ტომასო ჯოვანი - იტალიელი კომპოზიტორი
08:13:24     16-08-2012
ტომასო ჯოვანი ალბინონი ბაროკოს ეპოქის ვენეციელი კომპოზიტორი და ვირტუოზი მევიოლინეა. დღეისთვის, განთქმულია თავისი ოპერებით და "ადაჟიო სოლ მინორით".
ალბინონიზე ცოტა რამ არის ცნობილი. დაიბადა ვენეციაში, მამამისი ანტონიო შეძლებული გამყიდველი იყო. ტომასო ბავშვობიდანვე სწავლობდა ვიოლინოზე დაკვრას და სიმღერას. 1691 წელს, მისი პირველი ოპუსი პიეტრო ოტობონის მიუძღვნა. ცნობილია, რომ ოტობონი მუსიკის დიდი მოყვარული იყო და ეხმარებოდა ისეთ კომპოზიტორებს, როგორიც არქანჯელო კორელი. სავარაუდოდ, ალბინონიმ მევიოლინედ მუშაობა 1700 წელს ჩარლზ IVსთან დაიწყო, რომელსაც მეორე ოპუსი მიუძღვნა. 1701 წელს, მან დაწერა განთქმული სუიტები - მესამე ოპუსი, რომლებიც კოსიმო III დე მედიჩის მიუძღვნა. 1705 წელს, ის დაქორწინდა. ამ დროს მან სახელი ოპერებით გაითქვა როგორც ვენეციაში, ისე გენუაში, ბოლონიაში და ნეაპოლში. ამის შემდეგ, დაწერა სოლო სონატები და კონცერტები ჰობოისათვის. სხვა კომპოზიტორის განსხვავებით, ალბინონი არასოდეს არ მოღვაწეობდა ეკლესიაში და არ წერდა საეკლესიო მესებს, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ მუსიკას დამოუკიდებლად წერდა. დაახლოებით 1740 წელს, პირველად დაიბეჭდა ალბინონის სავიოლინო სონატები.
მან დაწერა 50 ოპერა, რომლიდანაც 28 დაიწერა ვენეციაში 1723 - 1740 წლებში. ალბინონის მუსიკამ ბახის ყურადღება მიიქცია და მის ნაწარმოებებზე 2 ფუგა დაწერა. ალბინონის ნაწარმოებების დიდი ნაწილი, მეორე მსოფლიო ომის დროს დაიკარგა.