ბიძინა ივანიშვილი: რუსეთთან ომი საქართველომ დაიწყო

  22:05:20     17-08-2012

ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ 2008 წელს რუსეთთან ომი საქართველომ დაიწყო. ივანიშვილმა ეს პოზიცია „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში კიდევ ერთხელ დააფიქსირა. 

ჟურნალისტის შეკითხვაზე,  დღესდღეობით ქვეყნის თავდაცვას ბიუჯეტის სოლიდური ნაწილი მიაქვს, თქვენს შემთხვევაში როგორ გადანაწილდება თანხები, ივანიშვილი პასუხობს: „კონკრეტულ შეფარდებებს ბიუჯეტში ახლა ვერ დავასახელებ, მაგრამ რაც სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ გააკეთა ამ კუთხით, უამრავი უმეცრება შეიძლება დავინახოთ. დაწყებული ტანკების შესყიდვიდან, შემდეგ იმ ავანტურაში ჩართვით, როგორც დაიწყეს ომი. რაც დაფინანსება იყო, ქარს და წყალს გაატანეს“.

ბიძინა ივანიშვილმა რუსეთ - საქართველოს შორის 2008 წლის ომზე პირველი განცხადება მისი პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ჩატარებულ პირველსავე პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მაშინ ივანიშვილი აცხადებდა, რომ საომარი მოქმედებები ქართულმა მხარემ დაიწყო. მოგვიანებით ივანიშვილმა საკუთარ განცხადებებში საომარი მოქმედებები „ომით“ ჩაანაცვლა. „პრესა.ჯი“-მ მაშინ გამოკითხვა ჩაატარა კოალიციის წევრებს შორის, თუ ვინ იზიარებდა ოლიგარქის შეფასებას.

ირაკლი სესიაშვილმა მაშინ განგვიცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს ომი არსად უხსენებია და რომ ის საომარ მოქმედებებზე საუბრობდა. სესიაშვილმა, როგორც სამხედრო ექსპერტმა ისიც გაიხსენა, რომ საომარი მოქმედებების დაწყება და ომის დაწყება სხვადასხვაა.

ჩვენ შეკითხვაზე, მისი აზრით ვინ დაიწყო ომი სესიაშვილმა გვიპასუხა, რომ ომი რუსეთმა დაიწყო, საომარი მოქმედებები კი ქართულმა მხარემ.  ანალოგიური პასუხი გაგვცა კოალიცია „ქართული ოცნებისა“და პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საინიციატივო ჯგუფის წევრმა გიორგი ვოლსკიმ.  

როგორც ჩანს კოალიციაში სხვაგვარად ფიქრობენ, ივანიშვილი კი ირწმუნება, რომ ომი საქართველომ დაიწყო.

წყარო