ივანიშვილის „დემოკრატია“: ოლიგარქი, წინასაარჩევნოდ, მხოლოდ საკუთარი ტელევიზიის ეთერით ისარგებლებს...

  16:30:12     17-08-2012

ოლიგარქი ივანიშვილი მწვავე შეკითხვებს კვლავ გაურბის. როგორც ცნობილი ხდება, ის საკუთარი ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ეთერით ტელეხიდს მოაწყობს, სადაც  მოქალაქეთა მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს. ეს შეკითხვები, მილიარდერის სურვილისამებრ, ცხადია, წინასწარ მკაცრად გაცხრილული იქნება.  

კოალიციის პრესპიკერი მაია ფანჯიკიძე ჩვენთან საუბრისას განმარტავს, რომ ამ დროისთვის ტექნიკური საკითხები ზუსტდება. ჩვენ შეკითხვაზე, მზად არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი სხვა ტელევიზიის ეთერში დაჯდეს და უპასუხოს მოქალაქეთა შეკითხვებს, ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ დანარჩენ ტელევიზიებს შეუძლიათ მხოლოდ ეთერში გაუშვან „მეცხრე არხის“ მიერ მომზადებული ტელეხიდი.  

ფანჯიკიძის განმარტებით, მოქალაქეებს „მოემსახურებიან“ ასევე ჟურნალისტებიც, თუმცა ეს ჟურნალისტები „მეცხრე არხის“ თანამშრომლები იქნებიან.

ტელეხიდთან დაკავშირებული დეტალების გასარკვევად, „პრესა.ჯი“ს ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ გენერალურ დირექტორს, კახა ბექაურს დაუკავშირდა, თუმცა მან ჩვენთან საუბარი არ ისურვა. როგორც ჩანს ბიძინა ივანიშვილი სხვა  არხების ერთერში დაჯდომას და პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

კოალიციის ლიდერი უკვე გამოიწვიეს დებატებში „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერებმა. პარტიის პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა „პრესა.ჯი“-სთან საუბრისას ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარ ტელევიზიაში კი არ უნდა შეიყუჟოს, არამედ ღიად გამოვიდეს და ნებისმიერ ეთერში დაჯდეს მათთან ეთერში.

„ჩვენი მოწოდება დებატებში მონაწილეობასთან დაკავშირებით კვლავ ძალაში რჩება. კი ჩამალულები არიან საკუთარ ტელევიზიებში, მაგრამ სადაც უნდათ იქ დასხდნენ ივანიშვილიდან დაწყებული, მათი კოალიციის ნებისმიერი წევრით დამთავრებული. არსენასი არ იყოს, მაინც გამოჩნდება შავი და თეთრი“- განუცხადა „პრესა.ჯი“-ს გიორგი გუგავამ.

 ბიძინა ივანიშვილმა ამ დრომდე მხოლოდ იმ მედიასაშუალებებს მისცა ინტერვიუ, რომლებიც მის მიმართ ტკბობის პოზიციით გამოირჩევიან. ამ დრომდე ოლიგარქი მხოლოდ ტელეკომპანია „მაესტროს“ „კავკასიის“ და ერთ-ერთი რეგიონალური ტელევიზიის ეთერში იმყოფებოდა.

არჩევნებამდე კი ტელეკომპანია „მეცხრე არხით“ ექვსჯერ ისარგებლებს.

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი დავით პაიჭაძე ამბობს, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის დღიდან აქვს მცდელობა მოიწვიოს კოალიციის ლიდერი ეთერში, თუმცა არცერთხელ თანხმობა არ მიუღია.

„ როდესაც იღებ სტაბილურ უარს, შემდეგ ზრდილობის გულისთვის ასეთ შეთავაზებებს წყვეტ. ბოლო დროს ჩვენ თხოვნა აღარ გაგვიგზავნია. თუმცა კოალიცის წევრებს, როგორც რესპონდენტებს როცა ვხვდები აღვნიშნავ, რომ გვსურს ივანიშვილს ინტერვიუ ჩამოვართვათ. რაც შეეხება დებატებს, ეს სხვა ფორმატია. მას სჭირდება სტუდია და ა.შ. თუმცა დებატებს ვინ დაეძებს, ინტერვიუზე მოვიდეს და... მაგრამ ახლა რომ გვითხრან დებატებზე თანხმობა, ერთ საათში ჩვენ მზად ვიქნებით. ჩემი ეთერი ღიაა ივანიშვილისთვის, თუნდაც ინტერვიუზე და თუნდაც დებატების ფორმატში“-განუცხადა „პრესა.ჯი“-ს პაიჭაძემ.

ბიძინა ივანიშვილის ეთერში მისვლა რამდენჯერმე შესთავაზა ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ, თუმცა უარი მიიღო. ოლიგარქი არ დასთანხმდა არცერთ შემთავაზებას, რომელიც ტელეკომპანია „რეალ ტვ“-სგან მიიღო. აღსანიშნავია, რომ „პრესა,ჯი“-მ რამდენჯერმე სთხოვა ბიძინა ივანიშვილის პრესპიკერს დაგვთანხმებულიყო ინტერვიუზე, თუმცა უარი მივიღეთ.

როგორც ჩანს, ოლიგარქი მხოლოდ საკუთარი ფინანსებით შექმნილ მედიასაშუალებებში გრძნობს თავს მყუდროდ და მხოლოდ იქ თანხმდება ეთერში მისვლას.