აფხაზები გალელებს მუდმივი ტერორის რეჟიმში ამყოფებენ და მათში „დივერსანტებს“ ეძებენ

  15:59:02     15-08-2012

მარიონეტული რეჟიმი ისევ გააქტიურდა გალის რაიონში. ქართული მოსახლეობა ოკუპანტების პროვოკაციების მსხვერპლი ხდება.

ამჯერად, ტერორის მოტივად, გალში, თითქოსდა, „ქართველი დივერსანტების“ მოქმედება სახელდება, რომლებიც მარიონეტული რეჟიმის ე.წ. უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, „ქართულ სპეცსამსახურებთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები“.

შესაბამისად, ატარებენ გაუთავებელ სპეცოპერაციებს, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება.  მაგალითად, 13 აგვისტოს მოკლეს „დივერსანტ-ტერორისტად“  გამოცხადებული ადამიანი, სამი პირი კი დააკავეს.

სპეცოპერაცია სოფელ პრომორსკისა და გუდაას (გალის რაიონი) საზღვარზე აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა ჩაატარა, რათა დაეკავებინა „ქართული დივერსიული ჯგუფის წევრი, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე დივერსიულ-ტერორისტული აქტის განხორციელების მიზნით იმყოფებოდა. დივერსანტმა შეიარაღებული წინააღმდეგობა გასწია. საპასუხო ცეცხლით ის განადგურებულ იქნა“ - წერს „აპსნიპრესი“. ლიკვიდირებული ადამიანის ვინაობა არ სახელდება.

სპეცოპერაციის ფარგლებში ასევე დააკავეს პრიმორსკის მცხოვრები პირები, რომლებიც ასევე ეჭვმიტანილნი არიან ქართულ სპეცსამსახურებთან კავშირში. ესენი არიან გოგიტა გურამის ძე ბუთბაია, პაატა გურამის ძე ბუთბაია და გურამ ივანეს ძე ბუთბაია.

თუმცა პრობლემა ამით არ ამოწურულა. სეპარატისტები აცხადებენ, რომ გალის რაიონში მსგავსი მკვლელობა-დაკავებები კვლავაც გაგრძელდება.

მართალია, ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ, მაგრამ აცხადებენ, რომ „სხვა პირების დასაკავებლად, რომლებიც შესაძლოა, კავშირში არიან დივერსიულ ჯგუფებთან, მსგავსი ღონისძიებები კვლავაც გრძელდება“.