ლატინინა: თუ სააკაშვილი საპასუხო დარტყმას არ მიაყენებდა, საქართველო ახლა განახევრებული იქნებოდა…

  08:03:04     16-08-2012

ცნობილმა რუსმა ჟურმალისტმა იულია ლატინინამ აგვისტოს ომის მეოთხე წლისთავზე რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით ახალი წერილი გამოაქვეყნა. ლატინინა პუტინ-მედვედევის ბოლო დღეების განცხადებებსაც განიხილავს და თავის ვერსიას წარმოადგენს, რომლის თანახმადაც ომი ცხინვალის მარიონეტულმა რეჟიმმა წამოიწყო, თუმცაღა, კოკოითმა, ფაქტობრივად, გააკეთა ის, რაც პუტინს სურდა და ხელს აძლევდა - ასეთია ლატინინას დასკვნა.

„2005 წელს მე დავბრუნდი სამხრეთ ოსეთიდან და ვუთხარი მეგობარს: „იგორ, კავკასიაში ომი იქნება და ის სამხრეთ ოსეთიდან დაიწყება“. ამის წინასწარმეტყველება რთული არ იყო. მე შემაშფოთა რესპუბლიკაში შექმნილმა ატმოსფერომ: ხმებმა „ქართველი ფაშისტების“, ნაძირალა სააკაშვილის, ბრძენი პრეზიდენტის - კოკოითის შესახებ, რომელიც ერთადერთია, ვინც ოს ხალხს გენოციდისგან ისხნის და ამასთან ერთად - საშინელმა, უკიდურესმა სიღატაკემ.

დასაქმების სრული არარსებობა: ხალხი ფულს იღებს იმისათვის, რომ სანგრებში ზის და სამშობლოს “ქართველი ფაშისტებისგან” იცავს. ყოველი სოფლის მასწავლებელი, რომელიც აგიყვანს ავნევის სიმაღლეზე, ამბობს, რომ ეს მსოფლიოს გეოპოლიტიკური ცენტრია, ცენტრი ამერიკისა და კეთილი ძალების დაპირისპირებისა. სამხრეთოსური ჰამასი. უკვე მაშინვე გასაგები იყო მომავალი ომის მოდელი, მე-20 საუკუნის მთავარი სტრატაგემა, რომელსაც ყველა იყენებდა - ჰიტლერიდან დაწყებული, პალესტინელებით დამთავრებული: ააფეთქე მტერი და როცა ის პასუხს გაგცემს, დაადანაშაულე აგრესიაში.

ვითარება ცხინვალში ხან იძაბებოდა, ხან განიტვირთებოდა. „მგლები, მგლები“ - იმდენჯერ იყვირეს, რომ შევეგუე.

ამიტომ, როცა 1 აგვისტოს პრეზიდენტმა კოკოითმა „ინტერფაქსს“ უთხრა: „ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, დავარტყათ ქართულ სოფლებს, გვაქვს ის, რითიც ამას გავაკეთებთ“, რეაქცია არ მქონია. არც იმაზე, როცა 3 აგვისტოს კოკოითმა ცხინვალის ევაკუაცია გამოაცხადა; როცა უცბად, რუსეთმა განაცხადა, რომ „მოხალისეები“ რუსეთის ყველა კუთხიდან სამხრეთ ოსეთში გროვდებიან, რათა მოიგერიონ ქართველი აგრესორი, რომელიც აუცილებლად დაესხმება ცხინვალს (და ეს მაშინ, როცა თავად რუსეთი მშვიდად აიარაღებდა კერძო პირებს), არც ამაზე მქონია რეაგირება.

და სწორედ ასე, არ რეაგირებდა მთელი მსოფლიო. არც აშშ, არც ეუთო. „მგლები, მგლები“ - ისე დიდხანს ყვიროდნენ, ისე დიდხანს ისვრიდნენ, რომ ყველამ ხელი ჩაიქნია: განიტვირთება.

ამ დროს კი, 5 აგვისტოს, ტაქტიკური ჯგუფების პირველი შენაერთები უკვე როკის გვირაბს გადიოდნენ. 6 აგვისტოს კი „უცნობია, ვისმა“ არტილერიამ, მიწასთან გაასწორა ქართული სოფლები ავნევი და ნული. ამ დროს ქართველები ყველა კარზე აკაკუნებდნენ - ეუთოში, სახელმწიფო დეპარტამენტში, სააკაშვილმა ორჯერ დაურეკა მედვედევს, მაგრამ ის ყურმილს არ იღებდა.

7 აგვისტოს თემურ იაკობაშვილი ცხინვალისკენ მიიჩქაროდა, რომ ნებისმიერ ფასად შეთანხმებულიყო კოკოითთან ცეცხლის შეწყვეტაზე.

კოკოითმა ის არ მიიღო. იაკობაშვილს უთხრეს, რომ კოკოითი ცხინვალში არ იყო. იაკობაშვილი რუსი სამშვიდობოების სარდალმა მარატ კულახმეტოვმა მიიღო და უთხრა, რომ „კოკოითი კონტროლიდან გავიდა“. მერე იაკობაშვილი წავიდა, კულახმეტოვი და კოკოითი კი ერთად გავიდნენ შეკრებილ ჟურნალისტებთან (შეგახსენებთ, ცხინვალიდან მოსახლეობა გაიყვანეს, ჟურნალისტები კი პირიქით - შეიყვანეს) და აცნობეს, რომ ისინი იაკობაშვილთან მშვიდობიანი მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე შეთანხმდნენ.

