა მიახლოებული. შექმნილია იმიტირებული ავღანური ქალაქი, სადაც ქართველი სამხედროები ავღანეთის ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციის დამყარებას და ავღანეთში ყოფნისას  საჭირო სხვა უნარ-ჩვევებს სწავლობენ, ეგუებიან იმ გარემოს, სადაც სამშვიდობო მისიის შესრულება მოუწევთ.

,,ჰოჰენფელსის’’ საწვრთნელ ბაზაზე ამერიკელი ინსტრუქტორები ქართველ სამხედროებს ამბოხებულთა საწინააღმდეგო (COIN) ოპერაციების წარმოებას, საბრძოლო ველის მომზადებას, გაწმენდას, შენარჩუნებასა და უსაფრთხოების დაცვას ასწავლიან.

„ჰოჰენფელსი“-ში მომზადების დასრულების შემდეგ ქართველი სამხედროები ავღანეთში  გაემგზავრებიან და ჰელმანდის პროვინციაში ამერიკული კონტიგენტის შემადგენლობაში საერთაშორისო ტერორიზმს შეებრძოლებიან.  მათი მთავარი ამოცანა პროვინციის სამოქმედო არეალში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით პატრულირება და მოძრავი საკონტროლო საგუშაგოების მოწყობა იქნება.

საქართველო ISAF-ის სამშვიდობო მისიაში 2009 წლიდან მონაწილეობს. ამ დროის განმავლობაში „ჰოჰენფელსის“ საწვრთნელ ბაზაზე ამერიკელი პარტნიორების მიერ ორი ათასზე მეტი ქართველი სამხედრო მოსამსახურე გადამზადდა. მათ ნატოს კოალიციურ ძალებთან ერთად საკუთარი წვლილი შეაქვთ მსოფლიო უსაფრთხოებისთვის ბრძოლაში, რაც საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს.

mod.gov.ge