საქართველოს, რუსები პასპორტებიდანაც ამოშლიან

  08:10:11     17-08-2012

რუსებს ქართველების მიმართ სიძულვილი ბოლო ხანებში განსაკუთრებით გაუმძაფრდათ. ჯერ იყო და ისევე, როგორც 2006 წელს, ახლაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ქართველებზე ნადირობა გამოაცხადეს. ქართული წარმოშობის ყველა არალეგალს ვიპოვით და ქვეყნიდან გამოვაძევებთო, გამოაცხადეს და შეუდგნენ კიდეც საქმეს. პირველი ორი მსხვერპლი თბილისმა უკვე 16 აგვისტოს მიიღო.

თუმცა, აქედან არალეგალი მხოლოდ ერთი გახლდათ, ხოლო მეორეს რუსეთის მოქალაქეობა კი ჰქონია მიღებული, მაგრამ, რადგანაც პასპორტში დაბადების ადგილად საქართველო იყო მითითებული, ისიც გამოაძევეს ქვეყნიდან. სამაგიეროდ, რუსები აფხაზი და ოსი სეპარატისტების მიმართ განსაკუთრებით რომ ზრუნავენ, ვერც ამ ფაქტს გავექცევით ვერსად.

მეტიც. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გააკეთა, რომ რუსეთის მოქალაქეობის მქონე აფხაზეთის მცხოვრებლებს პასპორტებს შეუცვლიდნენ. საუბარია იმათზე, ვისაც გრაფაში „დაბადების ადგილი“ საქართველოს სსრ, ან საქართველო უწერიათ. ანუ ყველას პასპორტს გამოცვლიან, რადგანაც ყველა მათგანი საქართველოს შემადგენლობაში შემავალ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაშია დაბადებული.

როგორც აფხაზეთის მარიონეტული ხელისუფლების ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, „რესპუბლიკის“ ის მოქალაქქები, ვისაც რუსეთის ფედერაციის საზღვარგარეთულ პასპორტებში მსგავსი ფორმულირებები უწერიათ, შეუძლიათ დიპლომატიურ წარმომადგენლობას, ან  რუსეთის საკონსულო დაწესებულებებს „მოტივირებული განცხადებით“ მიმართონ ადრე მათთვის გაცემული პასპორტების შეცვლის აუცილებლობის შესახებ, რის  შემდეგაც მათზე გაიცემა რუსეთის ფედერაციის ახალი პასპორტები,სადაც ფორმულირებები შეცვლილი იქნება.

როგორც ინტერნეტ–გამოცემა korrespondent.net იუწყება, ამიერიდან მათ გრაფებში „დაბადების ადგილი“ ჩაწერილი იქნება „აფხაზეთი“.

 როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში korrespondent.net–ს განუმარტეს, ამის თაობაზე თურმე აფხაზეთის „მთავრობასთან“ არსებობს შეთანხმება, რომ „მოტივირებული განცხადების“ შემთხვევაში ასეთი პასპორტები შეცვლას ექვემდებარებიან.

შეგახსენებთ, რომ რუსებმა აფხაზებზე  და ცხინვალელ ოსებზე რუსული პასპორტების უკანონოდ გაცემა 2002–2003 წლებში დაიწყეს. საქართველომ ეს აქტი „მცოცავ აგრესიად“ შეაფასა. სწორედ ეს უკანონო პასპორტიზაცია გახდა იმის ფორმალური მიზეზი, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ჯარები, თითქოს „საკუთარი მოქალაქეების“ დაცვის მიზნით ცხინვალში შეიჭრნენ და შემდეგ მთლიანად საქართელოს ტერიტორიაზე რუსული აგრესია განხორციელდა, რაც ბოლოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციით დასრულდა.