ქართველებმა ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტა გამოაცხადეს. ამის პასუხად კი საქართველოსკენ როკის გვირაბის გავლით ტანკების კოლონა დაიძრა, მანამდე კი ცეცხლი გაუხსნეს ქართულ ანკლავს, რომელიც ტრანსკავკასიურ მაგისტრალზეა - ანუ იმ ერთადერთ გზაზე, რომლითაც კოლონას ცხინვალამდე და გორამდე მისვლა შეეძლო.

აი, აქ კი, “წყეული ფაშისტი სააკაშვილი” თავს დაესხა „უდრტვინველად მძინარე ცხინვალს“, სადაც დარჩენილი არცთუ ბევრი ადამიანი ნულის განადგურებას ზეიმობდა და ბლოგებზეც წერდა: „გორში მორგის შეივსება ქართველების ცხედრებით“.

ომის მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით რამდენიმე უცნაური ინტერვიუ იქნა მიცემული. ჯერ რუსმა გენერლებმა ანონიმურ ფილმში მედვედევი იმაში დაადანაშაულეს, რომ ის „აყოვნებდა“ და მხოლოდ „პუტინის პანჩურის“ შემდეგ ამოქმედდა. შემდეგ კი ინტერვიუ მისცა პუტინმა და თქვა, რომ ის „სამ დღეს ფიქრობდა“.

მეჩვენება, რომ მათ თქვეს მცირედი, მაგრამ ძალიან მნიშვენლოვანი ნაწილი სიმართლისა:

მე ვვარაუდობ, რომ პუტინის „სამი დღე“, არის პერიოდი კოკოითის განცხადებიდან, რომ ქართველ აგრესორებს საპასუხო დარტყმას მიაყენებს, - 5 აგვისტომდე, როცა რუსეთის ჯარებმა საზღვარზე გადასვლა დაიწყეს. პუტინს არ უყვარს გადაწყვეტილებების მიღება. ის ამჯობინებს აღმოჩნდეს სიტუაციაში, როცა გადაწყვეტილებას, რომელიც მას სჭირდება, სხვები მიიღებენ. დიახ, რუსეთი დიდხანს და საგულდაგულოდ ემზადებოდა საქართველოსთან ომისთვის. მაგრამ ყოველივე ამასთან ერთად, ეს იყო გეგმა, რომელიც შეიძლება განხორციელებულიყო ცხოვრებაში, ან შეიძლება - არა.

თავისი განცხადებებით, რომ ქართველები, ეს-ესაა თავს დაესხმიან, კოკოითმა პუტინს ზუსტად ის ვარიანტი შესთავაზა, რომელიც პუტინს ყოველთვის აწყობდა. ამასთან, კონფლიქტის მთელ ესკალაციას და სხვა დეტალებს საკუთარ თავზე იღებდა დახმარების მთხოვნელი მხარე.

პუტინს არ უყვარდა სააკაშვილი, მაგრამ მას არ ჰქონია გამოუვალი სიტუაცია: საქართველოს დივერსიებს კვლავაც მოუწყობდა, ოპოზიციით და სხვა რამით. აი, კოკოითისთვის კი სიტუაცია გამოუვალი იყო. მილიარდები, რომლებიც რუსეთმა ჩადო სამხრეთ ოსეთში, გაქრა. პარალელურად, იქვე, ქართულ ანკლავში წამოიმართა სახლები, ბენზინგასამართები, მაღაზიები, გზები, საავადმყოფოები და ოსებს ამ საავადმყოფოებში რომ არ ევლოთ სამკურნალოდ, გზის გადაკეტვა უწევდათ.

როგორც არ უნდა გამოურეცხო ტვინი ხალხს, ცხადი იყო, რომ ის ადრე თუ გვიან დასვამდა კითხვებს. კოკოითს ერთადერთი გამოსავალი ჰქონდა - ქართული ანკლავის განადგურება და ხალხის სისხლში ამოსვრა.

რატომ ვფიქრობ, რომ გენერლები მართლები არიან, როცა ამბობენ, რომ მედვედევი „აყოვნებდა“?

იმიტომ, რომ როცა სააკაშვილმა საპასუხო დარტყმა მიაყენა, კრემლში, როგორც ვვარაუდობ, ძალიან დაიბნენ. მათი სცენარით, ქართველ აგრესორს უნდა შეეჩივლა გაეროსთვის, ეუთოსთვის. მაგრამ როგორც კი ქართულ სოფლებზე კვამლი ავიდა, ის აგრესიაში დაადანაშაულეს. აი, აქ კი დაიძრნენ რუსული ტანკები ნატანჯი ოსი ხალხის დასახმარებლად.

და მიუხედავად იმისა, რომ რუსული ჯარები უკვე ოსეთში იყვნენ, მიუხედავად იმისა, რომ მორიგმა კოლონამ ეს-ესაა გაიარა როკის გვირაბი და დილით ჯავასთან ქართველების ცეცხლის ქვეშ მოყვა, მიუხედავად იმისა, რომ კაპიტან სიდრისტის ჯგუფმა 8-ში დილით ცხინვალში შეღწევა ვერ მოახერხა, მიუხედავად იმისა, რომ 8 აგვისტოს დღის 3 საათზე გამოგვიცხადეს, რომ რუსეთი გზავნის ჯარებს, 5 საათზე კი გამოგვიცხადეს, რომ ცხინვალი გათავისუფლებულია (რაც სრული სიცრუე იყო) - მე ვფიქრობ, რომ გენერლები მართლები არიან. მედვედევი დაიბნა. ეს, როგორ? ჩვენ ასე არ შევთანხმებულვართ!